ნაზი ბერიძე
(29.04.2023)

შაბათს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობს, რაც „ოცნების" შეფასებით ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს წაგების შეეშინდათ. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის ქმედებას სწორად მიიჩნევენ, რადგან ის მაინც დამარცხებული იქნებოდა.

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

„დღეს რაც ფოთში, სენაკსა და ხობში ხდება, რომ არჩევნებში ოპოზიციიდან არ დგას კანდიდატი, ნათლად მიანიშნებს, რადიკალური ოპოზიცია და მათთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები, მედიასაშუალება გაკოტრებულია", - ამის შესახებ შაბათს „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ფოთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკსა და ხობში, რომ ოპოზიციის მხრიდან არ დგას სხვა კანდიდატი და ნებისმიერ სხვა ოლქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მუნიციპალური არჩევნები, ნათლად მიანიშნებს, რომ დღეს რადიკალური ოპოზიცია და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალა, მედიასაშუალება გაკოტრებულია, ისინი ვერანაირ შეთავაზებას ვერ უკეთებენ საქართველოს მოქალაქეებს. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, არის ის, რომ დასხდნენ სადღაც ოთახებში, დაწერონ კვლევები, მოიგონონ ციფრები და ამით დაიწყონ მანიპულირება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენს საზოგადოებას უწევს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება კვლავ გავაგრძელებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს ღირსებით ინტეგრაციას ევროკავშირში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, „რეზონანსთან" აცხადებს, ამ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა, რადგან იქნებოდა ძალიან დაბალი აქტივობა და ამასთან, საარჩევნო უბნებში მივიდოდა ძირითადად სახელისუფლებო ამომრჩეველი და ოპოზიციის მხრიდან დამატებით ამაზე რესურსის დახარჯვა არ იქნებოდა სახარბიელო, მით უმეტეს, რომ შედეგებით არაფერი შეიცვლება.

„ასეთ ვარიანტში, როდესაც არის გამოკლებული დეპუტატები და ერთი დეპუტატის არჩევა ხდება და ა.შ., მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში და ისეთ ვითარებაში, როგორც ჩვენშია, პოლიტიკური ვითარება მაქვს მხედველობაში, როგორი კანდიდატიც არ უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან, მას ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ წააგებს არჩევნებს.

„ამიტომ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ვფიქრობ ამ შემთხვევაში სრულიად გასაგები და სწორია. როდესაც ერთი კაცის შეცვლა საკრებულოში არაფერს წყვეტს, იქ აზრი არა აქვს არჩევნებში მონაწილეობას.

„ოპოზიციას რომ მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, აბსოლუტურად არაფერი შეიცვლებოდა. ასეთ ვარიანტებში ძალიან იშვიათად, რომ რაღაც გამონაკლისი მოხდეს. აქ არის ძალიან დაბალი აქტივობა და ძირითადად მოდის სახელისუფლებო ამომრჩეველი", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის უმნიშვნელობაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეა კონცენტრირებული.

„ჩემი აზრით, ნამდვილად არ ღირდა ამ არჩევნებზე ენერგიის დახარჯვა. იქ ძირათადად საკრებულოს მაჟორიტარებზეა საუბარი და ასევე ორი ქალაქის მერზე. ვიცით როგორ იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს და აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია აკეთებს კონცენტრირებას 2024 წლის არჩევნებზე და ამიტომაც არ გაამახვილა შესაბამისი ყურადღება შუალედურ არჩევნებზე და გარკვეულწილად ბოიკოტიც გამოუცხადა დღევალდელ არჩევნებს.

„ოპოზიციას რომ მიეღო მონაწილეობა, მაინც და მაინც არაფერი შეიცვლებოდა. რადიკალურ ცვლილებებს არ ექნებოდა ადგილი და ამიტომაც ოპოზიციამ დიდი მნიშვნელობა ამ არჩევნებს არ მიანიჭა", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე