ელზა პაპოშვილი
(25.02.2024)

რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ - დარჩება ქართულ პოლიტიკაშ, დასავლეთში გააგრძელებს თავის პოლიტიკურ კარიერას, თუ საერთოდ წავა აქტიური პოლიტიკიდან? ანალიტიკოსთა შეფასებით, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, თუმცა თავად პრეზიდენტის ახლანდელი აქტოვობებიდან გამომდინარე, მაინც შესაძლებელია გარკვეული პროგნოზის გაკეთება.

სალომე ზურაბიშვილმა 6 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაზე განაცხადა, რომ ოპოზიციას „ერთიან ევროპულ პლატფორმას“ სთავაზობს. ხელისუფლებამ ეს ახალი ე.წ. „ფანჩატურის“ იდეად აღიქვა, სადაც ზურაბიშვილი არჩევნების წინ თავის გარშემო ოპოზიციას გაერთიანებას ცდილობს.

გარდა ამისა, პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს ვეტო დაადოს „ქართული ოცნების“ ინიციატივით „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს. 

მმართველი პარტია კი განსაკუთრებით გააღიზიანა ზურაბიშვილის მიერ მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა, სადაც ის 2024 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის უპირატესობაზე საუბრობს.

ყოველივე ამის გამო ხელისუფლება პრეზიდენტს ადანაშაულებს, რომ მან მიზანმიმართულად თქვა უარი შიდა პოლიტიკაში თავის ნეიტრალურ სტატუსზე, დაუპირისპირდა მმართველ პარტიას და პრაქტიკულად ცდილობს ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად. აქედან გამომდინარე, არ გამორცხავენ, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ქართულ პოლიტიკაში დარჩენა სურდეს.

მეორეს მხრივ კი, მოქმედ პრეზიდენტს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ ის თავისი რიტორიკითა და გადაწყვეტილებებით პირველ რიგში დასავლეთში ცდილობს პოზიტიური იმიჯის შექმნას, რაც შეიძლება იმას მიანიშნებდეს, რომ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური კარიერის დასავლეთში გაგრძელების შესაძლებლობაზე ფიქრობს.

დარჩენა ქართულ პოლიტიკაში

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ძალიან რთულია წინასწარ იმაზე მსჯელობა, სად წავა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ - დარჩება ქართულ პოლიტიკაში, თუ კარიერას დასავლეთში გააგრძელებს. თუმცა ანალიტიკოსი იმასაც არ აგმორიცხავს, რომ მან საერთოდ პენსიაზე გასვლა მოისურვოს. 

„რა თქმა უნდა, ხელისუფლება წინასწარ იზღვევს თავს იმისთვის, რომ თქვას - სალომე ზურაბიშვილის ქცევა, განცხადება და ა.შ., მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეა და არა სახელმწიფოსი. „ოცნება“ ამით პრეზიდენტის როლის დაკნინებას ცდილობს და ეს ლოგიკურიცაა, მასში პოლიტიკურ მეტოქეს ხედავენ. 

„თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ შემთხვევისთვის, თუკი ზურაბიშვილს 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენა სურს. საქმე ისაა, რომ მაშინ მას აქამდე პრეზიდენტის პოსტი უნდა დაეტოვებინა და გაეკეთებინა ღია განაცხადი ოპოზიციურ ფალნგზე გადასვლაზე. თუმცა მიმაჩია, რომ მას არც პრეზიდენტობა უშლის ხელს იმაში, რომ ის თქვას, რაც უნდა და იმოქმედოს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. 

„თუმცა მე ვერ ვხედავ მის ქმედებაში იმ ღია კონტურებს, რომლითაც ის ქვეყნსი პოლიტიკურ ცხოვრებააში დარჩენას აპირებს. ახლა რომ გადადგეს და თავისი პოლიტიკური პარტია შექმნას, ეს უკვე დაგვიანებულია. მაშინ უნდა გადავიდეს „ლელოში“, ან გიორგი გახარიას პარტიაში. სხვა ოპოზიციური ძალა მისთვის არ არის მისაღები. თუმცა აქაც ჩნდება კითხვა - დათანხმდება კი ის მეორე კაცად ყოფნას?“, - ამბობს ძაბირაძე. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც „რეზონანსთან“ საუბრისას ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ზურაბიშვილის ქმედებებში არ იკითხება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენის სურვილი. 

„ზურაბიშვილმა რაც არ უნდა ისაუბრობს ქვეყანაში კოალიციური ხელისუფლების შექმნაზე, მან კარგად იცის, რომ ამ არჩევნების შედეგად ვერ შეიქმნება კოალიციური ხელისუფლება. ყველა კვლევებით ჩანს, რომ „ოცნება“ იღებს უმრავლესობას და იმაზეც კი აქვთ პრეტენზია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღონ. ეს გამორიცხული არ არის, რადგან ენმ-ის მდგომარეობა ძალინ რთულია, ხოლო „ლელოს“ და გახარია კი 5%-ს დამოუკიდებლად თუ გადალახავენ, ესეც საკითხავია. ამიტომ ზურაბიშვილის ხელმეორედ გაპრეზიდენტება და მითუმეტეს, რომ ის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვერ იქნება, ამაზე შეთანხმება ოპოზიციაში გამორიცხულია. 

„მაშინ ამბიცია პრემიერობაზე უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქაც გამორიცხულია, რადგან, თუ კოალიციური მთავრობა არ იქნება და ოპოზიცია წააგებს, მაშინ ზურაბიშვილს პრემიერად ვინ წარადენს? ოპოზიციამ რომც მოიგოს, არც მაშინ არის ამის შანსი. მაშინ გამოდის, რომ „ოცნებამ“ და „ნაციონალებმა“ უნდა შექმნან კოალიცია და „ნაციონალები“ მას პრემიერად წარადგენენ? ამიტომ მგონია, რომ ზურაბიშვილი ამას კარაგდ აცნობიერებს და ის არ იღვწვის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვებაში დასარჩენად“, - ამბობს საყვარელიძე.

კარიერის გაგრძელება დასავლეთში

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სალომე ზურაბიშვილს, მისი ასაკიდან და ახლანდელი თანამდებობიდან გამომდინარე, წესით დასავლეთში კარიერის გაგრძელება არ უნდა სურდეს. თუმცა, თუკი ასეთ შესაძლებლობას მაინც განიხილავს, ამის საშუალებაც ექნება.

„არ ვიცი, ზურაბიშვილის ნაცვლად საუბარი და პროგნოზის გაკეთება რთულია. თუმცა აქაც ლოგიკას თუ გავყვებით, ის უკვე ასაკშია, მშვენიერი პოლიტიკური თანამდებობა აქვს და ძალიან თავისუფლად შეუძლია მშვიდად გავიდეს პენსიაზე. დასავლეთში არ ვიცი სად და რაზე უნდა იმუშავოს ყოფილმა პრეზიდენტმა, თუმცა, თუკი სურვილი ქნება, ალბათ მისი ბოლო დროინდელი განცხადებები და პოლიტიკური აქტიურობა საშუალებას მისცემს, რომ ჩამოყალიბდეს, როგორც პროდასავლელი ლიდერი და შემდეგ დასავლეთში დიპლომატიურ სფეროში თუ სხვა საერთაშორისო ორაგიზაციებში იმუშავებს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

რამაზ საყვარელიძეც იმ იდეისკენ იხრება, რომ ზურაბიშვილის ბოლო აქტივობები ძირითადად იმის მცდელობაა, რომ დასავლეთში პროდასავლელი ლიდერის იმიჯი შეიქმნას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მას, სავარაუდოდ, კარიერის გაგრძელება დასავლეთში სურს. 

„მისი ბოლოდროინდელი განცხადებები, ქცევა და კონსტიტუციის დარღვევით დასავლეთში ვიზიტები, ერთ რამეზე მეტყველებს - რომ მას პროდასავლელი ლიდერის იმიჯის შექმნა უნდა. ამას კი ქართულ პოლიტიკაში დარჩენისთვის არ აკეთებს. მაინც მგონია, რომ მისი ყველა ქცევა და განცახდება მიუთითებს იმაზე, რომ ის დასავლეთს თავს აწონებს. მას სურს, რომ მასში ახალი ლიდერი დაინახონ. ამისთვის კი ალბათ აქვს კონკრეტული გათვლა. 

„მას დასავლეთში კარგი ნაცნობობა აქვს. აქვს ასევე ევროპული პასპორტი და მისი იქ დასაქმება ყვველაზე მარტივი იქნება. მითუმეტეს, რომ ამისთვის ნიადაგსაც იმზადებს. ვხედავთ ბოლო დროს, როგორ ურტყამს რუსეთს და როგორ ცდილობს მოიქცეს ისე, როგორც ეს დასავლეთს მოეწონება. ამიტომ მე მაინც ამ აზრისკენ ვიხრები, რომ ის კარიერის გაგრძელებას დასავლეთში აპირებს“, - ამბობს სყავარელიძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე