ელზა პაპოშვილი
(05.03.2023)

„ხალხი ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ორშაბათს, იურიდიულ კომიტეტზე კვლავ გაგრძელდება და ოპოზიცია საგანგებოდ ემზადება ამ დღისათვის. საპროტესტო აქცია დილიდანვე დაიწყება. კვლავ მოსალოდნელია დიდი ვნებათაღელვა და ფიზიკური დაპირისპირებაც კი როგორც პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამჯერად ოპოზიციას, ქვეყნის ევროპული მომავალის დაცვის მოტივით, მასშტაბური პროტესტი ორგანიზების კარგი შანსი ეძლევა, თუმცა მეორეა როგორ გამოიყენებენ ამ შანსს.

2 მარტს საგარეო თავდაცვის და უშიშროების გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებით მომზადებულ ორ კანონპროექტზე მსჯელობა 6 საათზე მეტს ხანს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით მიმდინარეობდა. რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი.

განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოშიც და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ. შეკრებას დაკავებები მოჰყვა. წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით სულ 36 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი უკვე თავისუფალია, ნაწილი სასამართლოს ელის.  

ეს პროცესი, სავარაუდოდ, ორშაბათსაც გაგრძელდება და ოპოზიციამ ამისთვის წინასწარ დაიყო მზადება. კოორდინაციასა და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ოპოზიციის წარმომადგენლები კვირას პარლამენტში „ლელოს“ კაბინეტში მსჯელობდნენ, თუმცა ამ გეგმის დეტალებს საიდუმლოდ ინახავენ იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას მისი ჩაშლის საშუალება არ მისცენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იურიდიულ კომიტეტში განხილვა დილით 10-ის ნახევარზე დაიწყება, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერები დილის 9 საათიდან აპირებენ პარლამენტთან შეკრებას.

შეძლებს თუა რა ოპოზიცია ორშაბათს ხალხის ქუჩაში გამოყვანას და საპორტესტო ტალღის აგორებას?  არის თუ არა შესაძლებელი, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ პირველი შანსი უკვე ხელიდან გაუშვა, რადგან ხუთშაბათს ხალხის მობილიზება ვერ შეძლო. ხელისუფლებას კი იმედი აქვს, რომ ოპოზიცია სუსტია და ამის ფონზე ქვეყანაში აქციების ორგანიზებას ვერ შეძლებს. 

ოპოზიიცის გეგმა ორშაბათს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ორშაბათს, 2 მარტის მსგავსად, კვლავ იქნება ფიზიკური დაპირისპირება. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება შეეცდება ოპოზიციისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

„ქართული ოცნება“ ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას დეტალურად ავუხსნათ პრინციპი რამდენად დამანგრეველია. დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა“, - აღნიშნავს სამნიძე.

ენმ-ის წარმომადგენელი პეტრე ცისკარიშვილი ასევე ვარაუდობს, რომ ორშაბათს პარლამენტის შენობა ძალოვნების მიერ იქნება ბლოკირებული და კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ორშაბათს გრძელდება საკომიტეტო განხილვა. მომავალი კვირის განმავლობაში უკვე ალბათ იქნება მოსმენებიც პლენარულ სხდომაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ზუსტად არაფერს გეტყვით, რადგან „ოცნება“ ცდილობს, ამ დღეებისთვის მოემზადოს. ისინი ერთგვარად თვლიან კიდეც, რომ გუშინწინ „საკმარისად მომზადებული“ არ იყვნენ და ჩვენებმა მაგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. შეფერხდა ამ კანონპროექტის განხილვა. თავისი ზონდერჯგუფებით, სუს-ით, სხვადასხვა რესურსით ეცდებიან, ალყაში მოაქციონ პარლამენტი, საკომიტეტო დარბაზი და ისევ ფარულად ჩაატარონ მოსმენა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ სხვა პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სტუდენტებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინ აღვუდგეთ ამ კანონის განხილვას“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ლელოს“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი კი მომავალი კვირიდან უფრო მწვავე და მასშტაბურ პროტესტს აანონსებს.

„იცით, რომ ჩვენ მოვუწოდეთ საზოგადოებას, შეიკრიბონ და, შესაბამისად, მომავალ კვირას, ვფიქრობთ, რომ იქნება კიდევ უფრო მწვავე პროტესტი ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, უამრავი ადამიანი ხმამაღლა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ბიძინა ივანიშვილი მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, როდესაც ცდილობს ამ კანონის გატანას საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ოცნების“ პოზიცია

ქალაქის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი იმდენად „განულებულია“,  მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ და ვერც ორშაბათს შეძლებენ მასშტაბური აქციის ორგანიზებას.

„რაც შეეხება დაკავებულებს, როდესაც ადამიანია აქციაზე სამოქალაქო წესრიგს არღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ჟურნალისტის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს. ასევეა პოლიტიკოსის სტატუსიც, ბიზნესმენის ან თუნდაც პოლიციელის სტატუსი. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ.

„იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მათ საერთოდ აღარ აქვთ. შეუძლებელია, ყველაფერთან მიმართებით ის დამოკიდებულება ჰქონდეთ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მათდამი შესაბამისი დამოკიდებულება აქვს. არ მინდა მათ გეგმასა და ხედვებში შევიდე. აქციების დაანონსება მათი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეძლებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო ტალღის აგორებას 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოპოზიციას 2 მარტს მასშტაბური პროტესტი აგორების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ხელიდან გაუშვა.

„მე ვიფქრობ, რომ ვენეციის კომისაში ამ კანონპროექტების გაგზავნა ფარსი და თვალის ახვევაა. შესაძლოა რაღაცეები ჩაასწორონ, მაგრამ რეალურად მასზე უარის თქმას არ აპირებენ. ამისთვის ხელისუფლებას რამდენიმე მიზეზი აქვს და ეს ყველაფერი ამ თავის ტკივილად უღირს. პრველ რიგში კარგად ხედავს ენმ-ში რაც ხდება - პარტიაში ერთმანეთან არიან დაპირისპირებული. ხედავს, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია და ხალხის გამოყვანას ქუჩაში ვერ ახერხებს. 

„კი, ბატონო, ევროკავშირის თემის ირგვლივ ხალხი გამოდის, უკრაინის სოლიდარობის გამოცხადების მიზნითაც იკრიბებიან, მაგრამ როგორც კი ოპოზიცა ისევ ხელისუფლების დამხობაზე, რადიკალიზმზე, გადატრიალებაზე და ა.შ. იწყებს საუბარს, ხალხი მაშინვე გარბის. ამის მიზეზი ოპოზიციის მიმართ უნდობლობაა. 

„ეს თემა კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ხალთან კარდაკარ უნდა ევლო. მიშას ჯამრთელობაზე კი არ უნდა ელაპარაკათ და პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება დაეწყოთ, უნდა ეჯაჯგურებინათ ყველაფერი. ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ იბრძვიან არა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, არამედ მათი კეთილდღეობისთვის, რადგან ევროკავშირის კარი არ დაგვიხურონ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, თუ საპროტესტო ტალღა მოსახლეობაში გაჩნდა, ოპოზიცია ამას ჭკვიანურად უნდა მიუდგეს. 

„ხელისუფლებას  ამ კანონს მიღება 2024 წლის არჩევნებისთვის სჭირდება. პირველ რიგში ამას არასამთავრობო ორგანიზაციებზე შურისძიებისთვის გამოიყენებს. არჩევნების დღეს თუკი რომელიმე მათგანი ხმას ამოიღებს, ყველა უცხო ქვეყნის აგენტებად ეყოლება გამოცხადებული. „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდის. ალბათ  დაელოდება უკრაინის ომს, რუსეთი რას იზამს. მაინც ბოლომდე ვერ იჯერებენ, რომ რუსები ამ ომს არ მოიგებენ. ეს არის მათი მთავარი აზრი - რუსებს აჩვენონ, რომ მათ მხარეს არიან. პარტნირებს ერთი ხელით ეუბნებიან, რომ პარტნიორები არიან და მეორე ხელით ე.წ. აგენტებად აცხადებენ. ამიტომ ოპოზიციამ სასწრაფოდ საპროტესტო მუხტის ორგანიზება უნდა დაიწყოს. რას ელოდებიან, მართლა არ ვიცი“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ახლა ოპოზიიცის მხრიდან პარლამენტში ისტერიკის დრო აღარ არის. ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პოლიტიკოსებისგანაც და სამოქალაქო სექტორისგანაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოცხადდეს. 

„ახლა არის მშვენიერი დრო იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ რეალურად სამოქალაქო სექტორი რა ძალას წარმოადგენს. პირადად მე მზად ვარ რეგისტრაცია არ გავიარო და გადასახადი არ გადავიხადო, პირდაპირ წავიდე ციხეში. თუ სია იქნება წინასწარ ცნობილი - ვინ ვართ მზად ამ კანონის მიღების შემთხვევაში არ დავემორჩილოთ - ეს სერიოზული დაუმორჩილებლობა და პროტესტის ფორმა იქნება. 

„პროსახელისუფლებო ძალები, რა თქმა უნდა, რეგისტრაციას გაივლინა, მაგრამ დიდი რაოდენობით ადამიანებმა არ უნდა გაიარონ. სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ ის არაა, რაც ჩანს, რეგიონების მასშტაბით სხვადასხვა სფეროებშია გაშლილი. ამიტომ ერთთვიანი გაფიცვა უნდა გამოცხადდეს და არაფერი გაკეთდეს. 

„ხალხს რეგიონებში ჰგონია, რომ (არასამთავრობოები) მართლა მხოლოდ ფულს აკეთებენ. ამ დროის განმავლობაში გაფიცვა რომ გამოცხადდეს და ყველა მიხვდეს რა ძალა აქვს ამ სეგმენტს, ხალხი გაიაზრებს რაშია საქმე. მარტო პარლამენტში ისტერიკების მოწყობა ხელისუფლებას ვერ შეაშინებს. ყვირილით და ხამურით სამოქალაქო სექტორის უფრო დისკრედიტაცია ხდება.

„ოცნებას“ ამ კანონის მიღებით ორი მიზანი აქვს. პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციების სრული დისკრედიტაცია მოახდინოს. ისინი ევროკავშირში წასვლას არ აპირებენ. მილიონჯერ მითქვამს, როცა 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს, რომ ესენი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რათა კანდიდატობის სტატუსი არ მივიღოთ. მეორე ამოცანაა, რომ დამოუკიდებელი საშუალო ფენა გაანადგურონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ცალსახად ავტორიტარიზმის მორევში გადაეშვა და ამის შესაჩერებლად სასწრაფოდ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. როგორც ყოფილი მინისტრი „რეზონანსთან“ ამბობს, ოპოზიცია ძალიან სუსტია და ამიტომაც ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი გამოუვა. ოპოზიციამ კი საპირისპირო უნდა აჩვენოს და ორშაბათს ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლოს. ზაქარეიშვილის აზრით, ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი საკმაოდ ძლიერია, ამიტომ მათ ოპოზიციასთან ერთად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე