თამთა ჩაჩანიძე
(02.02.2024)

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „იმედისმომცემი" უწოდა პრემიერობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის პირველ განცხადებას, რომ მომავალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება, რათა ყველაფერი გაკეთდეს მოლაპარაკების ეტაპის დაწყებისთვის.

ოპოზიციის ნაწილი ღიად ამბობს, რომ „ოცნებასთან" ჯდომა არ უხარია" თუმცა ერვორეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ევოკავშირის წარმომადგენლობასთან შეხვედრაზე ითქვა, რომ „რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა იმუშაოს".

ჰერჩინსკი დასძენს, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება.

„ჩვენ ყველა ვზეიმობთ იმას, რომ საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ამ პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან ერთად, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა დაამტკიცეს 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ამ 9 ნაბიჯის შესრულება.

„ჩვენი მხრივ, მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ საქართველო შემდგომ ეტაპზე წელსვე გადავიდეს. შემდგომი ეტაპი არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს ჩვენს ხელში არაა - ეს არაა ევროკავშირის, ბრიუსელის ხელში - ეს არის საქართველოს პოლიტიკური ელიტის ხელში. მინდა გავიმეორო, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ინკლუზიური მუშაობა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული, რომ, ამავდროულად, ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად იქნება ჩართული და არჩევნების მიუხედავად და ეს სრულიად ბუნებრივია, რომ არჩევნებისკენ დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი, პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა 9 ნაბიჯის განხორციელებაზე.

„ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოდან გვეყოლება, მზად არის დაჯდეს და იმუშაოს ძალიან ძლიერად ჩვენი დახმარებით, ევროკავშირის დახმარებით იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს", - აღნიშნა ელჩმა.

მანამდე, პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი მომავალი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 9 პუნქტის შესრულება იქნება.

„ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - ეს არის მოლაპარაკების გახსნა, მერე იმის შემდეგ ეტაპზე და ა.შ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა იმუშაოს, განაცხადა პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

„ვცდილობ, ოპოზიციონერი კოლეგები არ გავაკრიტიკო, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებენ-ხოლმე. „ლელოს" პოზიცია აუხსნელი სიცანცარეა. სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ნაწილი როცა ვიყავით, ყველა დახურულ შეხვედრაზე ვაშაძე, „ლელო" და „ნაცმოძრაობა" გვლანძღავდა, მანდ რა გინდათო, რის გამოც ევროკავშირის მხრიდან დიდი საყვედური მოისმინეთ. მათ ერთად მუშაობის რეკომენდაცია ჰქონდათ. „ნაცმოძრაობამ" და ვაშაძემ სწორი დასკვნები გამოიტანეს, სამუშაო ჯგუფებში არიან, მაგრამ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა „ლელომ". ვაშაძე ამბობდა, სამუშაო ჯგუფებში არ შემოვალთ, „ოცნებასთან" ერთად ყავის დალევა არ გვინდაო, მაგრამ დასხდნენ და ერთად მუშაობენ. „ქართულ ოცნებასთან" ჯდომა კი არ გვიხარია. გუშინ ოპოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლობაში ვიყავით, სადაც გვითხრეს, რომ რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა იმუშაოს. ევროკავშირამდე ასე მივალთ, მინდა, ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე