თამთა ჩაჩანიძე
(02.02.2024)

„ოცნებას" მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტის მიერ პრემიერისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების მერე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის დანიშვნას შეიძლება ხელი არ მოაწეროს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა რისკები მაინც არსებობს და მმართველი პარტიის განცხადებაც პრევენციული ხასიათისაა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, ეს დესტრუქციული ნაბიჯი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი არაერთხელ შეეცადა საკუთარი ხელმოწერისთვის რაღაც შინაარსობრივი დატვირთვა მიენიჭებინა და ეს ხელოვნურად შეექმნა, სხვათა შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის, როგორც წესი, უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვის. მე არ გავაკეთებ პროგნოზებს, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ობიექტურად არავითარი მიზეზი არ ექნება არავის, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ვგულისხმობ პრეზიდენტის ინსტიტუტს. განსაზღვრულია პროცედურულად, რომ რაღაცას ხელი უნდა მოაწეროს კონკრეტულმა პირმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლია იმსჯელოს, რამდენად კარგია თუ ცუდია გადაწყვეტილება. [თუ ხელს არ მოაწერს] სამწუხაროდ, ეს იქნება ძალზედ დესტრუქციული ნაბიჯი, ამიტომ ვარაუდად არ მინდა დავუშვა, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. არ მინდა პროგნოზები გამოვთქვა და არც არაფერი მოასწავებს, რომ ასე შეიძლება ვინმე მოიქცეს", - განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ხუთშაბათს დამტკიცდება. კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში - მინისტრებს. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერს, იგი დანიშნულად ჩაითვლება ავტომატურად.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხელის არმოწერის რისკები არსებობს.

„არა მგონია ასეთი სიმდაბლე გამოიჩინოს, რომ ასეთი პატარა შურისძიებასავით გამოუვიდეს და ხელი არ მოაწეროს. რა ლეგიტიმური საფუძველი აქვს, რომ ხელი არ მოაწეროს? უპირველეს ყოვლისა, ეს კითხვა უნდა დაისვას, მისი პიროვნული დამოკიდებულებები რომ გვერდზე გადავდოთ, მე მგონი არ არსებობს იმის ლეგიტიმური საფუძველი.

„ის საერთოდ არაპროგნოზირებადი პიროვნებაა - საკუთარი ფსიქოლოგიური მიდგომები, ყველაფრის მიმართ საკუთარი საზომი აქვს და არავინ იცის, რას მოიმოქმედებს. ალბათ აცნობიერებს იმას, რომ თუ ხელს არ მოაწერს და ამის ლეგიტიმური საფუძველი არ ექნება, საზოგადოება ჩათვლის, რომ უბრალოდ კობახიძეზე შური იძია და ეს მის რეპუტაციას წაადგება?! არა მგონია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, თუ პრეზიდენტმა ნახა, რომ კონსტიტუციურად და კანონის შესაბამისად ყველაფერი წესრიგშია, ხელს მოაწერს.

„თუ რამე ხინჯი არ ნახა, ყველაფერი წესრიგშია და კონსტიტუციის შესაბამისია, პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს, სხვანაირად გამორიცხულია. ასეთი ერთი შემთხვევა იყო, როცა მინისტრი ვიყავი, მაშინ მარგველაშვილმა ხელი არ მოაწერა ჩვენ დამტკიცებას. უკვე ყველა ქუთაისში მივდიოდით, მაშინ პარლამენტი იქ იყო და გზიდან უკან მოგვაბრუნეს, რადგან კრიტიკულ მომენტში უცებ მარგველაშვილმა რაღაც უზუსტობა აღმოაჩინა, ერთ კვირაში გამოსწორდა და ერთ კვირაში მაინც დაგვამტკიცეს. ანუ რაღაც დასაბუთებული უნდა იყოს, არ მოვაწერ ხელს, ასე არ გამოვა. კაპრიზებით არ იქნება.

„უნდა იყოს დასაბუთებული თუ რატომ არ მოაწერს ხელს და შესაბამისად, მთავრობას საშუალება უნდა მიეცეს, გამოასწოროს ის ხარვეზი, რასაც პრეზიდენტი დაადგენს. არ ველოდები, რომ ხელს არ მოაწერს, რადგან ამას აზრი არ აქვს. ამით ვითარება კიდევ მეტად დაიძაბება, მე კი მგონია, რომ პრეზიდენტი ცდილობს, რაღაც მშვიდობის და შერიგების კონტექსტი შემოიტანოს. ევროკავშირის ზეიმი რომ იყო, მიტინგზე მივიდა, ის სცენაზე არ აუშვეს, მაგრამ მივიდა.

„პრეზიდენტი ცდილობს მშვიდობის გამტარებელი იყოს და თუ ის ახლა დაიწუნებს და ხელს არ მოაწერს, მას დამაჯერებელი მტკიცებულება უნდა ჰქონდეს. მგონია, რომ ახლა პრეზიდენტი ქარის წინააღდეგ არ წავა და უაზროდ პრეტენზიების წამოყენებას არ დაიწყებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, თუ მოსალოდნელი არაა, რომ პრეზიდენტმა პრემიერის დამტკიცებას ხელი არ მოაწეროს, მაშინ რას ნიშნნავს „ოცნების" განცხადება, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

„პრეზიდენტისგან განსხვავებით, „ოცნება" კონფრონტაციულია, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ პრეზიდენტი დაამციროს და მისგან საფრთხის მომტანი კონტექსტი შექმნას. მეორეს მხრივ, თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს, მაშინ „ოცნება" იტყვის, რომ, აი, ჩვენ პრევენციულად გავაფრთხილეთ და იძულებული იყო ხელი მოეწერაო. „ოცნება" კონფრონტაციულია და მხოლოდ პრობლემებს და მტერს ეძებს, იგონებს ომის პარტიებს და საფრთხეებს. პირიქით, გამიკვიდრებოდა, რომ ამაზე ხმა არ ამოეღოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე