ნაზი ბერიძე
(02.02.2024)

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მორიგ განცხადებას უგზავნის, სადაც იქადნის, რომ საქართველოს ოლიგარქისგან დაიხსნის. ამის პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილის პარტიის მმართველობაში უშუალოდ ჩაებას და მას უხელმძღვანელოს. სამაგიეროდ ამას გამორიცხავენ ექსპერტები, რომლებსაც „რეზონანსი" ესაუბრა, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და იურიდიულად უბრალოდ არ ექნება არა მარტო პარტიის ლიდერობის, არამედ წევრობის უფლებაც. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად შეჰმატებს მისი ქარიზმა პარტიას დინამიურობას...

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ „ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ, ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის - მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ".

ვიხილავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ენმ-ს თავმჯდომარედ? ეს ტვ „პირველის" გადაცემა „რეაქციაში" ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძე პასუხისას არც უარყო და არც დაადასტურა.

„ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავმჯდომარეც, ლიდერიც და ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც აქვთ სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ამ ქვეყანაში. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც და ქვეყნისთვის", - თქვა მან.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ არაოფიციალურად სააკაშვილი პარტიას მართავს, იურიდიულად კი ამის უფლება არა აქვს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს, მას სააკაშვილის ფაქტორი ვერც გაზრდის და ვერც შეამცირებს.

„იურიდიულად ის არ შეიძლება იყოს პარტიის თავმჯდომარე. თუკი სამართლებრივი კუთხით მივუდგებით ის არის უკრაინის მოქალაქე და როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, არა აქვს უფლება ჩაერიოს სხვა ქვეყნის არჩევნებში ან იყოს მისი პარტიის წევრიც კი, არა თუ თავმჯდომარე. რეალურად სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ლიდერი ყოველთვის იყო და ახლაც ის იქნება. ფაქტობრივად ის უკვე არის ლიდერი, მაგრამ იურიდიულად ამის გაფორმება იქნება შეუძლებელი.

„ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი არის შემოსაზღვრული და შეზღუდული. მას ზრდის უნარი უბრალოდ არა აქვს. კლების უნარი აქვს ახლა, მაგრამ არა ზრდის უნარი. ამიტომ სააკაშვილი ოფიციალურად იქნება თუ არაოფიციალურად ლიდერად ამ პარტიის ეს არც არაფერს მოუმატებს „ნაციონალურ მოძრაობას" და არც არაფერს მოაკლებს. იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევდა ხმას, ყოველთვის გულისხმობდა, რომ იქ არის სააკაშვილი და ახლა ამას გააოფიციალურებ თუ არ გააოფიციალურებ, ის ადამიანი მაინც „ნაციონალურ მოძრაობას" მისცემს ხმას.

„მომატებით რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ მოუმატებს. რადგან „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნებისადმი"ამომრჩეველს აქვს ერთნაირი დამოკიდებულება, ამომრჩევლის 2/3 ვერ იტანს ვერც ერთს და ვერც მეორეს. ესაა რეალობა და ახლა ამას ვერც ბიძინას დაბრუნება შეცვლის, ვერც სააკაშვილის არაოფიციალური თუ ოფიციალური მიდგომა", -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც „რეზონანსთან" იურიდიულად ასევე გამორიცხავს სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობას, თუმცა მისი ქარიზმა ვისზეც ახდენს გავლენას იმ ხალხზე კვლავ მოახდენს თავისთავად.

„გავლენა ელექტორატზე როგორც ქარიზმატული ლიდერის? ქარიზმატული ლიდერი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს სააკაშვილი, მაგრამ მკვდარიც კი ახდენს გავლენას. აგერ სტალინი რამდენი წლის მკვდარია და გავლენას არ ახდენს?! ასე რომ, პოლიტიკურ გავლენას არ სჭირდება მისი მხრიდან რამე აქტიურობა. ქარიზმა მუშაობს თავისთავად. ასე რომ, თუკი გავლენის შანსი აქვს იმ ადამიანებზე, ვინც მოხიბლულია მისი ქარიზმით, იმ ადამიანებზე გავლენა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. მაგრამ ვინც მოხიბლული არ არის, არ იქნება. ვიცით რომ უმრავლესობა არ არის მოხიბლული. ასე რომ, თავისი თაყვანისმცემლები ეყოლება, მაგრამ ეს საქართველოს ბედ-იღბალზე გავლენას ალბათ არ იქონიებს.

„მონაწილეობს თუ არა სააკაშვილი პარტიის მართვაში? პარტიაში, როგორც ვიცით, დიდი მიწისძვრებია. მონაწილეობას რომ იღებდეს, დაუშვებდა იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს მისი პარტიაა? როგორც ჩანს, ვერ იღებს მონაწილეობას. არ იღებს კი არა, ვერ იღებს, ჩვენ ვხედავთ რომ განცხადებებს აკეთებს, ადამიანებს ხვდება მაგრამ როგორ მოუაროს შექმნილ მდგომარეობას, როგორ დაძლიოს კეზერაშვილის და მერაბიშვილის ფაქტორი, ეს, მე მგონი, არც იცის და უბრალოდ ელოდება, რა მოხდება სამომავლოდ", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე