ია აბულაშვილი
(28.04.2023)

უახლოეს პერსპექტივაში ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი ძალები გამოჩნდება, რომლებიც გარდატეხას შეიტანენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით სახელისუფლებო ელიტის ვიზიტებს ბრიუსელში, პრაღასა და სტრასბურგში? ოპოზიცია „ოცნების" დიპლომატიურ გააქტიურებას „სრულ პოლიტიკურ კრახს" უწოდებს. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ წარმატებული ვიზიტები იყო და პირობას დებს, არ დატოვებენ არცერთ ნიუანსს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

იგორ კვესელავა: აბა, რას იტყვის „ოცნება", საფლავს თვითონ ვითხრიო? მმრათველი გუნდი თავის მოსაზრებას ამბობს, ოპოზიცია თავისას. ფაქტია, რომ არ ითვალისწინებს „ოცნება" არც ევროპარლამენტარების რეზოლუციებს და არც სახელმწიფო დეპარტამენტის რჩევებს. რა ქნას ამ საწყალმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დაალაგებს სიტუაციას და ესენი ისევ აურევენ.

„რ": „ნაცმოძრაობის" ლიდერები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ თუ დეკემბერში ქვეყანამ კადიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაშინ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება. ამ მოსაზრებას უკვე გამოჩნდნენ მოწინააღმდეგები თავად ოპოზიციაში.

ი.კ: მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას. არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ალაბთობით, თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ვინც არ იზიარებს მთავარი ოპოზიციური ძალის მოსაზრებას ვადამდელ არჩევნებზე, მათი შიშები ეფუძნება იმას, რომ ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს.

„რ": არის მოწოდებები, რომ შეიქმნას ოპოზიციური ერთობა, თუცმა არც ამ მოსაზრებას ეთანხმება სრულიად ოპოზიცია. პოლიტიკური პარტიის ლიდრები აცხადებენ, რომ ერთიან პარტიად ჩამოყალიბება გაანადგურებს ოპოზიციას.

ი.კ: რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, მაგრამ ერთობას ვერ ახერხებენ. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, უახლოეს პერსპექტივაში ქართულ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდება ახალი ძალები, სულ მცირე ოთხი პოლიტიკური ძალა. ეს არის პრეზიდენტი, რომელსაც დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერა აქვს, გიორგი გახარიას პარტია და ეს არავის უნდა გაუკვირდეს, ასევე ვიქტორ ყიფიანი და ცნობილი ქართველი მოღვაწე დავით ჩიკვაიძე. ეს იქნება არა რადიკალური, არამედ კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„რ": „ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს საყვედურობს, რომ არ შეიწყალა ნიკა გვარამია. გიორგი ძარამიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს უნდა ეყოს პოლიტიკური გამბედაობა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

ი.კ: ვიცი, რომ ჰქონდა განზრახვა პრეზიდენტს, შეეწყალებინა გვარამია, მაგრამ შეჩერდა. ეს პრეზიდენტს არ შეუჩერებია... არ გამოვრიცხავ, რომ საკითხი ისევ აქტუალური გახდეს და პრეზიდენტმა ეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გააკეთოს.

„რ": თქვენი კოლეგები დარწმუნებული არიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მალე გაიყოფა, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

ი.კ: ჩემი კოლეგები ცდებიან და ამას პროგნოზირებენ 2012 წლიდან, როცა მიშა წავიდა საქართველოდან, მაგრამ „ნაცმოძრაობა" დღემდე ოპოზიციის ავანგარდშია. ასე რომ, ეს პარტია არ დაიშლება, გინდა ჰყავედს ორი დიდერი, ან ჰქონდეს ორი ოფისი. მე უფრო ვფიქრობ, რომ პარტია დასუფთავდება, დაიწრიტება, რადგან დღეს იქ ბევრი მღვრიე წყალია. წყაროს წყალი ვერასდროს გახდება და ვერც ხელისუფლებაში დაბრუნდება, მაგრამ პარტია არ დაიშლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე