ნაზი ბერიძე
(03.03.2023)

„ლელო" „წინაააღმდეგობის მოძრაობას" ქმნის, აპირებს სხვა ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ერთად „უცხოური გავლენის აგენტებზე" პროექტის ჩაგდებას, და მასობრივ აქციებს აანონსებს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამ ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის მორიგ დადგმულ კომედიად აფასებს და „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ამ ურეიტინგო პარტიების" განზრახვებს ასრულება არ უწერია.

„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ურეიტინგო პარტიების, „ლელოს", „დროას", „ სტრატეგია აღმაშენებლის" და მათნაირთა ტრაგიკომიკური ინიციატივები ალტერნატიული მთავრობის, ტექნიკური მთავრობის თუ ე.წ. ეროვნული მოძრაობის შექმნაზე, ეს არის მორიგი საცირკო პოლიტიკური ხრიკი, რომელიც განწირულია ფიასკოსთვის. იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ისეთი უხერხულობაა, როგორც ვთქვათ ნებისმიერი პოლიტიკოსი ვირუსოლოგიაში. ამას მე შევხვდებოდი ძალიან დიდი ირონიით და გამიჭირდებოდა ამაზე მეტი სერიოზული კომენტარი გამეკეთებინა, რამეთუ წლების განმავლობაში ამ ურეიტინგო მარგინალმა დესტრუქციულმა პარტიებმა არაერთხელ ცადეს ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა, მაგრამ ნებისმიერ ჯერზე ჩაფლავდნენ, იმიტომ რომ არა აქვთ ფართო საზოგადოების მხარდაჭერა. ეს იგივე კომედიური ჟანრია, როგორც აკია ბარბაქაძის თუ ლევან ხაბეიშვილის ე.წ. მასობრივი პერმანენტული აქციები.

„რადიკალურ ფრთაში შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეს ქუჩის აქტივისტებად ქცეული, ნაცების არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გვინახავს პარლამენტის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნებით და ა.შ. რაც შეეხება „ლელოს" მიერ დაანონსებულ „წინააღმდეგობის მოძრაობას", აქაც იგივენი იქნებიან. შეუძლება მას შეუერთდეს გიორგი გახარიას ასევე ურეიტინგო პარტია და სხვა დანარჩენები, რომლებიც ყოველთვის აანონსებენ ამ სასაცილო არაფრისმთქმელ ინიციატივებს.

„აქციაზე შეიძლება გავიდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ასე ვთქვათ უსაქციელოდ იქცევიან ხელისუფლების კრიტიკაში. შიძლება გავიდეს სტუდენტების რაღაც ნაწილი, რომლებიც ასევე ნაც აქტივისტებად მოიაზრებიან. ის, რომ ფართო საზოგადოების მხარდაჭერა მათ არა აქვთ, ეს წლების გამოცდილებამ უკვე აჩვენა.

„საერთოდ ამ რადიკალებს ახასიათებთ კიდევ ერთი მავნებლური ჩვევა - როგორც კი ქვეყანაში არის სტაბილურობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ სეგმენტში, მაშინვე იწყებენ გარკვეული არეულობის მცდელობებს, იქნება ეს რუს ლტოლვილებზე თუ ტურისტებზე ნადირობა, იქნება ეს სხვადასხხვა დესტრუქციული ქმედება და ა.შ. აქაც მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა, როდესაც ოპონენტს ეძახიან „შე რუსო", აქ შემოდის ასე ვთქვათ ეთნიკური მომენტი, რომელიც აბსოლუტურად ანტიდასავლური და ანტიევროპულია, იმიტომ რომ ოპონენტს უწოდო ესა თუ ის ეროვნება თუ ეთნიკური ჯგუფი კატეგორიულად მიუღებელია. მესმის ოპონენტს უწოდო კრემლის აგენტი, პუტინის მონა და ა.შ. მაგრამ ის მიაკუთვნო რომელიმე კონკრეტულ ეროვნებას, ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და ანტიევროპული მოვლენა," - აცხადებს „რეზონანსთან" გია აბაშიძე.

პარასკევს „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობოებთან, მოქალაქეებთან, მედიასაშუალებებთან და მათ წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს ყველა მოქმედების კოორდინირება.

„სწორედ ეს ხალხი გამოვა და კოორდინირებულად, საზოგადოებრივ ძალებთან ერთად დაიწყებს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რათა ჩვენი ხმა, 80% ჩვენი მოქალაქეების ხმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად დავანახოთ არა მარტო იმ ძალას, იმ ძალიან პატარა ჯგუფს, რომელსაც უნდა ჩვენი ქვეყანა შეიყვანოს უკან, საბჭოთა კავშირში" - განაცხადა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე