ელზა პაპოშვილი
(01.02.2024)

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ასევე პარტიის თავმჯდომარე „ოცნების“ მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ყრილობას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიტყვით არ გამოსულა. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, დღის წესრიგი წინასწარ შეთანხმდა და ივანიშვილის სურვილი იყო, რომ კომენტარს არ გააკეთებდა. 

ამ როქირებას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, ოპოზიციისგან განსხვავებით, ღარიბაშვილის დაქვეითებად არ მიიჩნევს, ფიქრობს, რომ, პირიქით, მას პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საარჩევნო სიის დაკომლექტება დაავალა.

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე  პირველად გამოჩნდა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე, პარტიის დამფუძნებელი ორ ირაკლისთან ერთად  მივიდა. საბოლოოდ, ღარიბაშვილი კობახიძით ჩანაცვლდა. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ უფრო მეტს ივანიშვილი ყრილობის შემდეგ იტყოდა, თუმცა „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მხოლოდ ტაში დაუკრა, მადლობები მოისმინა და ბოლოს სასტუმრო „თბილისი პარაგრაფი“ უკომენტაროდ დატოვა.  ახლა კი პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც კობახიძის და მთავრობის დამტკიცებას უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს. ცნობილია, რომ კობახიძის მეთაურობით  ძველი მთავრობის შემადგენლობა დარჩება, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი დატოვებს თანამდებობას. 

პირველ რიგში, მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობა საპასუხისმგებლო პოზიციაა და მნიშვნელოვანი გამოწვევების დასაძლევად, აუცილებელია გუნდის ერთიანობა. პრემიერის პოსტიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი კი კობახიძეს „ძმურ თანადგომას“ ჰპირდება. 

როგორც „ოცნების" რიგით მერვე ყრილობაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა განაცხადა, მისთვის თანამდებობა ყოველთვის საშუალება იყო ემსახურა ქვეყნისთვის.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური როქი გარკვეულ სვლებთან არის დაკავშირებული და დიდი ალბათობით ამის რამდენმე მიზეზი არსებობს. ის არ მიიჩნევს, რომ ამით ღარიბაშვილი დააქვიეთეს. მისი აზრით, ივანიშვილმა, როგორც უფრო სანდო კაცს, სიის დაკომფლექტება ჩააბარა. 

„ივანიშვილი საკმაოდ ფრთხილი და ჭკვიანი კაცია, ამიტომ ამ პოლიტიკური როქით დაზღვევაზე იმუშავა. არ ველოდი, რომ მსგავსი გადანაცვლება მოხდებოდა და მე უფრო  გვიან ველოდი რაღაცა საკადრო გადაადგილებებს. მაინც მგონია, რომ ამით სიტუაციის დატესტვა გადაწყვიტა. ზოგადად მისი გონება უფრო რთულია, ვიდრე ოპოზიციას წარმოუდგენია. ის უფრო რთულ გათვლებს აკეთებს, რომლის რეალური მიზეზი არავინ იცის. ახლა კი შეხედავს სიტუაციას და თუ რაღაცა პოზიტიური შედეგი გამოიღო, ირაკლი კობახიძეს პრემიერად დატოვებს. ოპოზიციისგან განსხვავებით არ მივიჩნევ, რომ ღარიბაშვილი ჩამოაქვეითა. უფრო მგონია, რომ მისთვის სანდო კაცი გადაიყვანა სიის დასაკომპლექტებლად, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა“, - ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, ივანიშვილი ამ გადაადგილებით ეცდება, რომ ის  ელექტორატი გაამაგროს და შეინარჩუნოს, რომელიც ჯერ კიდევ მისი მხარდამჭერია. „ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი ცოტა მერყევია, რომელმაც თუ დაინახა ოდნავ მისთვის მისაღები სხვა ძალა, იქით წავა. ამიტომ ივანიშვილმა ასეთი გადაადგილება მოიფიქრა. 

„ივანიშვილი ამ გადაადგილებით შექმნას იმის განცდას, რომ რაღაცა ცვლილებები ხდება. თუკი კობახიძე ამ ყველაფერს თავს გაართმევს, ის შესაძლოა არჩვენების შემდეგაც დარჩეს ამ პოსტზე. ამიტომ წინასწარ რთულია ივანიშვილის პოლიტიკური სვლის განსაზღვრა. მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. რომელიც უფრო გამოიჩენს თავს, ივანიშვილიც უპირატესობას მას მიანიჭებს. ორივე ირაკლის არჩევნებზე თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს. რაც შეეხება საგარეო და საშინაო პოლიტიკის ცვლილებას, არ ველი, რომ კაბახიძე რამეს რადიკალურად შეცვლის. ფაქტია, რომ მინისტრები ერთის გამოკლებით ყველა ადგილზე დატოვა. ის არ აპირებს რაიმე ძირეულ ცვლილებას. ეს უკვე იმის ნიშაანია, რომ რაიმე მნიშველოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“, - ამბობს ძაბირაძე.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე