ია აბულაშვილი
(03.03.2023)

„ოპოზიციის განზრახვა გასაგებია - მათ ყოველთვის დამხობა სურთ, მაგრამ ახლა არ არის ის სიმწვავე, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პარლამენტთან გამართულ ოპოზიციის აქციას.

პარლამენტში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციისა" და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტების განხილვას ხმაური მოჰყვა. კომიტეტის ოთახთან კანონპროექტის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. უმრავლესობის დეპუტატები დარბაზში ხმაურითა და შეძახილებით - „არა რუსულ კანონს" შეაცილეს. ჟურნალისტები კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. ოპოზიციის ლიდერებმა ვაშაძემ და ხაბეიშვილმა ხალხს პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდეს, რათა „აჩვენონ, რაშია რეალურად ხალხის ძალა."

„რადგან დასავლეთის მხრიდან დაბეჯითებით გაისმა, რომ ეს არის რუსული კანონი, ოპოზიციამაც დასავლეთს აჩვენა, რომ მის მითითებებს მისდევს. ასეთი საჩვენებელი ამბავი მოხდა. ანუ ოპოზიციას მიეცა პროტესტის გამოხატვის, ბულინგის, მაგიდის აყირავებისა და მიტინგზე გასვლის საშუალება. ვერა და ვერ მოხერხდა ოპოზიციის კონსტრუქციული მუშაობა. მეც არ მიმაჩნია, რომ მისაღებია ეს კანონი, მაგრამ ყველას აქვს უფლება, ნორმალურ ფორმებში გამოხატოს თავისი პოზიცია.

რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია, ოპოზიციის განზრახვა გასაგებია და ყოველთვის აქვთ დამხობის სურვილი, მაგრამ არ არის ის სიმწვავე საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს და ხელისუფლება გადაატრიალოს," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე