ელზა პაპოშვილი
(30.01.2024)

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 1-ლ თებერვალს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ოფიციალურად დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. მომავალ კვირას კი პარლამენტი უკვე ახალ მთავრობას დაამტკიცებს. ახლა მთავარი კითხვა ისაა, თუ რა კონკრეტული ცვლილებები იქნება მთავრობაში და რამდენად თავისუფალი იქნება მომავალი პრემიერი ირაკლი კობახიძე მინისტრების შერჩევისას.

როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს ვინც იცნობს და მასთან უმუშავია, ყველამ კარგად იცის, რომ ის ახლად დანიშნულ პრემიერს მისცემს თავისუფლად მოქმედების საშუალებას. პირველ ეტაპზე კობახიძე შეძლებს მთავრობა საკუთარი გუნდით დააკომპლექტოს, თუმცა აქ არის ერთი წითელი ხაზი, რომელიც მან ძალოვან მინისტრებთან დაკავშირებით არ უნდა გადალახოს. ამიტომ მათ მოლოდინი აქვთ, რომ თუკი ივანიშვილის სურვილი არ იქნება, კობახიძე ვერ შეცვლის შს, უშიშროებისა და იუსტიციის მინისტრებს.

ამ ეტაპზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, წასვლა ემუქრებათ თავდაცვის, იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. არ არის გამორიცხული, რომ თეა წულუკიანს კულტურის სამინისტრო დაატოვებინონ და იუსტიციის სამინისტროში დააბრუნონ, ან საერთოდ გაუშვან მთავრობიდან. 

რაც შეეხება მთავრობაში ახალი სახეების მოსვლას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი  ნიკოლოზ სამხარაძისა და მარიკა ბოჭორიშვილის კანდიდატურები განიხილება.

„ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილ პარტიას „საქართველოსთვის“ კი თავისი ვერსია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელი მინისტრების ჩანაცვლება მოხდება. ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდში  ამბობენ, რომ პოსტს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი დაემშვიდობება, რომლებმაც უცხოელ პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილი „ჩაუშვა“ და ის არაფორმალურ მმართველობაში ამხილა. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური დარწმუნებულია, რომ დასმენის შესახებ თავად ივანიშვილი კარგად არის ინფორმირებული. 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა და მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, რომელთა მანდატში შედიოდა და შედის ქვეყნის წარმომადგენლობა საერთაშორისო ასპარეზზე, „ჩაუშვეს“, ფაქტობრივად დაასმინეს ბიძინა ივანიშვილი, რომ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ არა თვითონ, არამედ ბიძინა ივანიშვილი. ანუ პასუხისმგებლობის გადაკისრება ხდებოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან“, - თქვა ბუჩუკურმა. 

გახარის გუნდი კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს და ამბობს: „შედეგებით მიხვდებით ვიზეც არის საუბარი“.

„კობახიძეს თავიდან სრული თავისუფლება ექნება...“

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ როგორც წესი, ბიძინა ივანიშვილი ახლად დანიშნულ პრემიერს მინისტრების არჩევაში თავისუფლებას აძლევს, ხოლო მოგვიანებით, თუკი რომელიმე კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, ამ პროცესში თავად ერევა.   

„როგორც ივანიშვილის მმართველობის სტილს ვიცნობ, ის როდესაც ადამიანს პრემიერად ნიშნავს პირველ ეტაპზე უფრო ფართო უფლებამოსილებებს აძლევს. ეუბნება, რომ მიდი, შენ ვინც გინდა მოიყვანე და გაუშვი. თავიდან ასე იწყებს ხოლმე და მერე და მერე უფრო ახშირებს ჩარევას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, კობახიძეს არჩევის თავისუფლებას მისცემს.   

„თუ ვიღაც არ მოეწონება, რა თქმა უნდა, ამას იტყვის, მაგრამ ძირითადად კობახიძეს მისცემს საშუალებას, ახალი მთავრობა საკუთარი შეხედულებებით დააკომფლექტოს. ოღონდ იმ გაგებით, რომ ბიძინასაც უნდა მოეწონოს. 

„ალბათ კობახიძე პარლამენტიდან წაიყვანს ვიღაცეებს. ნუ, ახლა ძალოვანი სტურქტურების ხელმძღვანელებს - შინაგან საქმეთა მინისტრს, უშიშროების მინისტრს, მთავარ პროკურორს - პირადად ბიძინა არჩევს. ყველა პრემიერის დროს ასე იყო. ძალოვანი მინისტრები მისი პრეროგატივაა და პრემიერის მხრიდან ხელშეუხებლები არიან“, - ამბობს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ივანიშვილისთვის სხვა დანარჩენი მინისტრები ასეთი პრინციპული არ არის. თუმცა, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის შერჩევისას რამდენიმე კრიტერიუმს მიექცევა ყურადღება.

„ერთადერთი, რაც შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრის არჩევის დროს მნიშვნელოვანი იყოს ივანიშვილისთვის, ალბათ ეს კანდიდატი უცხოურ პოლიტიკური სამზარეულოს უნდა იცნობდეს - დიპლომატებთან  ნაცნობობა აქვს თუ არა და რა კავშირები გააჩნია. ცოტა უფრო  გამოცდილი უნდა იყოს, დასავლეთისთვის გასაგებ ენაზე უნდა მეტყველებდეს. სხვა მხრივ კობახიძეს მიეცემა საშუალება, რომ თავისი გუნდი დააკომპლექტოს და ვისაც ენდობა, ის მიიყვანოს. ოღონდ მათ მიმართ სიმპათია ივანიშვილსაც უნდა გააჩნდეს. თავად კობახიძემაც იცის ვის უნდა შეეხოს მთავრობაში და ვის არა“, - ამბობს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ასევე ფიქრობს, რომ კობახიძე მთავროებაში თავისი გუნდით მოვა.

„კობახიძე არ ჰგავს იმ პიროვნებას, რომელიც კომპრომისებზე წავა. ამიტომ მკაცრად დააყენებს საკითხს, რომ მთავრობა თავისი გუნდით დააკომპლექტოს. ამ ფონზე ბუნებრივია, რომ მას არჩევანის საშუალება მიეცემა. რა თქმა უნდა, კობახიძე ვერ შეცვლის საკუთარი სურვილით შინაგან საქმეთა მინისტრს, სუს-ის უფროსს და იუსტიციის მინისტრს. ეს ის თანამდებობებია, რომლითაც ქვეყანა იმართება. ამიტომაც არ მგონია კობახიძემ გაბედოს, თუკი ივანიშვილის  ნებართვა არ ექნება, ამ სამი მინისტრის ნაცვლად საკუთარი კადრების მოყვანა. 

„კობახიძის პლუსი ის იქნება, რომ მას ჰყავს ახალგაზდებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც, ასე ვთქვათ, უფრო მოლაპარაკე თავები არიან. შიგნით პარტიაშიც უკომპრომისოები არიან. ანუ თავის პრინციპებს და ღირებულებებს იცავენ. ამიტომ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ფსონის დადება ამ ახალგაზრდა კაცზე უფრო  ღირდა. მე ველი, რომ მინისტრების არჩევანში მისცემს თავისუფლებას, თუმცა თუ რომელიმე არ მოეწონება, ამასაც იტყვის“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე