ნაზი ბერიძე
(24.02.2024)

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე აღარ არის, რადგან პარტიას არ გააჩნია საკმარისი პოტენციალი და შესაძლებლობა, დაასრულოს „რუსული ოცნების მმართველობა" სახელმწიფოში. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას მომვლენების მსგავს განვითარებას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ენმ ჯერჯჰერობით მთავარ ოპოზიციურ პარტიად რჩება.

ნიკა მელია ენმ-ში არსებულ ბოლო დროინდელ კრიტიკულ ვითარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ხელოვნურმა ჩართულობამ" პოლიტიკურ გაერთიანებას ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია შეულახა.

„გულახდილად გეუბნებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კარგავს ძალას, რომ იყოს „ქართული ოცნების" მთავარი ვიზავი. ამაზე აღელვებულები არიან და განგაშის ზარი შემოარტყეს, რომ „ლელო" იქ არ არის, მელია და გვარამია იქ არ არიან. ყველა ერთი და იგივე არიან. ეს გათამაშებულია. განგებ დაიშალნენ. სიმართლეც ვთქვათ და მთელი ამ წლების განმავლობაში ამ საფრთხობელაზე იდგა და მე ამას ვიაზრებდი.

„მე როდესაც ენმ-ში მივედი, 2013 წელს, აღარ იყო სახელისუფლებო პარტია და როდესაც შევისწავლე რეალობა, მივხვდი, რომ ხელში გაქვს რაღაც პოლიტიკური აქტივი, რომელიც სავსებით არასაკმარისია გამარჯვებისთვის და პოტენციაც კი არ არსებობს ზრდის. მე დავისახე ბევრ ადამიანთან ერთად ახლებური სტრატეგია და მიდგომა. აქედან ჩნდებოდა განცდა, რომ მე მქონდა კონფლიქტი სააკაშვილთან.

სინამდვილეში იყო საკითხები, რომელზეც ვთანხმდებოდით და რომელზეც ვერა, სხვანაირად მე 2013 წელს არ შევუერთდებოდი გუნდს. თუმცა ამ მიდგომამ დაადასტურა, რომ დიდწილად იმუშავა და განსაკუთრებით ამ გადმოსახედიდან ჩანს, რა მდგომარეობაც არის ამ პარტია. ადასტურებს იმ სტრატეგიის და დამოკიდებულების სისწორეს, რომელიც ნახევარ პარტია გვქონდა. მე ვიყავი იმ ნახევრის ნაწილი, რომელიც ფიქრობდა ისე, როგორც დღეს ფიქრობს და შედეგიც სახეზეა. ხელოვნურმა ჩართულობამ ეს პოლიტიკური გაერთიანება მიიყვანე იქამდე, სადაც მიიყვანა, რომ მას საზოგადოების დიდი ნაწილი სერიოზულად აღარ აღიქვამს, მაგრამ ამის მიუხედავად წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს მელია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" „ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს მოცემულობა შეიცვალოს.

„როდესაც მელია ამას ლაპარაკობს, ვფიქრობ, მას რომ ჩამოეყალიბებინა რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება რა გავლენები აქვს და როგორ აქვს, შეიძლება გვემსჯელა იმაზე რომ მელიამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი წამოიღო და „ნაციონალური მოძრაობის" ნომერ პირველი ოპოზიციური პარტიის იმიჯი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

„პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, სრულიად რეალურია. თუ მელია სწორად ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკურ ძალას, ის „ნაციონალურ მოძრაობას" ხმებს გაუყოფს 50/50-ზე და თუ ის სწორად წარმართავს საარჩევნო კამპანიას, შეიძლება უფრო მეტიც წამოიღოს. მაგრამ, ჯერჯერობით, რაც მესმის მისი მხრიდან, ორჭოფობს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

„სხვა პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თუ არა შანსი, რომ, გახდნენ ნომერ პირველი ოპოზიცია? გააჩნია ვინ როგორ გადაჯგუფდება და ელექტორატის რა ნაწილზე ექნება პრეტენზია. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

„თუ ავიღებთ არა „ნაციონალური" წარმოშობის პარტიებს - გახარია, „ლელო", ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩიას „გირჩი" - წარმოვიდგენთ, რომ ეს რაღაცნაირად გაერთიანდა, მაშინ ასეთ პოლიტიკურ ძალას მეორეობაზე კი არა, არამედ არჩევნებში პირველი ადგილის მოპოვებაზე ექნება პრეტენზია. მაგრამ ჯერჯერობით ასეთი გაერთიანება არ ჩანს და როგორც ვუყურებ, არც მოსალოდნელია.

„რა შემთხვევაში მოხდება გაერთიანება და „ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლება? თუ ამბიციებს გვერდზე გადადებენ პოლიტიკური ძალები და მათი ლიდერები და ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ პირველ ადგილზე, ეს ასე მოხდება. საკმაოდ დიდი შანსი აქვს „ლელოს", თუ გაერთიანებისკენ წავა.

„თუ არსებული ვითარება დარჩა, მაშინ ლაპარაკია იმაზე, რომ მელიამ უნდა წამოიყვანოს უფრო მეტი ამომრჩეველი, ვიდრე „ნაციონალებს" დარჩებათ და მაგ შემთხვევაშიც „ნაცმოძრაობა" აღარ იქნება ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა. ამიტომ ეს პროცესია და ჯერჯერობით ეს ასე არ ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ არი ოპოზიციურ ძალებს შორის ლიდერი. ჯერჯერობით ის ლიდერია და პროცესი გვაჩვენებს შემდეგ რა და როგორ იქნება", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან"ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ჯერჯერობით ისევ მთავარი ოპოზიციური ძალაა, თუმცა მისი ჩანაცვლების შანსი აქვს როგორც მელიას პარტიას, ასევე გახარია პარტია „საქართველოს" და ასევე „ლელოს", „გირჩის" და „დროას" შესაძლო გაერთიანებას.

„ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობა" მაინც იქნება „ოცნების" მთავარი თუ არა, ერთერთი მთავარი მოწინააღმდეგე. იმიტომ, რომ, გვინდა თუ არ გვინდა, მას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინიგი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, რასაც სოცილოგიური კვლევები ადასტურებს.

„თუმცა, მე ასევე წარმატებას ვუსურვებ ბატონ ნიკა მელიას. ის აპირებს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას, მასაც მომხრეები ეყოლება, ვინც უჭერდა მხარს „ნაცმოძრაობას" ნიკა მელიას გუნდიდან. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კარგი იქნება მისი რეიტინგი ასევე გაიზარდოს და ისიც იყოს ერთერთი მთავარი ოპოზიციური ძალა.

„ვის ექნება „ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლების შანსი? თუ, ვთქვათ, ნიკა მელია შემოიკრებს და ალბათ შემოიკრებს ძალიან ბევრ ღირსეულ პოლიტიკოსს და ასევე თუ მოხდება, ვთქვათ, „ლელოს", „გირჩის" და „დროას" გაერთიანება, მათ უფრო კარგი შანსი ექნებათ.

„ნაციონალური მოძრაობის" მერე ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე მაღალ რეიტინგიანი არის გახარიას პარტია „საქართველოსთვის", დღეს ასეთი რეალობაა, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელსაც განახორციელებს პოლიტიკური პარტიები.

„ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს, თუ სხვა პარტიების რეიტინგი გაიზარდა და მოსახლეობის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, ვთქვათ, მელიას პარტიას, ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას და არა „ნაციონალურ მოძრაობას".

„დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობას" აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. ყველაზე მეტი მხარდამჭერი ოპოზიციურ სპექტრში „ნაცმოძრაობას" ჰყავს და თუ მხარდამჭერთა რიცხვი გაზარდა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ, შეიძლება მოხდეს „ნაცმოძრაობის" ჩანაცვლება> მაგრამ მთავარი არის „ქართული ოცნების" ჩანაცვლება სხვადასხვა პროდასავლური ძალების მიერ და კოალიციური მთავრობის შექმნა, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას", არ ჰქონდეს მონოპოლია ძალაუფლებაზე, იმიტომ, რომ ქართულ რეალობაში პოლიტიკური მონოპოლია ვერ აისახება დადებითად ქვეყანაში დემოკრატიის ინსტიტუტების განვითარებაზე და საერთო ჯამში ქვეყნის განვითარებაზე", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე