ელზა პაპოშვილი
(23.02.2024)

„არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,“ - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე აკეთებს და საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.

კობახიძე ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა ჩიხურ სიტუაციას ქმნიდა და უფრო მეტიც, ამბობს, რომ არ გამორიცხავს, არც მეტი არც ნაკლები, ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმას. კობახიძემ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე საუბრისას გააკრიტიკა „ლელო“, რადგან სწორედ ამ ოპოზიციური პარტიის წევრია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე.

ამის პარალელურად კი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიციის შეთანხმებული სცენარის მონაწილეა სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც 20 თებერვალს პარლამენტის მიერ მესამე, საბოლოო მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. ვეტოს დადების ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ის, რომ ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობას.

„შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში.

„როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს. ის 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს და ვეტოს ადებს.  

პრემიერი ირკალი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ არსებული კანონმდებლობა ჩიხურ ვითარებას ქმნის. 

„რა თქმა უნდა, ასეთი რისკები ყოველთვის არსებობს. არსებული კანონმდებლობა ქმნიდა ჩიხურ ვითარებას, როდესაც ორი წლის წინ 6 თვით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები იკავებდნენ თანამდებობას და გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, მიკერძოებული ადამიანი, ყველას გვესმის, რომ ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ მე არავითარ სცენარს, მითუმეტეს, რომ არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ, ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.   

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ  დიდი ხანია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდინარე აღარ მოქმედდებს. მამრაძე „რეზონანსთან“ ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილის მხრიდან „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებისთვის ვეტოს დადება კონკრეტული დავალების შესრულებაა. 

„უკვე დიდი ხანია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად აღარ მოქმედებს. მან უკვე იმდენი არასწორი განცხადება და ქმედება განახორციელა, რომ ეჭვიც აღარ არსებობს, ის მოქმედებს რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. დავიწყოთ იქიდან, რომ როცა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაზე უპრეცედენტო საინფორმაციო შეტევა დაიწყო, ზურაბიშვილი ერთხელაც არ გამოუსლა და არ უთქვამს, რომ ტყუილი იყო.   

„სააკაშვილის ვითომ მოწმავლის, წამების და ნელი სიკვდილით მკვლელობის  შესახებ, არაერთი დაკვეთილი სტატია გამოქვეყნდა დასავლურ მედიაში. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილს ერთხელაც არ გასჩენია სურვილი ეთქვა, რომ ეს ტყუილი იყო. თუმცა რას შეიძლება კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტისგან კაცი მოელოდეს? ახლაც ვეტოს დადებით და ცესკოს ხელმძღვანელის დისკრიმინაციით, ამზადებენ ნიადაგს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ. არ ვიცი ზურაბიშვილი ამას იზამს თუ არა, მაგრამ უკვე მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ“, - ამბობს მამრაძე. 

უფრო მეტიც, ამბობს, რომ დასავლეთში ზურაბიშვილმა  დაიწყო ისეთი განცხადებების გაკეთება, რომ „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა. ასევე თქვა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქრათველოს არჩევნებში ჩარევას აპირებენ. ეს კი, ანალიტიკოსის აზრით, იმის კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა, რომ ამ არჩევნების დისკრედიტაციას აპირებენ. 

„თუმცა ზურაბიშვილი საზოგადოებაში იმდენად ურეიტინგო ფიგურაა, მან რომ თქვას, არჩევნები გაყალბდა, ქვეყნის შიგნით ამას  ნულოვანი ფასი და ეფექტი ექნება. თუმცა დასავლეთისთვის შესაძლოა  ეს რაღაც არგუმენტი გახდეს. ამიტომაც ხელისუფლება იქცევა ძალიან სწორად, როცა თავს იზღვევს, ჩამოჰყავს სადამკვირვებლო ჯგუფები, რათა ყველაფერი გამჭვირვალე და ღია იყოს. ზურაბიშვილმა და მისმა დამქაშებმა ამის შემდეგ რაც არ უნდა თქვან, მათ სიტყვას არავინ დაიჯერებს. ხელისუფლების სიფრთხილე მის ყველა სიტყვას და ქმედებას ფასს დაუკარგავს“, - ამბობს მამარაძე.         

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე