ბაჩანა ტყემალაძე
(06.03.2023)

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის პოზიციები ბახმუტთან დიდი საფრთხის ქვეშაა, რადგან კრემლისა და კერძო მილიციის დაპირისპირების გამო მისი ჯარები ამ ეტაპისთვის ვერ იღებენ საკმარის საბრძოლო მასალას.

პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ბახმუტთან მდებარე ფრონტის ხაზი ამავე მიზეზებით შეიძლება დაიშალოს, იმ შემთხვევაში, თუ მისი ძალები ჯერ კიდევ თებერვალში მოსკოვის მიერ დაპირებულ საბრძოლო მასალას არ მიიღებენ.

„ამჟამად, ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ ამ ყველაფრის მიზეზი - ეს არის ჩვეულებრივი ბიუროკრატია თუ ღალატი", - წერს „ვაგნერის" ლიდერი თავის ტელეგრამ არხაზე.

იგი რეგულარულად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებს და მთავარ გენერლებს. გასულ თვეში ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და სხვებს ბრალი „ღალატში" დადო, რადგან მათ საბრძოლო მასალა „ვაგნერის" მაგივრად თავის მებრძოლებს მიაწოდეს.

გასულ შაბათს, „ვაგნერის" ტელეგრამ არხზე პრიგოჟინის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც იგი ამბობს, რომ „ვაგნერის" ბახმუტში უკან დახევით მთელი ფრონტი დაინგრევა, მთავრობას კი უნდა, რომ რუსეთის ომში დამარცხების შემთხვევაში „განტევების ვაცად" სწორედ მისი ჯარისკაცები გამოიყვანოს.

ბახმუტში უკრაინის ჯარების მეთაურმა, ვლადიმირ ნაზარენკომ კი თქვა, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ რეგიონის გამაგრებას და მძიმე პირობების მიუხედავად, „თავდაცვა თავის ადგილას დგას".

„სიტუაცია ბახმუტსა და მის ირგვლიგ ჯოჯოხეთის მსგავსია, როგორც მთელი აღმოსავლეთის ფრონტზე", - განაცხადა ნაზარენკომ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, ოლეგ ჟდანოვი ბახმუტის სიტუაციას კრიტიკულად აფასებს, ხოლო უკრაინის სამხედროების შეფასებით, რუსული ძალები ზაპაროჟიასა და ხერსონის რაიონებში მასშტაბური შეტევისთვის ემზადებიან.

უკრაინის მოსაზღვრედ არსებული რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ორშაბათს ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბელგოროდი არაერთხელ მოხვდა ცეცხლის ქვეშ. უკრაინა კი თითქმის არასდროს არ იღებს პასუხისმგებლობას რუსეთის შიგნით განხორციელებულ თავდასხმებზე.

რუსეთში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირება კერძო სამხედრო კომპანიასა და კრემლს შორის მაშინ დაიძაბა, როდესაც პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრის სიძეს სახალხოდ შეურაცხყოფა მიაყენა.

„პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ძალიან დაძაბულია ურთიერთობაა. პრიგოჟინმა დაამცირა კიდეც მინისტრის სიძე. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ აწვდის რუსეთი მას დროულად იარაღს. ამიტომ იმუქრება სამხედრო კომპანიის ლიდერი ფრონტის დაშლით და გაშიშვლებით, რაც სრულიად შესაძლებელია, მაგრამ, კრემლი ამას ასე მარტივად არ დაუშვებს.

„ზოგადად ბახმუტის ფრონტზე უკრაინისთვის რთული სიტუაციაა. ძირითადად პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ორივე მხარე ელოდება ამინდის გამოსვლას და კომუნიკაციის გზების აღდგენასა და გაუმჯობესებას, რის შემდეგაც განახლდება სასტიკი ბრძოლები", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე