თამთა ჩაჩანიძე
(31.01.2024)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციონერები ენმ-სგან დისტანცირებას ცდილობენ, მათ შორის საუბარი აქვთ, ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე და „მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე, რომლებიც თებერვალში ახალი პარტიის შექმნას აანონსებენ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, პარტიებისგან „ენმ-სგან დისტანცირების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, ამავდროულად ისინი დილემის წინაშე დგებიან - გაერთიანდებიან და „ნაცმოძრაობა" მათ ლიდერებს და პარტიებს „გადაყლაპავს", არ გაერთიანდებიან და ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნებათ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ნაცმოძრაობასთან" ღია ალიანსში ყოფნაზე მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელმა" დათანხმდა, „ლელო" და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" მასთან ნებისმიერი გზით კავშირს გამორიცხავენ. ნიკა მელიას ენმ-დან წასვლის მიზეზი კი პარტიის ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირება გახდა.

შეფასებები

მაპატიეთ ჟარგონისთვის, „ტეხავს" ნაციონალობა. სამწუხაროდ, ამის განცდა საზოგადოებაში რომ არსებობს აღმოაჩინეს [„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა] და ცდილობენ დისტანცირებას, - ასე აფასებს მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის იდეას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საკუთარი წარსული ეუხერხულებათ.

„მაპატიეთ ჟარგონისთვის, „ტეხავს" „ნაციონალობა". სამწუხაროდ, ამის განცდა საზოგადოებაში რომ არსებობს აღმოაჩინეს [„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა] და ცდილობენ დისტანცირებას. ეუხერხულებათ და ეთაკილებათ საკუთარი წარსული. ბუნებრივია, საზოგადოებაც ასე მარტივად ვერ დაუშვებს საკუთარი თავის მოტყუებას ასეთი პრიმიტიული ხერხით", - აღნიშნა სარჯველაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ მუდმივად ხდება იმის წარმოჩენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ვიღაც ემიჯნება.

„ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო", ალბათ, მათზეა ნათქვამი. საერთო ჯამში, პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის იმაში, თუ როგორ ჯგუფდებიან. „ნაციონალური მოძრაობა" ეს არის იდეოლოგია, რომელიც დაყრდნობილია ძალადობაზე და ძალადობრივი სისტემით მართვაზე. დამყარებულია არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებაზე, არამედ, სხვა ქვეყნების და ქვეყნის გარეთ არსებული ჯგუფების ინტერესების მსახურებაზე.

„მთელი პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნისა, ასე შეიძლება დავახასიათოთ - ისინი ელიან ტაშს ქვეყნის გარედან და არა საკუთარი მოსახლეობისგან, ეს არის მათი სწრაფვა. მათ უნდათ წითელი ხალიჩები დაუგონ ქვეყნის გარეთ და არა მადლობა მიიღონ მოსახლეობისგან ქვეყნის შიგნით. ასე რომ, ვინ სად იქნება, როგორ დაჯგუფდება, არაფერს ცვლის ამ შინაარსში.

„ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გაიგო რა არის ნირი და ხასიათი „ნაციონალური მოძრაობისა", ეს არის ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი იდეოლოგია, რომელიც ჩამოკიდებულია ქვეყნის გარედან ლეგიტიმაციაზე და არა ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციაზე. ეს კინო არათუ ნანახი გვაქვს, ეს უკვე ტელესერიალად იქცა, როცა მუდმივად ხდება იმის წარმოჩენა, რომ ვიღაც ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას". საბოლოო ჯამში, როცა თვითონაც ხვდებიან, რომ ამ ტყუილს ვერავის აჯერებენ, ბრუნდებიან ისევ თავის დედა პარტიაში.

„ბოლო ასეთი შემთხვევა გიორგი ვაშაძეა, გვახსოვს მისი რადიკალური განცხადებები, კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და ვხედავთ, რომ დღეს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია. სინამდვილეში არ ხდება მათი დაყოფა, ეს არის მათი გაშლა, რომ დააბნიონ საქართველოს მოსახლეობა, თითქოს სხვადასხვა ფლანგები არიან. სინამდვილეში, ეს ერთი პოლიტიკური ორგანიზმია.

„ვინაიდან, ეს ერთ იდეოლოგიას ეფუძნება, ვერ სცილდებიან ერთმანეთს. იდეოლოგია არის ძალადობა და ამ გზით საკითხების გადაწყვეტა, ასევე, ის რომ მათ არ აინტერესებთ საკუთარი ხალხის ინტერესები. ისინი იფიცებიან სხვა დროშებზე, სხვა გერბებზე და სხვა ჰიმნებს მღერიან",- განაცხადა პაპუაშვილმა.

„მოქალაქეების" დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" თავისით არაფერს დათმობს, თუ ოპოზიცია ბრძოლაში არ შეჰყვა.

„რამდენსაც მიაწვები, იმდენს წაგლეჯ რაღაცას. თვითონ რატომ დაგითმობს „ქართული ოცნება", თუ პირდაპირ ბრძოლაში არ შეყევი, გაეცალე და თქვი, რომ ესენი მაინც არაფერს არ იზამენ? ბოდიში, მაგრამ ევროკავშირის რეკომენდაციაა ეს ოხერი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსთან".

ცდილობენ თუ არა ოპოზიციონერები ენმ-სგან დისტანცირებას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ახლა ყველასგან სიფრთხილის რაუნდია.

„ტეხავს" თუ არა ამ ეტაპზე ვინმესთვის „ნეცმოძრაობა" ცოტა გაუგებარია, რადგნ კოალიცია ვერც იქნება, ერთიანი სუბიექტი უნდა შეიქმნას, ამ ერთიანში თუ ენმ-ს არ უნდა პარტიები შეიყვანოს, ეს ფაქტის კონსტატაციაა, რომ ერთ პარტიას მეორესთან ერთად ყოფნა არ უნდა. ადრე „ნაცმოძრაობას" ასეთი ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, ერთხანს პარტიებისგან დისტანცირდა და სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ მას მერე ეს პარტიები უფრო ფრთხილები იქნებოდნენ, ენმ-ის „სიყვარულში".

„მემგონი ახლა ასეთი სიფრთხილის რაუნდი არის და თან პარტიებს გაერთიანება გულს დიდად არ ეფონება, რადგან გაერთიანება ნიშნავს, რომ ლიდერი ლიდერობას დაკარგავს, რომელი პარტიებიც შეერწყმებიან",- განაცხადა საყვარელიძემ.

დასძენს, რომ ოპოზიციური პარტიები ახლა ნაწილობრივ დილემის წინაშე არიან - გაერთიანდებიან, ენმ „გადაყლაპავს", არ გაერთიანდებიან და ბარიერის გადალახვის პრობლემის წინაშე დგებიან.

ასეთი საკითხი დგას, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ბარიერი ცალკ-ცალკეც გადალახონ და შეიძლება გაერთიანდნენ და ვერ გადალახონ. პარტიების გაერთიანება მხარდამჭერების გაერთიანებას არ ნიშნავს, შესაძლოა უფრო ნაკლები მხარდაჭერა მიიღონ, ვიდრე ცალკ-ცალკე. ასე, რომ თითოეული მათგანი სრული დილემის წინაშეა.

„რაც შეეხება რა შედეგი ექნებათ პარტიებს (მათ შორისო ენმ-სთან დისტანცირებით), არა მგონია, რომ ელექტორალური თვალსაზრისით რაიმე სერიოზული შედეგი ჰქონდეთ, რადგან თავიანთი ამომრჩეველი ამ დრომდე გაუგებრობაში ჰყავთ და ვერ ხვდებიან თუ ვინ ვისთან მიდის და ვინ სადაა, ამ პირობებს კი პარტიებს ელექტორატის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

„გვარამია არ ვიცი ენმ-სგან თავს რამდენად შორს იჭერს, მაგრამ, მელიასთან ენმ-ს ხელმძღვანელობას ღია კონფლიქტი აქვთ და გასაკვირია პარტიის შიგნით მელიამ ამდენი ხანი რომ გაძლო. გვარამიაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ბოროტი ენები ამბობენ, უცხოეთში რომ იყო, უთხრეს, რომ „ნაცმოძრაობას" თავი დაანებეო.

„ოპოზიციურ პარტიებს ძალიან ბევრი პარასკევი აქვთ, ყოველ დღე ახალ-ახალი რაღაცეები ხდება და ლოგიკურია, რომ ენმ-სგან დისტანცირება მოახდინონ, თუკი თავიანთი თავის სჯერათ და თუ არა, მაშინ ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობამ" თავისი ხმები აიღოს და ესენი თავიდან მოიშოროს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე