ელზა პაპოშვილი
(02.02.2024)

ხელისუფლებაში განხორციელებული პოლიტიკური როქის შემდეგ, აქტუალური ხდება კითხვა, ვინ შეიძლება გახდეს „ოცნების“ პრეზდენტობის კანდიდატი. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აზრი გაიყო. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს, ხოლო ანალიტიკოსები უფრო ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურისკენ იხრებიან. 

ოპოზიციის აზრს იზიარებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა სანქციებიდან თავის დასაცავად პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს. 

კუბილიუსი თვლის, რომ ივანიშვილი დასანქცირებას ელის და ამის თავიდან ასარიდებლად პრეზიდენტის პოსტს უმიზნებს, თანაც იმ დროს, როცა პრეზიდენტის არჩევა მოხდება ხმოსნების მიერ და ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა სხვა მოკავშირეებიც იშოვოს. ამით კი, ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველო ივანიშვილის მხრიდან უფრო მეტად „უზურპირებული“ იქნება.  

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილს პრეზიდენტობა მოუნდება, მას ხმოსნების მიერ თანამდებობაზე დასმა არ მოუნდება და სალაპარაკო რომ არ გახდეს, პირდაპირი არჩევის წესს დათანხმდება.

„დღევანდელი გაგებით, როგორ პრეზიდენტებსაც „ქართული ოცნება“ ირჩევს, ხალხს თუ არ ვაწვალებთ, უკეთესი იქნება. მგონი, ეს დისკუსია ჩვენთან დაიწყო იმის გამო, რომ ვარკვევთ, ბიძინა ივანიშვილს უნდა თუ არა პრეზიდენტობა?! თუ უნდა, როგორ შეიძლება, მას ეკადრებოდეს, ხალხის გარდა ვინმეს არჩევა... ხალხის მიერ არჩეული, პირდაპირ დაბრუნება არ ჯობია, ვიდრე კობახიძის ან ღარიბაშვილის მიერ არჩეულ ან ლეგიტიმაცია მიცემულ პირად ყოფნას?! 

წვალობს ადამიანი, უნდა პოლიტიკიდან გასვლა და ვერ გადის... არ გამოვრიცხავ, რომ რადგან ვერ გადის, ბარემ ხალხმა ამირჩიოს და სალაპარაკო არ გახდეს ეს თემაო. აქვე რომ გითხრათ, რომ მონაცემები მაქვს, თითქოს ივანიშვილი ამას აპირებს, არა! ყოველ შემთხვევაში ხმოსნების მიერ მიღებული პრეზიდენტობა არ ენდომება ბატონ ივანიშვილს,“ - აცხადებს ხვიჩია. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერიც არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობის სურვილი ჰქონდეს, რადგან შესაძლოა, ოლიგარქი ფიქრობდეს, რომ ოფიციალური თანამდებობა მას იმუნიტეტს შესაძენს. 

„არ გამოვრიცხავ, რომ უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი გარკვეული შიშების ქვეშ ცხოვრობს და მასთან დაკავშირებული პარანოია აქვს, ფიქრობდეს, რომ პრეზიდენტის სტატუსი და იმუნიტეტი უფრო მეტად დაიცავს მის უსაფრთხოებას. ფიქრობს, ალბათ, რომ ამით უფრო ფორმალური გახდება მმართველობა და უფრო ლეგიტიმური იქნება მისი წარმოდგენით,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.  

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი  „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო პოსტი, რომელიც ძალიან სუსტია,  არაფერში სჭირდება. მისი აზრით, დასავლეთიდანაც მას სანქციების სახით არ ემუქრება იმხელა საფრთხე, რის გამოც შესაძლოა ამ თანამდებობაზე ყოფნა მოესურვებინა. მეორეც, ის უკვე იმყოფება სანქციების პირობებში და დიდად არც არაფერი დაკლებია.  

„გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, დარმწუნებული ვარ, მას პრეზიდენტრობა არაფერში სჭირდება. ეს ხომ ძირითადად სარიტუალო თანამდებობაა. ვერ წარმომიდგენია ივანიშვილმა, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობები ასე არ უყვარს, რომელიმე ქვეყანაში სამძიმრებზე და რაღაცა ღონისძიებებზე იაროს. ასეთი მინიმალური თანამდებობა არაფერში არ სჭირდება. მის ხელშია ძალაუფლება ისედაც და პოლიტიკური პოსტი არაფრად უნდა.   

„ამასთან, თუ პრეზიდენტი გახდება, ასე ადვილად  პოლიტიკიდან წასვლას  ვეღარ მოახერხებს. ასე  გადავდექი, აღარ მინდა და ა.შ. არ გამოვა. წასვლით წავა, მაგრამ სულ სხვაა პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლა, ვიდრე პრეზიდენტის თანამდებობიდან“, - ამბობს ზაქარეიშვილი. 

მისივე თქმით, მითუმეტეს ის არ იქნება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ამ  თანამდებობას ხმოსნების გადაწყვეტლებით დაიკავებს, ეს კი მისთვის  სრულიად მიუღებელია. 

„ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, ეს თანამდებობა ღარიბაშვილს დაუთმონ. სიმშვიდის განცდა შეუქმნან და თავისთვის მყუდროდ იყოს. მე ამ ვერსიას უფრო ვემხრობი. ეს არის ღარიბაშვილისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი. რაც შეეხება სანქციებს, არ ველი, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ დასავლეთი ასე მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს. ის არის ხელისუფლების საკვანძო ფიგურა და აქამდე თუ არ დაადეს სანქციები, პოლიტიკაში შემობრუნებულს მითუმეტეს არ დაადებენ. ღარიბაშვილი დიდი ხანია ხელისუფლებაშია და რაღაცა საპენსიო თანამდებობაზე გაუშვებს. ამიტომ ყველაზე კარგ ვარიანტად მისთვის პრეზიდენტობის პოსტი მოგნია“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე