ნაზი ბერიძე
(01.02.2024)

ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით აპირებს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციებიც. რა პერსპექტივები აქვს ამ ჯერჯერობით ჰიპოთეტურ ალიანსს და რეალურად მოახერხებს თუ არა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობისგან" დისტანცირებას? პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" ამას ნაკლებად ვარაუდობენ, რადგან ხოშტარიაც, მელიაცა და ჯაფარიძეც „ნაცმოძრაობის წარმოშობის" პოლიტიკოსები არიან.

„ვსაუბრობ ამ ადამიანებთან, ვსაუბრობ ნიკა მელიასთან, სხვებთანაც. ჩემთვის საინტერესოა ფართო გაერთიანება [...] ჩემთვის მნიშვნელოვანია იმგვარი ჯგუფების შექმნა, რომელიც ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს", - აღნიშნა გვარამიამ ტელეკომპანია „იმედთან".

კითხვაზე, განიხილება თუ არა ისეთი კონფიგურაცია, რომელშიც მასთან ერთად ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძეც იქნებიან, გვარამიამ თქვა, რომ მისთვის ეს ძალიან სასურველი იქნებოდა.

„რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ერთმანეთთან პრობლემები აქვს, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ზოგადად მგონია, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო, ერთმანეთს წარსულზე ველაპარაკოთ", - თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას პოლიტიკური მომავალი შეაფასეს უმრავლესობაში. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ „ეს არის დაჯგუფება, რომელიც ერთად და ცალ-ცალკე „ნაცმოძრაობას" წარმოადგენს წარსულით, აწმყოთი და მომავალშიც მათი არც ფერი შეიცვლება და არც ზნე. თუ გადაადგილდებიან, ცნობილი იგავ-არაკის არ იყოს, მათი მუსიკა და ხელოვნების ნიჭი არ შეიცვლება, არაფერი მოემატებათ. საზოგადოების თვალში აშკარად დადასტურდება, რომ ამ გადაჯგუფებით ცდილობენ, ჩამოსცილდნენ და გაემიჯნონ „ნაცმოძრაობას", მის სისხლიან წარსულს, მაგრამ თითოეული მათგანი თუ იმ პროცესებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, შემადგენელი ნაწილი იყვნენ ცუდი პერიოდის, როცა სისტემური იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ნიკა გვარამია არათუ შორს არის ამ წარსულიდან, არამედ ზუსტად იქიდან მოდის. დადგება ცალკე პლატფორმაზე, შექმნის თუ არა პარტიას და დაცილდება თუ არა სააკაშვილს, რაც რეალობას არ წარმოადგენს, ვერანაირად დაცილდება იმას, რასაც წარსულსა და აწმყოში აკეთებდა", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ პირველ არხთან დაადასტურა, რომ საუბარი ჰქონდა ნიკა გვარამიასთან.

„ნიკა გვარამია და მე ერთმანეთს „ვარდების რევოლუციიდან" მოყოლებული ვიცნობთ, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა, ციხეშიც ვინახულე. შეხვედრა მეგობრული იყო და ამას პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდა. ნიკა გვარამიას ვიცნობ, მისი განწყობა ვიცი და მას გამარჯვების კოალიციასთან დაკავშირებით ანტაგონიზმი არა აქვს. ალბათ, ნიკა ფიქრობს, რომ ოპოზიციური პროცესისთვის ცალკე უფრო მეტის მოტანა შეუძლია. არ ორჭოფობს, მას მედიასთან ლაპარაკი არ უჭირს, ყველაფერს კარგად მოჰყვება", - განაცხადა მანჯგალაძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ ენმ-ის საკრებულოს დეპუტატმა ნინო კვიტაიშვილმა პარტიაც და ფრაქციაც დატოვა და არჩევანი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პლატფორმაზე გააკეთა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გვარამია ჯაფარიძე-მელია-ხოშტარიას ალიანსში ელექტორალური თვალსაზრისით არაფერს შეცვლის.

„გვარამიას გარეშე მელია, ჯაფარიძესა და ხოშტარიას აქვთ ელექტორალური მხარდაჭერა, არჩევნებზე დაამტკიცეს, რომ მათ აქვთ ელექტორალური მხარდაჭერა. მელიას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით, თუ შუაზე არ გახლეჩს ძალიან დიდი რაოდენობით ამომრჩეველს წამოიყვანს „ნაციონალური მოძრაობიდან". ამიტომ ამ გაერთიანებას რა თქმა უნდა, ექნება სერიოზული წარმატების იმედი.

„რაც შეეხება გვარამიას, მას რომ უნდა, ასეთი გაერთიანებაში იყოს, გასაგებია, ცალკე აღებული გვარამია ვეღარც იმას მოასწრებს, რომ პარტია შექმნას და არც ელექტორალური თვალსაზრისით დიდი წონა არა აქვს. ამიტომ გვარამია მათ დაემატება თუ არ დაემატება ელექტორალური კუთხით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის.

„ამ ხალხიდან ვინც ჩამოვთვალე „ნაციონალური მოძრაობის" წარმოშობის პოლიტიკოსებია სამივე, მაგრამ გვარამია „ნაციონალური მოძრაობის" წარმოშობის პოლიტიკოსი კი არაა, გვარამია პროკურორი იყო მაშინ, როდესაც ქვეყანაში საშინელება ტრიალებდა. ამიტომ პოლიტიკურად მომგებიანია მისთვის გამიჯვნა „ნაცებთან". ამის დეკლარირება ადვილია, თქმაც შეიძლება, მაგრამ ელექტორატი ამას რამდენად დაიჯერებს, ნამდვილად არ ვიცი.

„ჩემი აზრით, ამ ტრიოს გვარამია დაემატება თუ არა ბევრს არაფერს შეცვლის მათთვის ელექტორალური მხარდაჭერით, მაგრამ „ქართულ ოცნებას" მისცემს საშუალებას რომ მთელი საარჩევნო კამპანია აწარმოოს აი სწორედ გვარამიაზე ფოკუსირებით.

„გვარამიას აღარ უნდა „ნაციონალური მოძრაობის" წევრობა, როგორც ჩანს, არ აწყობს პოლიტიკურად ეს და „ნაციონალურ მოძრაობას" გვარამია დაემატება თუ არ დაემატება, ბევრს არაფერს ცვლის. მაგრამ იმ ფონზე, რაც დღეს არის „ნაციონალურ მოძრაობაში", ლიდერებს ვგულისხმობ, გვარამია ერთერთი ვარსკვლავი იქნება თავისი განათლებით, ინტელექტით და ყველაფრით, ხაბეიშვილის ფონზე ის შეიძლება პოლიტიკის მეტრად წარმოვიდგინოთ. „ნაციონალურ მოძრაობას" უფრო აწყობს გვარამია მათთან რომ იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გვარამიას არ უნდა," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტიკის ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობის" გაშლა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

„ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ეს არც ალიანსია არც არაფერი, უბრალოდ ირქმევენ ალიანსს. ეს არის იგივე „ნაციონალური მოძრაობა". გველი იცვლის ტყავს, მაგრამ გველი რჩება გველად - ეს ცნობილი ფრაზაა, რომელიც თავის დროზე ეკუთვნის ალექსანდრე ჭავჭავაძეს. გველი რჩება გველადვე. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა - „ნაციონალური მოძრაობის" გაშლა უნდათ. შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. ანუ, გნებავთ „ნაცმოძრაობა" დაირქვან, გნებავთ „ხოშტარია", გნებავთ „კრემლი" და გნებავთ „ტაივანი", მაინც ვერაფერი უშველის, ვინაიდან არის კიდევ ერთი ბრძნული ქართული გამონათქვამი „მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე მივათრიეო", - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე