თამთა ჩაჩანიძე
(31.01.2024)

სამთავრობო და „ოცნების" პარტიული ცვლილებები კვლავ აქტუალური თემაა - 1-ელ თებერვალს მმართველი პარტიის ოფისში პარტიული ყრილობა გაიმართება, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ასევე, პოლიტსაბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. შემდეგ პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, დიდი ალბათობით მომავალ კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდება.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ „ოცნების" სტრატეგია საარჩევნოდ ღარიბაშვილის პარტიული და კობახიძის სამთავრობო ხელმძღვანელობით იქნება ის, რომ „საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული მეოთხე გამარჯვება იყოს მიღწეული". საკითხზე, რა შეიძლება შეიცვალოს ამ გადაადგილებით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „სტრატეგიულად არაფერი შეიცვლება, ტაქტიკურად შეიძლება ზოგიერთი საკითხები შეიცვალოს, რომელიც პარტიისთვის უკეთესი იქნება".

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი 29 იანვარს დატოვა, თავადვე განაცხადა, რომ შეთავაზება მიიღო პარტიის თავმჯდომარეობაზე, რასაც დათანხმდა. „ოცნების" ლიდერები კი ადასტურებენ, რომ პრემიერ-მინისტრობის პოსტზე „ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

რას ამბობს ხელისუფლება და ოპოზიცია ცვლილებეზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნება" 1-ელ თებერვალს გამართავს ყრილობას, სადაც ოფიციალურად გამოცხადდება პარტიის ლიდერის პოსტიდან ირაკლი კობახიძის წასვლის შესახებ.

„1-ელ თებერვალს შედგება ყრილობა, სადაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდება პარტიის ლიდერის პოსტიდან ირაკლი კობახიძის წასვლის თაობაზე. ჩვენ წარვადგენთ მას პრემიერობის კანდიდატად და ირაკლი კობახიძე წარმოადგენს მთავრობის შემადგენლობას. ამის შემდეგ მოხდება მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება. დარწმუნებული ვარ, ეს განახლება როგორც პარტიაში, ისე მთავრობაში დადებით შედეგს მოიტანს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლა „ისტორიული მომენტი იქნება" - ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას.

„რაც შეეხება ღარიბაშილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, ვფიქრობ, ყველა თანხმდება იმაზე [მგონი, ოპოზიციაც თანხმდება], რომ ეს სამი წელი გამორჩეული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით, საქართველომ შეძლო, რომ ფაქტობრივად, იმ გამოწვევებით სავსე გარემოში, რაც ჩვენს გარშემოა უსაფრთხოების მხრივ - ომები, კონფლიქტები, მათ შორის პანდემიის ბოლო ეტაპი დაემთხვა მის პრემიერ-მინისტრობას, მისი ხელმძღვანელობით საქართველომ შეძლო ისტორიული პოლიტიკური მიღწევები ჰქონოდა კანდიდატის სტატუსის სახით და ასევე, ისტორიული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

„შესაბამისად, ეს სამი წელი იყო ძალიან წარმატებული, გამოწვევებით სავსე დრო და მან თავად ახსნა, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, კანდიდატურა ხვალ, პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც პარტია მსჯელობს. აქაც მნიშვნელოვანია ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან.

„პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას.

„ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც პოზიტიური მოვლენაა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობათ კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, შემდეგ უფრო საინტერესოა და სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად მინისტრის სახით იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სახით და სხვა დინამიკას შესძენს.

„სხვათა შორის, გიორგი ამილახვრის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ბევრმა ოპოზიციიდანაც იგრძნო ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა შემდეგ, პარლამენტის წევრებს, ყოფილ წევრებს სხვანაირად ესმით ერთმანეთის, ადამიანმა იცის შიდა პროცესები, რომელიც პარლამენტში მიდის და ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მხრივაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის" საერთაშორისო მდივანი, სერგო ჩიხლაძე სამთავრობო ცვლილებებს.

„იმ გარემოებით, რომ ოლიგარქისგან ერთი სკამის მოშორებით გადაჯდება ირაკლი ღარიბაშვილი და ერთი სკამით ახლოს დაჯდება ირაკლი კობახიძე არაფერი იცვლება.ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს.

„ირაკლი კობახიძე ყოველთვის ბევრს საუბრობდა ოლიგარქის ფულზე, ოლიგარქის ინტერესებსა და საზღვარგარეთის ბანკებში მოთავსებულ მის ფულზე, მაგრამ სიტყვაც კი არ უთქვამს საქართველოში მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ღირსეული სამუშაო და ცხოვრების პირობების შექმნაზე, ბავშვთა შიმშილობაზე, ასობით ათასი ადამიანის ქვეყნიდან გადინებაზე. მისი ინტერესის სფერო უკვე ცნობილია. ეს არის მდიდარი ოლიგარქის მსახურება და არა სახელმწიფოს ან ხალხის ინტერესების დაცვა.

„ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძის და ზოგადად "ქართულ ოცნების" ინტერესი რომ იყოს საქართველოს მოქალაქე და მისი კეთილდღეობა, მარტო ბოლო 2 წელიწადში რეალური შანსი იყო, რომ შექმნილიყო ათობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ასევე იყო შანსი, რომ შემოსულიყო დამატებით მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც მიაღწევდა საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე და ასობით ათასი საქართველოს მკვიდრი არ დატოვებდა სამშობლოს ლუკმა-პურის ძიებაში.

„ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამ ხელიდან გაშვებულ შანსებს და შესაძლებლობებს დღის წესრიგში აუცილებლად დავაბრუნებთ და გამოვიყენებთ. ინვესტიციების ქვეყანაში შემოტანა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მეგა ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ის, რაზეც "გამარჯვების კოალიცია" არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იზრუნებს",- განაცხადა ჩიხლაძემ.

რა შეიცვლება სამთავრობო და პარტიული გადაადგილებით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნებისთვის პარტიის სტრატეგიაა ის, რომ „მეოთხე ისტორიული გამარჯვება იყოს მიღწეული", თუმცა დასძენს, რომ ამ ცვლილებამდე რეიტინგის ნაკლებობას არც განიცდინა.

„როგორც თავად ირაკლი ღარიბაშვილისგან ვიცით, ეს მისი პირადი სურვილი იყო, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელად გადასულიყო და პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ, ეს დადებითად გადაწყდა. მთავრობის მეთაურად ღარიბაშვილის სამწლიანი მოღვაწეობით დავინახეთ, რომ ის საკმაოდ ეფექტური მენეჯერია - პანდემიის შედეგებისა და გლობალური ცეცხლების ფონზე, შეძლო, რომ საქართველოში მშვიდობა შეენარჩუნებინა და ეკონომიკური მაჩვენებელი თითქმის გაეორმაგებინა, რაც ნაბისმიერი ჩვენი მოაქალაქისთვის ძალიან სასიხარულოა.

„რაც შეეხება პარტიის სტრატეგიას, ცხადია „ოცნებას" პოლიტიკურ ავანსცენაზე ნამდვილად არ უჭირს, ის მყარ რეიტინგს ინარჩუნებს, მაგრამ იმისთის, რომ საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული მეოთხე გამარჯვება იყოს მიღწეული, როგორც მე ვფიქრობ, საჭირო გახდა ფორსირებული პოლიტიკური გადაადგილებები, როგორც პარტიაში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

„ოცნებას" საზოგადოებისთვის შესათავაზებელი აქვს ახალი პერსპექტიული და რაც მთავარია რეალისტური პროექტები, წარსულმა შედეგებმა გვაჩვენა თუ რა დადებითი დინამიკააა ეკონომიკაში და ქვეყნის სხვადასხვა სექტორში. შესაბამისად, ეს საარჩევნო სტრატეგია აიგება იმისთვის, რომ საზოგადოებას სიახლეები შესთავაზონ. ქვეყანაში მშვიდობაა და ეკონომიკამ წინ წაიწია. შესაბამისად, იქნება სოციალურ-ეკონომიკური ახალი პროექტების შეთავაზება, ასევე ამომჩეველთან ინტენსიური ურთიერთობა, რაც ყოველთვის იყო",- განაცხადა გია აბაშიძემ.

მისი თქმით, კობახიძის პრემიერობა წაადგება, როგორც „ოცნებას", ისე სახელმწიფოს.

„რაც შეეხება კობახიძის გაპრემიერებას, წლებმა გვაჩვენა, რომ ის წარმატებული და პროფესიონალი სახელმწიფო მოღვაწეა, მისი მუშაობა აღმასრულებელ ფრონტზე, საკმაოდ წაადგება, როგორც ხელისუფლებას, ისე უწინარესად ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ კობახიძე და მისი თანაგუნდელები პატრიოტები არიან, სახელმწიფო ინტერესებზე და ქვეყნის სუვერენიტეტის შეუვალობაზე ზრუნავენ.

„მინდა იმ უგვანო განცხადებებს ვუპასუხო, რასაც რადიკალები ამბობენ, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას" რეიტინგულად ძალიან გაუჭირდა და ამიტომაც მოხდა ეს გადაადგილება, ეს ასე არაა, ცოცხალ, ჯანსაღ გუნდში გადაადგილებები ხდება ხოლმე, როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესსა თუ სპორტში.

„ეს ნიშნავს, რომ გუნდი ინტერაქტიულია, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს და სახელწიფო გამოწვევებს პასუხობს. რასაც ვხედავ, წინასაარჩევნო პროცესში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია როგორც ასეთ თითქმის არ გვყავს და ეს დემოკრატიისთვის კარგი არაა. ეს „ოცნების" ბრალი ნამდვილად ვერ იქნება, ეს მათი ბრალია, ვინც შავ ფულს ატრიალებს რადიკალიზმისა და დეზინფორმაციის წინ წაწევისთვის.

„რას აღწევენ ისინი (ოპოზიცია) 12 წლის განმავლობაში, ამას მკაფიოდ ვხედავთ და ხალხი გასცემს პასუხს, რომელიც ემხრობა მშვიდობას, სტაბილურიბას და განვითარებას, რომელიც „ქართული ოცნების" დღის წესრიგია",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე"რეზონანსთან" აცხადებს, რომ

„ჩემი აზრით, სტრატეგია ერთია, რომ 2024 წლის არჩევნებში ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებული უნდა იყოს ის დესტრუქციული ძალა - „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები, რომლებსაც წმინდა წყლის მეხუთე კოლონას დავარქმევდი. ალბათ ამისთვისაა საჭირო პარტიის საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებისა და ხედვებიდან გამომდინარე, ტაქტიკური ცვლილებები.

„ეს მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკურ ცვლილებებს ემსახურეება და სხვა დანარჩენს მომავალი დაგვანახებს. მემგონი ამ გადაადგილებით სიტუაცია მნიშვნელოვნად არ უნდა შეიცვალოს, რადგან ჩემი გადასახედიდან, ქვეყანა აბსოლუტურად სწორი გზით მიდის, რაც უპირველეს ყოვლისა, ერთ რამეში გამოიხატება, რომ საქართველომ თავი უნდა გადაირჩინოს - ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა უნდა გადარჩეს.

„ამ გზაზე, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მიმდინარე პროცესები, როცა ქვეყანამ ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ომში ჩაბმა აიცილა თავიდან, რომლისთვისაც შინაური და გარეული ძალები ერთბაშად იყვნენ და არიან მოწადინებულები.

„ცვლილებებით სტრატეგიულად არაფერი შეიცვლება, ტაქტიკურად შეიძლება ზოგიერთი საკითხები შეიცვალოს, რომელიც პარტიისთვის უკეთესი იქნება, დანარჩენი კარდინალური ცვლილებები არ იქნება",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე