ელზა პაპოშვილი
(21.04.2024)

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება, თუმცა, 15-17 აპრილის გამოსვლებთან შედარებით, პროტესტის მონაწილეთა რაოდენობაც და საპროტესტო მუხტიც თვალში საცემად შემცირებულია. როგორ და რა ფომრით შეიძლება აქციები გაიმართოს და არსებობს თუ არა ამაზე ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აზრთა სხვადასხვაობა?

რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მოწყობილი საგანგებო სცენა დაშლილია, პარტიებმა - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გასულ კვირას ერთობლივი განცხადებას გაავრცელეს და ამბობენ, რომ შემდეგი აქცია 29 აპრილს უნდა გაიმართოს, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სადავო კანონის მეორე მოსმენით განხილვაა დანიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები აცხადებენ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის, რათა ხალხთან ერთად ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.

ამის პარალელურად აქციები გრძელდება. ორგანიზატორები არიან მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“. დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში მართავენ მსვლელობებს და სხბადასხვა ლოკაციებზე ატარებენ მიტინგებს.

19 აპრილს ისინი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ, სადაც ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ:

„არასოდეს დავთმობთ მოქალაქის თავისუფლებას. არასოდეს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის, დათმობას ცდილობს. დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს მამულსა და ერთობლიობას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოს“.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები განსხვავებული გეგმით მოქმედებენ, მათ შრის დაპირისპირებასა და აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს.

„ერთი პათოსით, ერთი სულისკვეთებით გამსჭვალული სხვადასხვა ჯგუფი პირველობას ეცილება ერთმანეთს. რეალურად, ყველას აერთიანებს ის გეგმა, რომელსაც ჰქვია დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარეობს ეს შეუთანხმებლობაც და ორგანიზაციული საკითხების სისუსტეც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.  

არის თუ არა უთანხმოება

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ, როგორც ჩანს,  უცხოური დონორები ფსონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე აკეთებენ და არა ოპოზიციურ პარტიებზე. 

„არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და მათ დონორებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ ეს ოპოზიცია ჩარეცხილია, ბარიერის გადაკვეთა არ შეუძლიათ და არასამთავრობოებს სულ არ უნდათ ახალგაზრდები დაკარგონ და ისინი ოპოზიციამ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. სად ახლგაზრდა რომ დადგება და იტყვის, რომ აქციების ავანგარდში მე ვარ და რასაც მე მსურს იმას გავაკეთებ - ამას  სხვა ელფერი აქვს. თუმცა როგორც კი გამოჩნდებიან გვარამია, მელია, ვაშაძე და დაიწყებენ ყვირილს - ეს ხელისუფლება ახლა უნდა დავასრულოთო - ხალხის თვალში აქციები უკვე მარგინალიზებული ხდება. არასამთავრობოები ამას კარგად ხედავენ და ბოლო ყველა აქციაზე, პოლიტიკოსების დისტანცირებას ცდილობენ. ახლაც ასე ხდება“, - ამბობს მამარაძე. 

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, უდავოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვა ინტერესები აქვთ და პოლიტიკურ პარტიებს - სხვა. როგორც საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს აქციები ვერ ჩაითვლება პოლიტიკურად და ეს პოლიტიკოსებისთვის ცუდია, რადგან მათ მომხრეებს დააკლებს. 

„ახალგაზრდები, რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, პოლიტიკოსებს არ ენდობიან. მათთვის ისინი ავტორიტეტები არ არიან და რა თქმა უნდა, ეს პრობლემას ქმნის. წინასაარჩვენოდ როცა საზოგადოების ყველაზე აქტიურ და მოაზროვნე ნაწილს ვერ იმხრობ, არ გისმენენ და ვერ მიგყავს პროცესები, ასეთ პოლიტიკოსს არჩევნებზე რისი ამბცია უნდა ჰქონდეს? 

„ფაქტია, არასამთავრობოებს არ სურთ, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა, რომელსაც არანაირი  რეიტინგი არ აქვს, ქულების დაწერა სცადოს. ამიტომ არის, რომ ისინი ამ აქციებზე აღარ ჩანან. მათ გვითხრეს, რომ მეორედ მოსმენის დროს გამართავენ აქციებს. როგორც ჩანს, პოლიტიკოსები და პარტიები საკუთარი მხარდამჭერების გამოყვანას შეეცდებიან“, - ამბობს საყვარელიძე. 

რა პერსპექტივა აქვს აქციებს პოლიტიკოსების გარეშე

რამაზ საყვარელიძის თქმით, რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ გაგრძელება პროცესები, თუკი ასეთ საპროტესტო მუხტს გამაერთიანებელი პოლიტიკოსი ან პარტიული ლიდერი არ ეყოლება. მისი თქმით, უნდა თუ არა ვინმეს, აქციები ყოველთვის პოლიტიკურია და რამდენიც არ უნდა იძახონ ახალგაზრდებმა, რომ მარტო შეძლებენ რამის მიღწევას, ისინი ცდებიან. 

„ასე აქციების უსასრულად  გაგრძელება გაუჭირდებათ, ვინც არ უნდა იყოს ორგანიზატორი. მითუმეტეს პოლიტიკოსების გარეშე, გეგმის გარეშე... ასე წინ და უკან ბევრჯერ უვლიათ მომიტინგეებს და მერე რა? ამიტომ, მე ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებმა მმართველ გუნდს ჩამოართვან პირობა, რომ ამ კანონს პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს გამართავენ. სხვაგვარად საპროტესტო მუხტი მიილევა და დასასრულს არანაირი შედეგი არ ექნება“, - ამბობს საყვარელიძე.

პეტრე მამრაძე კი „რეზონანსთან“ საუბრისას შარშანდელ ინციდენტსაც იხსენებს, როდესაც აქციის მონაწილეება პარლამენტთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, მამარაძე იმასაც ამბობს, რომ ასეთი ქაოტური, უგეგმო და ულტიმატუმების ენით მოსაუბრე აქცია წარმატებას ვერ მიაღწევს და მას  მილევადი სახე ექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე