ნაზი ბერიძე
(22.02.2024)

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად კი მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდების არმოწონება დასახელდა და ისინი ნიკა მელიას მოძრაობას შეუერთდნენ. როგორც პარტიის ბრიფინგზე აღინიშნა,„ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას კიდევ ათეულობით პარტიის წევრი გეგმავს.

ენმ-ის განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრის, ირინა შედანიას თქმით, პარტიიდან წასულებს არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ გადაწყვიტეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა" და შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას.

როგორც ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, ნიკა მელიას ზუგდიდში მომხრეები რომ ჰყავდა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. „მელიას ზუგდიდში რომ ძლიერი პოზიციები ჰქონდა - ეს ცნობილია და გასაკვირი არ არის. მამამისმა იყარა თავის დროზე იქედან კენჭი, თვითონაც წარმოშობით იქიდანაა", - თქვა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე პარტიის რღვევას ამ ეტაპზე გამორიცხავენ და მიაჩნია, რომ ნიკა მელიამ უბრალოდ თავისი მომხრეები წაიყვანა, როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელთა ჩანაცვლება ახალი საკადრო პოლიტიკით მოხდება.

„ეს „ნაციონალური მოძრაობის" რღვევის პროცესს არ ნიშნავს. მანამდე სხვა ადამიანებსაც დაუტოვებიათ პარტია, თუმცა ვიღაცები შეუერთდნენ „ნაცმოძრაობის" რიგებს, ამიტომაც რღვევას რაც შეეხება, არა მგონია მოხდეს. თავად ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობას" ტოვებს წევრთა ნაწილი, პარტიისთვის პრობლემაა, მაგრამ ეს რღვევის პროცესი არ არის. „ნაცმოძრაობა" შეინარჩუნებს თავის მომხრეებს, მაგრამ მეორე მხრივ მელიას პარტიას ეყოლება საკუთარი მომხრეები.

„მე ღრმა პატივისცემას ვუდასტურებ როგორც ბატონ ლევან ხაბეიშვილის, ასევე ბატონ ნიკა მელიას და ორივეს პარტიის მიმდევრებისა და მომხრეების მმართ. მთავარია აქ სხვა რამ - საუბარია არა პიროვნებებზე, არამედ პირველ რიგში საუბარია პოლიტიკურ ორიენტაციაზე. ორივე გუნდი საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრეა.

„რატომ ნიკა მელიასთან ინტეგრირება? იმიტომ რომ ნიკა მელია იყო პარტიის თავმჯდომარე მას ჰყავდა თავისი გუნდი პარტიაში. პარტიის ნაწილის მიყვანა მოხდა ნიკა მელიას დროს ვგულისხმობ ცენტრალურ ოფისს და რეგიონალურ ოფისებს, ამიტომაც ისინი უდასტურებენ მხარდაჭერას და ერთგულებას ბატონ ნიკა მელიას. და მეორე, რეგიონებში მოხდა ალბათ მათი ჩანაცვლება სხვა ადამიანებით. მაგალითად, უხეშად რომ ვთქვათ, რეგიონალური ოფისის თავმჯდომარე სხვა დაინიშნა ხაბეიშვილის გუნდიდან და თავმჯდომარემ თავისი ხალხი მოიყვანა. ამიტომ ბევრისთვის მიუღებელი იყო საკადრო ცვლილებები და დატოვეს პარტია," - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე