თამთა ჩაჩანიძე
(01.05.2024)

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან კვლავ დაანოსდა, ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კანონპროექტის განხილვა დროებით მაინც გააჩეროს, თუმცა ხელისუფლების განცხადებებიდან ჩანს, რომ უკანდახევას არ აპირებს. უკან არც პროტესტანტები იხევენ და როგორც ცნობილია, აქციას უკვე რეგიონებიდანაც უერთდებიან.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით აქცია არ გაჩედება მიუხედავად იმისა, კანონს მიიღებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა. მათი განცხადებით, „ოცნებაც" არ აპირებს კანონპროექტის გაწვევას.

ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტში, სესიაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გაგრძელდა. პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა.

ოპოზიციის მოწოდება და „ოცნების" პასუხი

შეგიძლიათ თუ არა, ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა, ის რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ, - ასე მიმართა ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.

„ბოკუჩავას თქმით, ახლა ეს არის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება. „შეგიძლიათ თუ არა რომ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა, ის რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ. გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა. ეს არის ერთადერთი გონივრული [გადაწყვეტილება]", - მიმართა ბოკუჩავამ უმრავლესობას.

ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო და მიმართა, რომ აღნიშნული განცხადება არანაირ კავშირში არ არის იმ მუხლთან, რომელიც სხდომაზე განიხილება და შემდეგ ჯერზე კითხვის დასმის შესაძლებლობას საერთოდ არ მისცემს.

„არანაირ კავშირში არ არის ამ მუხლთან, ქალბატონო თინა. თქვენ შემთხვევაშიც, [დროს] იყენებთ პოლიტიკური პოზიციის დასაფიქსირებლად, როგორ ბატონი არმაზს ვუთხარი, შემდეგ ჯერზე კითხვის დასმის შესაძლებლობას საერთოდ არ მოგცემთ", - მიმართა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან, რამდენიმე დეპუტატი მათ შორის „ლელოს" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევა.

პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე დუგინი ახსენა. პარლამენტის თავმჯდომარემ სამადაშვილს უთხრა, რომ მას რეალურად კითხვა არ აქვს, რის შემდეგად მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა. სამადაშვილის მხრიდან მოწოდების გაუთვალისწინებლობის შემდეგ კი პაპუაშვილმა მანდატურს მისი გაყვანა სთხოვა.

„შეკითხვა მაქვს ამ კანონის ყველა მუხლთან დაკავშირებით. გუშინ, ალექსანდრ დუგინმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა რომ...",- თქვა სამადაშვილმა, რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პაპუაშვილმა სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

„არ გაქვთ შეკითხვა. მეორედ მოგეცით შანსი. წეღან ჩამოგართვით სიტყვა და შემეძლო, ახლა მიკროფონი საერთოდ არ ჩამერთო. ქალბატონო სალომე, გაფრთხილებული ხართ ერთხელ უკვე. მიკროფონის გარეშე გააგრძელებთ საუბარს და დაგატოვებინებთ დარბაზს. დატოვეთ დარბაზი. სალომე სამადაშვილი გაძევებულია დარბაზიდან. თავად ადგა, როგორც ჩანს, მისივე სურვილია, უჩემოდაც ადგა",- მიმართა შალვა პაპუაშვილმა სამადაშვილს.

მოვლენათა განვითარების სცენარები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, აქციები არ გაჩერდება მიუხედავად იმისა, კანონს მიიღებს უმრავლესობა თუ არა. მისი თქმით, ახლა ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, რომ შეაჩეროს განხილვა.

„დიდი ალბათობაა, რომ აქციები არ გაჩერდება. მიუხედავად იმისა, კანონს მიიღებენ თუ არა, პროტესტი ალბათ გაგრძელდება. ახლა ხელისუფლებისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ისაა, რომ მეორე მოსმენტით გახილვა დაასრულოს და კენჭისყრა გადაიტანოს შემდეგისთვის, კანონპროექტის მიღება შეაჩეროს, თაროზე შემოდოს. ამით ეს დაპირისპირება დაამთავროს, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება შიქმნას.

„სამწუხაროა რაც მოხდა, ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა და ცდილობს, რომ მომიტინგეების პროვოცირება მოახდინოს. სამწუხაროდ ამ მიზანს ჯერჯერობით აღწევს, რაც ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის გაცილებიოთ დამაზიანებელია, ვიდრე თავად ხელისუფლებისთვის. ამ ეტაპზე მაინც, რაღაც დრო ყველაფერს სჭირდება.

„პოლიციას კი არ უნდა დაუპირისპირდე, არამედ უნდა ეცადო, რომ შენს მხარეს გადმოიყვანო. აქციის მსვლელობით ისეთი ვითარება შექმნა, რომ პოლიციელმა თავად იგრძნოს, რომ უსამართლობას სჩადის და როცა შენ უპირისპირდები და რაღაცას ესვრი, ის პასუხობს და ამით ფიქრობს, რომ საკუთარ თავთან მართალია. ამიტომ ჩემი აზრით, ცოტა სხვაგვარად უნდა წარიმართოს ეს საქციელი.

„ცხადია ამ კანონის მიღება-არმიღება მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია არჩევნებზე რა იქნება. ჩვენ თუ გვინდა, რომ როგორღაც ერთპარტიულობა დავასრულოთ, ეს არჩევნების გზით უნდა დასრულდეს. მიუხედავად იმისა რევოლუციები ვარგა თუ არა და მასში ოპოზიცია გაიმარკჯვებს თუ არა, ეს ქვეყნისთვის მაინც წამგებიანი იქნება, რადგან ქუჩიდან მოსული ხდელისუფლება ყოველთვის რადიკალურია და გარანტია არაა იმის, რომ ქუჩიდან მოსვლის შემთხვევაში, იგივე არ განმეორდება.

„არჩევნებით ცვლილებით მოსული ხელისუფლება გაცილებით ზომიერია, ვიდრე ქუჩიდან მოსული. როგორი მშვიდობიანიც არ უნდა იყოს რევოლუცია, მაინც წამგებიანია და ეს ჩვენმა წარსულმა გვიჩვენა. ამიტომაც ყველაფერი მაინც კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები ზოგიერთი თავისი არსით დრაკონულია, რასაც ხელისუფლება სათავისოდ იყენებს.

„უნდა გაგრძელდეს მშვიდი, მაგრამ პრინციპული პროტესტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" უკან არ დაიხევს, რადგან ეს პრინციპის საკითხია, რასაც მმართველი პარტიისგან ითხოვს მათივე ამომრჩეველი.

„გუშინდელ მოვლენებს უწყვეტ ონლაინ რეჟიმში თვალს ვადევნებდი და სხვადასხვა ტელეარხებიდან მკაფიოდ ჩანდა, რომ ჩიტაძის ქუჩაზე მყოფ პოლიციელებს ძალიან აგრესიულად დაუპირისპირდა ექსტრემისტთა ერთი მცირე ჯგუფი, როდესაც მათ სამართალდამცველებს ორკესტრირებულად დაუშინეს ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები. რა საკვირველია, ამგვარი უკანონობა აღიკვეთა დაიკვეთება დემოკრატიულ საქართველოში თუ სხვა დასავლურ წამყვან ქვეყნებში.

„ქართული პოლიცია კანონიერ პრევენციას ახორციელებს და არა სადამსჯელო ღონისძიებებს, როგორც ამას სააკაშვილის ზონდერები აკეთებდნენ.

„გლობალური ომის პარტიის ყველანაირი რესურსით წაქეზებული რევანშიტები, რა თქმა უნდა, ტემპერატურის აწევას, პროვოკაციებს, პოლიციელებისა და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათ მრავალრიცხოვან მომხრეთა გამოწვევას შეეცდეებიან, მაგრამ ამას საზოგადოების უმრავლესობაში შევხვდებით მოთმინებით და კანონს აღასრულებენ სამართალდამცველები, ისე, როგორც ეს გაწერილია.

„ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს შემთხვევით არ ახსენა, რომ ამ კანონპროექტის დაინიცირებით ეს რადიკალური ქმედებები შემოდგომიდან გაზაფხულზე იქნა გადმოტანილი. ამით ერთი მხრივ დაიცლებიან რადიკალები და მათი სპონსორები, მეორე მხრივ ამ ნამდვილად მისაღები გამჭვირვალეობის შესახებ კანონით, გამოაშკარავდებიან ის დესტრუქციული ელემენტები, რომლებიც დემოკრატიაზე კი არა, არამედ ქვეყნის აყირავებაზე, საკუთარი პრივილეგიების და საქართველოს ვასალობის დაბრუნებაზე ზრუნავენ",- განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე ამბობს, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევს.

„ხელისუფლება უკან არ დაიხევს, ეს პრინციპის საკითხია. ამ პრინციპულობას მათგან ის უდიდესი უმრავლესობა ითხოვს, რომელიც მისი ელექტორატია. შარშან იმედგაცრუებული და გაწბილებულები იყვნენ „ქართული ოცნების" მომხრეები და არა მხოლოდ მისი მომხრეები, ესენი ძირითადად ნაცკონგლომერატის მოწინააღმდეგე ჯანსაღი უდიდესი უმრავლეოსბაა.

„წელს, უცხოეთიდან შეშფოთება-აღშფოთების ნიაღვარის მიუხედავად, ეს არ მოხდება, ეს პრინციპის საკითხია. საქართველოს დემოკრატია, სუვერენიტეტი და თავისუფალი განვითარება დაცული უნდა იყოს, არანაირი რუსული კანონით, არამედ ქართული დემოკრატიული კანონით",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე