თამთა ჩაჩანიძე
(23.02.2024)

„ნაცმოძრაობა" და მისი სხვადასხვა განშტოება ემზადებიან არა არჩევნების დღისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა შექმნან. მათ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება არ აქვთ და ეს ერთადერთი გზა რჩებათ -რევოლუციური პროცესები",- ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მინიშნებებია, რომ ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების დღით იმის გამოცხადებისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მიიტაცა".

„რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ ტელეეთერში „ნაცმოძრაობის" დეპუტატის თეიმურაზ ჯანაშიას უნებლიე წამოცდენა, რომ სააკაშვილი გასათავისუფლებელია წინასარევოლუციო პროცესებში მონაწილოებისთვის, მექანიკური შეცდომა არ იყო. თავისუფლედ შეეძლო ეთქვა, წინასაარჩევნო პროცესებისთვისო. ჯანაშია თავის დროზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი იყო, შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველი, ეს წამოცდენა ძალიან ბევრ რაღაცაზე მიანიშნებს, ერთგვარი წრედი იკვრება, ამის განხორციელებას ნაცრევანშისტები უკვე მერამდენე რაუნდზე ცდილობენ.

„არჩევნების დღეს, საღამოს 8 საათის შემდეგ და მომდევნო დღეს სურთ იმის გამოცხადება, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მიიტაცა და ვითომ ელექტრონული არჩევნები გაყალბდა. მორიგ ჯერზე იქნება იმის მცდელობა, რომ საზოგადოება და საერთაშორისო დამკვირვებლები დაარწმუნონ, თითქოს არჩევნები უსამართლო და არათავისუფალი იყო, რაშიც მორიგ წარუმატებლობას მიაღწევენ, როგორც ეს 2016 და 2020 წლებში და სხვა არჩევნების დროს იყო.

„ნაცმოძრაობა" და მისი სხვადასხვა განშტოება ემზადებიან არა არჩევნების დღისთვის, არამედ იმისთვის თუ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა შექმნან. მათ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება არა აქვთ და ეს ერთადერთი გზა რჩებათ -რევოლუციური პროცესები. ეს პოლიტიკური ბილიკი ისე დატკეპნეს და ისეთი უსახური გახდა, რომ ეს პოლიტიკური ცირკი არაერთგზის გვინახავს და ვიცით ამის დასასრული როგორია - ბარიერგადალახული მარგინალი რადიკალები პარლამენტს ვითომ რაღაც ბოიკოტს გამოუცხადებენ, შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ისევ შევლენ, ხელფასებისა და სხვადასხვა სარგებლის მისაღებად.

„საზოგადოება და ხელისუფლება მოდუნებული არ უნდა იყოს და ყურადღებით დააკვირდეს ამ დესტრუქციულ პროცესებს, რადგან სააკაშვილის მეხუთე კოლონა ყველაფერს იკადრებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოხდეს და ამ გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ნებისმიერი ძველი, ან ახალი ვერაგული ხრიკი მათგან სავსებით მოსალოდნელია. ნებისმიერ კანონდარღვევას რასაკვირველია ყურადღებას მიაქცევენ და საზოგადოებაც ფხიზლად უნდა იყოს, საქართველოს სახელმწიფოს მტრებს არ სძინავთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ," - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე