თამთა ჩაჩანიძე
(01.02.2024)

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შედეგი ცნობილია - დელეგატებმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს, რის შემდეგაც პარტიულ ყრილობაზე მთავრობის ყოფილი მეთაური ირაკლი რაღიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩა. შეკრება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" 1-ელ თებერვალს შედგა, რასაც „ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომ მომავალ კვირაში პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს. ყრილობაზე კანდიდატმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობა ფაქტიურად არ იცვლება, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავისივე სურვილით სხვა სფეროში გადაინაცვლებს. თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე კი დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, კობახიძე ამბობს, რომ მას და მის გუნდს ევროინტეგრაციის მიმართულებით აქვთ მკაფიო გეგმა და ეს გეგმა, პირველ რიგში, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას გულისხმობს. ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ერთიან ძალისხმევას მოითხოვს.

აწ უკვე „ქართული ოცების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ დღეს გუნდის წინაშე ახალი ამოცანებია, რაც არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას გულიხსმობს. მისი თქმით, „არჩევანი ძალზედ ნათელია - „ქართული ოცნება" ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას".

თავდაცვის მინისტრის მოვალების შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კი განაცხადა, რომ შეთავაზება მიიღო ნატო-ში საქართველოს ელჩობის თანამდებობაზე, თუმცა, მისი თქმით, ეს იქნება 4 თვის შემდეგ და სავარაუდოდ, დათანხმდება.

რა თქვა პრემიერობის კანდიდატმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის ძალიან დიდი იმედი მაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების" VIII ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან „ქართული ოცნების" წევრებს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მისი კანდიდატურის დასახელებისთვის და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისათვის!

„გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე, მადლობას გადავუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამწლიანი უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო წარმატება მოუტანა, უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის ყველა დელეგატს", - თქვა კობახიძემ.

კობახიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. მისი თქმით, მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა, თუმცა თავდაცვის მინისტრს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება.

„მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.უამრავი სპეკულაცია იყო, თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია მინისტრებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის სრული აბსურდი, ამას მინდა ხაზი გავუსვა. იყო უბრალოდ ერთკვირიანი ისტერიკა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი",-განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის, ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს არის მოლაპარაკების გახსნა, შემდეგ გადავიდეთ იმის შემდეგ ეტაპზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე",- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „განსაკუთრებულად სუბიექტური დამოკიდებულება ექნება პარლამენტთან, რაც შეიძლება აისახოს რაღაცნაირად მის საქმიანობაზე, თუმცა არსებითად გაგრძელდება პროცესები იმ რეჟიმში, როგორც წარიმართებოდა აქამდე". მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას ყველა მედიასაშუალებასთან განურჩევლად მათი კომერციული კუთვნილებისა".

რას ამბობს „ოცნების" ახალი თავმჯდომარე

დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანებია. შემოდგომაზე, არჩევნებში ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო დღეს, კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში.

„სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს, შეიძლება ითქვას, საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წელს დავამარცხეთ ჩვენ, ყველამ ერთად, „ნაციონალური მოძრაობა" და მანამ, სანამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", იგივე ხალხთან, იგივე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ 2024 წლის არჩევნებში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, არჩევანი ძალზედ ნათელია - „ქართული ოცნება" ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

„კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ უდიდესი ნდობისთვის. მე ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების" გუნდის წევრი და მზად ვარ, როგორც „ქართული ოცნების" რიგითმა წევრმა, ასევე ჩვენი ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცმა მთელი ძალისხმევა მოვახმარო ჩვენი გუნდის გამარჯვებას, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მსახურებას და მორიგ დიდ გამარჯვებას, რომელიც ყველას ერთად გველოდება 26 ოქტომბერს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მისთვის „ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა".მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს „ძმური თანადგომა" გამოუცხადა და აღნიშნა, რომ „როგორც ერთიანი, გუნდი ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას". ღარიბაშვილი დასძენს, რომ ამაყობს მისი პრემიერობის წარმატებული წლებით.

სად მიდის თავდაცვის მინისტრი

შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს 4 თვე დასვენების პერიოდი იქნება.

„13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი, 13-წლიანი საჯარო მოხელეობის, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე ადასტურებს, რომ კობახიძემ მთელს გუნდს შესთავაზა თანამდებობაზე დარჩენა. მისივე თქმით, მას თანამდებობის დატოვება, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს სურდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს. ეს იყო საამაყო თითქმის 5 წელი, რაც გავატარე თავდაცვის სამინისტროში. ბუნებრივია, პრემიერი შეიცვალა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. დიდი მადლობელი ვარ ირაკლი კობახიძის, ახალი პრემიერის, მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობებზე დარჩენა, თუმცა, მე ზოგადად, მას შემდეგ, რაც კოდექსი მივიღეთ, ეს იყო ძირითადი სამართლებრივი აქტი, რაც უწყებაში ოდესმე მიღებულა, თხოვნა მქონდა პრემიერთან წასვლასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა მთხოვა, ჯერ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, პრინციპულად ვერ შევძლებდი ამ თანამდებობაზე ჩემს მოღვაწეობას",- აღნიშნა ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე