რეზონანსი
(12.03.2024)

მოუწევს თუ არა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არჩევანის გაკეთება „ნაციონალურ მოძრაობასა" და მელია-გვარამიას ერთობლივი პარტია „ახალს" შორის? ანალიტიკოსების აზრით, სააკაშვილის პოზიციას, ელექტორალური თვალსაზრისით, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. „ახალის" მიმართ მისი დამოკიდებულება კი თავად ამ პარტიის შემდგომ ნაბიჯებზე, მათ რეიტინგსა და არჩევნების წინ შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას მიერ ახალი ერთობლივი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას ენმ-ის ეგიდით შექმნილი „გამარჯვების პლატფორმის" წარმომადგენელი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პარლამენტარი პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან გარდა რუსებისა და „ქართული ოცნებისა". არსად არ წასულა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება, რომ ჩვენ ერთიანობისკენ ვართ მოწოდებული. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაში ჩვენს პარტნიორებზე. თუ ნიკა მელია და ნიკა გვარამია გადაწყვეტენ ჩვენთან თანამშრომლობას ამისათვის მზად ვართ, თუ პირიქით კონკურენციის გზას აირჩევენ მაშინ გავუწევთ კიდეც.

„ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს მოქალაქის დაკვეთაა, მისი საკითხი გახდეს დღის წესრიგის N1, ამიტომ ჩვენ ყველას ვაიძულებთ, რომ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში ჩავითრიოთ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც და თქვენ ნახავთ, 1 თვის შემდეგ ყველა ისაუბრებს საწვავის ფასზე, მაღალ ფასებზე, გლეხის გასაჭირზე, მოქალაქის ტკივილზე და ა.შ." - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა კითხვას, რომელი უფრო „ნაციონალური მოძრაობაა", „გამარჯვების პლატფორმა" თუ პარტია „ახალი" და აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილზე უფრო მიხეილ სააკაშვილი ვერავინ ვერ გახდება".

„ცნობილი გამოთქმით გიპასუხებთ, „ვერავინ გახდება რომის პაპზე უფრო კათოლიკე". მგონი გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილზე უფრო მიხეილ სააკაშვილი ვერავინ ვერ გახდება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე „ახალის" მიმართ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს და ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას არ გააკრიტიკებს, თუმცა კითხვები და მსუბუქი კრიტიკები იქნება „ნაციონალური მოძრაობიდან".

„ვფიქრობ, სააკაშვილი არ გააკრიტიკებს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას, იგი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს. შესაძლოა დასვან ლოგიკური კითხვები, მაგალითად, თუ რატომ არის „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე პარტიაში. მსგავსი ტიპის მსუბუქი კრიტიკა იქნება, თუმცა დაპირისპირებაში არ გადაიზრდება, რადგან ორივე პარტიის ინტერესებში ერთმანეთთან თანამშრომლობა შედის. ყოველ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობა არა, არც აშკარა დაპირისპირება, რადგან ყველას ერთი მიზანი ამოძრავებთ - „ქათული ოცნების" გასტუმრება ხელისუფლებიდან", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს კი მიაჩნია, რომ სააკაშვილი დაელოდება „ახალის" ბოლომდე ჩამოყალიბებას და თუ ჩათვალა, რომ ამ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, ამ შემთხვევაში სააკაშვილი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს, ხოლო თუ არ აქვს - იგი მკვეთრად დაუპირისპირდება გვარამია-მელიას ალიანსს.

„თუ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ გვარამია-მელიას პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, ამ შემთხვევაში იგი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს. უფრო მეტიც, შეიძლება ისე წარმოაჩინოს, რომ ეს პარტიაც მისია. მაგრამ თუ შეხედა, რომ ეს პარტია ბარიერს ვერ გადალახავს, მაშინ შესაძლოა მკვეთრად დაუპირისპირდეს.

„ჯერჯერობით იგი დაელოდება, თუ როგორი იქნება მომავალში ეს პარტია, საზოგადოების მხრიდან რა რეაქცია მოჰყვება და რა რეიტინგი ექნება. ამ ყველაფერს კარგად შეაფასებს და შემდეგ გადაწყვეტს თავის საბოლოო პოზიციას. დარწმუნებული ვარ ჯერ არაფერს იტყვის", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ავტორი:ნატალია ჯვარიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე