ელზა პაპოშვილი
(27.04.2023)

„ნაციონალები“ ისევ ვადამდელ არჩევნებზე ალაპარაკდნენ, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიები მათ მხარს ნაკლებად უბავენ. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ამის მიზეზი მარტივია - ყველა სოციოლოგიური კვლევით 5%-იან ბარიერს მხოლოდ ენმ და „ოცნება“ ლახავს, და როცა ამ ორს შორის დადგება არჩევანი, უკნაყოფილო ელექტორატიც კი მხარს მმართველ ძალას დაუჭერს.

„ხალხს ეშინია ისევ არა წარსულის, არამედ მომავლის. არავის არა აქვს იმის გარანტია, რომ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი იგივეს არ იზამენ. ამ ხალხმა ქვეყანა როგორ უნდა მართოს, როცა პარტიაში ვერ მორიგებულან და ერთმანეთს ჭამენ. ეს შიში აქვს ხალხს. ამიტომ როგორც კი არჩევნებში ეს ორი ძალა ერთმანეთის პირისპირ დადგება, ის ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ისევ ხელისუფლებისკენ გაიქცევა, და „ოცნება“ მე-4 ვადით ხელისუფლებაში ისევ მოსვლას შეძლებს“, - ამბობს ძაბირაძე. 

როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რიგგარეშე არჩევნებს სერიოზულად განიხილავენ და ფიქრობენ, რომ თუკი ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, „ოცნება“ ხელისუფლებიდან დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს. კობა ნაყოფიას ეჭვიც არ ეპარება, რომ თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ხოლო „ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული.“

კობა ნაყოფიას განცხადება დღის მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი შიშობს, „ოცნება“ რომც წავიდეს, ოპოზიცია რაიმეზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს. ხალხს ეშინია უკან „ნაციონალების“ დაბრუნების, რადგან ქვეყანა შესაძლოა ამაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამიტომაც ნაყოფიას განცხადება არასწორია, რადგან ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, 5%-იან ბარიერს მხოლოდ ენმ და „ოცნება“ გადალახავს. ამიტომ რეალურად რიგგარეშე არჩევები ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა სურდეს.             

ვადამდელ არჩევბეზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილიც საუბრობს. 

„რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენ სტატუსი ვერ მივიღოთ. სტატუსს როდესაც ვერ მივიღებთ, იმ პოლიტიკურ რეალობაში რომ ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის 90 პროცენტი ევროპისკენ სულით და გულით მიისწრაფვის და ევროპას უკავშირებს ოჯახის და შვილების მომავალს, რა თქმა უნდა, იქნება  სახალხო, საჯარო მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე,“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარეს. 

„არ ვეთანხმები არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც საუბრობს რიგგარეშე არჩევნებზე, ან საზოგადოებაში აღვივებს განცდას, თითქოს ამ ქვეყანას არ ექნება კანდიდატის სტატუსი არავითარ შემთხვევაში. ჯერ კიდევ არის პუნქტების შესრულების დრო, დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მგონია სერიოზული პოლიტიკური შეცდომა,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

პარლამენტის წევრი, პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წევრების ნაწილის განცხადება ბევრ კითხვას ბადებს. 

„რიგგარეშე არჩევნების ასე უბრალოდ მოლოდინების შექმნა, არ მგონია სწორი. კითხვის ნიშნებია ხოლმე, როდესაც გვესმის ვადამდელზე მოწოდება. რა სისტემით უნდა ჩატარდეს, ისევ მაჟორიტარული სისტემით? ახლა რომც ჩატარდეს ვადამდელი, ამავდროულად,  კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ 2024 წელს მაინც უნდა ჩატარდეს ისევ არჩევნები.

„ბევრი კითხვის ნიშანი დაისმის. ვფიქრობ, თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ეს დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.   

„დესტაბილიზაციის მუხტის მიღების მცდელობა“ - ასე აფასებს უმრავლესობა კობა ნაყოფიას განცხადებას ვადამდელ არჩევნებზე. მმართველი გუნდი ამბობს, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ქვეყანაში არეულობის და ქაოსის მოწყობა სურს და რევოლუციურ სცენარს განიხილავს.

„დღევანდელ ოპოზიციას არ აქვს არანაირი შანსი ელექტორალური კუთხით, რომ მათ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიონ. ერთადერთ ხსნას ხელისუფლებაში დაბრუნებისა ხედავენ სწორედ გარკვეული რევოლუციური სცენარის განხორციელებაში. ფიქრობენ, რომ ამ მღვრიე წყალში შესაძლებელი იქნება გარკვეული წარმატების მიღწევა. მოძებნიან ყველა საბაბს, რომ ქვეყანაში მშვიდი პოლიტიკური ვითარება არ იყოს,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.   

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყველა კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, 5%-იან ბარიერს მხოლოდ ორი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ გადალახავს. ამიტომ მისთვის  გაუგებარია რატომ შეიძლება ოპოზიციის სხვა ნაწილს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აწყობდეს. პირიქით, მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს ხელისუფლებას აწყობდეს კიდევაც, რადგან როგორც კი ენმ-ის პირისპირ მარტო დარჩება, არჩევნებს ადვილად მოიგებს. 

„ეს ოპოზიცია ერთ რამეს ვერ მიხვდა და სწორედ ამით იგებს ხელისუფლება. ჯერ ერთი,  რიგგარეშე არჩევნები რაში აწყობთ, ვერ ვიგებ, რადგან სადაცაა 2024 წელს არჩევნები უკვე ისედაც მოვა. მერე მეორე, ამ 5%-იანი  ბარიერით  პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შევა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა 5%-იან ბარიერს ოპოზიციიდან ვერავინ გადალახავს. თუკი ისევ მის ორბიტაზე აღმოჩნდებიან პატარა პარტიები, ჩათვალონ, რომ იმ ხმებსაც დაკარგავენ, რაც რეალურად დღეს აქვთ. თუ ქვეყანა არ ადარდებთ და მხოლოდ მანდატები უნდათ, კი ბატონო, გაერთიანდნენ ნაცებთან და მიიღებენ რაღაცა მანდატებს, თუმცა როგორც პარტია აღარ იარსებებენ და ქვეყანაც  ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ამიტომ ნაცებს რიგგარეშე არჩევნები აწყობთ, ვფიქრობ ხელისუფლებასაც ხელს აძლევს. თუკი დასჭირდებათ, დანიშნავენ კიდევაც.

„საქმე იმაშია, რომ როგორც კი ხელისუფლება და „ნაციონალები“ არჩევნებში მარტო დარჩებიან, „ოცნება“ მოუგებს. ხალხს ეშინია ისევ არა წარსულის, არამედ მომავლის. არავის არა აქვს იმის გარანტია, რომ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი იგივეს არ იზამენ. ამ ხალხმა ქვეყანა როგორ უნდა მართოს, როცა პარტიაში ვერ მორიგებულან და ერთმანეთს ჭამენ. ეს შიში აქვს ხალხს. ამიტომ როგორც კი არჩევნებში ეს ორი ძალა ერთმანეთის პირისპირ დადგება, ის ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ისევ ხელისუფლებისკენ გაიქცევა, და „ოცნება“ მე-4 ვადით ხელისუფლებაში ისევ მოსვლას შეძლებს“, - ამბობს ძაბირაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე