ნაზი ბერიძე
(23.02.2024)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში და რომ უნდა დაველოდოთ მის მოსაზრებებს. ამასთან, როგორც კობახიძე აცხადებს, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაზე ივანიშვილთან საუბარი ჯერ არ შემდგარა.

„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს არის მასზე, მის ხედვაზე დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩვენ არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვექნება შეკრებები, დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს", - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის პროცესში ღიად ჩართულობას არ ვარაუდობს, რადგან ლეგალურად ის საქართველოს მოქალაქე არ არის და მის ჩართულობა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუცია. თუმცა ირიბად ივანიშვილის მხრიდან იქნება განცხადებები.

„არა მგონია ივანიშვილი ღიად ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში გამომდინარე თუნდაც იქედან, რომ მე რამდენადაც ვიცი ივანიშვილი დღეს საქართველოს მოქალაქე აღარ არის და თუ საქართველოს მოქალაქე არ არის, მაშინ მის ჩართვას არჩევნებში ზღუდავს კონსტიტუცია. ამიტომ ღიად ის არჩევნებში ვერ ჩაერთვება. მას შეუძლია მიიღოს ორმაგი მოქალაქეობა და ასეთ შემთხვევაში ექნება არჩევნების პროცესში ჩართვის უფლება, მაგრამ გამომდინარე ბევრი ფაქტორიდან ძალიან უნდა გაუჭირდეს „ქართულ ოცნებას", რომ ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართონ.

„არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, მის ჩართულობას, მაგრამ ეცდება, რომ არ ჩაერთოს კამპანიაში, ღიად არ მიიღოს მონაწილეობა, უბრალოდ რაღაც განცხადებებს გააკეთებს ზოგადად.

„ღიად არ ჩართვაში ვგულისხმობ იმას, რომ არ იაროს რეგიონებში და საარჩევნო კამპანიის აქტიური წევრი არ გახდეს, იქ გამოსვლები არ ჰქონდეს და ა.შ. მაგრამ განცხადებები იქნება ალბათ მისი მხრიდან, გვერდიდან ჩაერთვება და გააკონტროლებს კიდეც ამ პროცესს, ოღონდ ლეგალურად ასეთი ჩართულობა, რა თქმა უნდა, არ იქნება.

„ივანიშვილის ჩართულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოლიტიკური ვითარება და გარემო შეიქმნება და რამდენად ჩათვლის იგი საჭიროდ საკუთარი თავის ჩართულობას ამ პროცესში. ალბათ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, განცხადებებით შემოიფარგლება," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე