ბაჩანა ტყემალაძე
(02.03.2023)

ახალი კოდექსით ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვრება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საფუძველი არ აქვთ, რომ სავალდებულო ჯარიდან თავი გაითავისუფლონ. შესაბამისად, ახალგაზრდებს სტუდენტის სტატუსი ჯარისგან ავტომატურად ვეღარ იხსნის, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილებები თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას ემსახურება, აღმოიფხვრება ყველა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება „არაკეთილსინდისიერი ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა" დაეხმარონ ცალკეულ პირებს, რომ თავი აარიდონ გაწვევას.

12-თვიანი ვადის ნაცვლად, მინისტრმა ასევე მისი სამი ახალი ალტერნატივა წარადგინა. ესენია 6-თვიანი მსახურება საბრძოლო ქვედანაყოფის სამსახურში. ასევე დაცვის, ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში 8-თვიანი მსახურება და უმცროს სამეთაურო თანამდებობებსა და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე 11-თვიანი მსახურება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ასეთ შემთხვევაში სტუდენტს არჩევნის უფლება ექნება, რომ აირჩიოს სამიდან ერთ-ერთი სამხედრო სამსახურსი ფორმა - 6, 8, ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.

ასევე მინისტრმა თქვა, რომ თუ აქამდე ჯარის გადავადება ადამიანს ორჯერ შეეძლო, ახლა იგი მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი, ხოლო გადასახდელი თანხა 5-ჯერ გაიზარდა და 2000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება სასულიერო პირებს, თავდაცვის კოდექსის ამჟამინდელი პროექტით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი ვეღარ ისარგებლებს და სასულიერო პირებს მოუწევთ გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც 12 თვე გრძელდება.

„არაკეთილსინდისიერი ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობაში" თავდაცვის მინისტრმა პარტია „გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია, „ბიბლიური თავისუფლება" იგულისხმა, რომელიც ახალგაზრდებს სასულიერო პირის სტატუსს აძლევდა, რაც ამჟამინდელი კანონმდებლობით, ჯერ კიდევ ათავისუფლებს ადამიანს ჯარის სამსახურიდან.

თავად პარტია „გირჩი" სავალდებულო სამხედრო სამსახურს „მონობას" უწოდებს და მისი წინააღმდეგია.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ზოგადად მმართველმა პარტიამ „ბიბლიური თავისუფლება" არაერთხელ გააკრიტიკა და მას ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა უწოდა.

ახალ სამხედრო კოდექსს სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. მეტიც, „გირჩიც" ლიდერი იაგო ხვიჩია 11 მარტს აქციასაც აანონსებს.

„11 მარტს აქცია გვაქვს და ველოდებით ყველა თავისუფლების მოყვარულ ადამიანს, არა მხოლოდ წვევამდელებს, მათ ოჯახის წევრებს, შეყვარებულებს, დედებს, ძმებს, დებს და ყველას იმიტომ, რომ დასაცავია თქვენი ოჯახის წევრები, ყურებში წაავლებენ ხელს და წაასხამენ მონად ცოტა ხანში", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე პარტია „გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სამხედრო სამსახურს ტრეფიკინგს უწოდებს.

„მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს თავისი ნების წინააღმდეგ მუშაობას აიძულებენ, ეს არის ტრეფიკინგი და კანონით ისჯება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობა აპირებს, იგივე განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით 18-27 წლის ბიჭების მიმართ, რასაც ისინი ეძახიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ანუ, ციხის მუქარით აპირებენ, ადამიანები საკუთარი ნების წინააღმდეგ ამუშაონ 125 ლარად - ზოგი შლაგბაუმზე, ზოგი „ვიშკაზე" და ა.შ.," - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამ საკითხზე ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ახალი ცვლილებები საბჭოური სულისკვეთების მატარებელია და სრულიად არაკომპეტენტური პირების მიერაა მიღებული.

„უნდა გითხრათ, რომ კოდექსის მიღებაში არ იყვნენ ჩართულები საჭირო ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებსაც ეს საკითხი კარგად ესმით. ამიტომ, ამ საკითხზე საუბარი ცოტა მიჭირს. კარგი იქნებოდა, თუ ამ თემაში პროფესიონალი სამხედროები და ვეტერანები ბევრად მაღლა იქნებიან დაყენებულნი. ზოგადად, ისიც მიკვირს, თუ რა არის სამხედრო კოდექსი, რადგან ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს და ეს ცალკე საუბრის თემაა.

„მმართველმა პარტიამ აირჩია ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში, სწორედ ამიტომაა, რომ სტუდენტები და რელიგიური მრწამსის მსახურებიც უნდა გაიწვიონ, რაც საბჭოური კონცეფციაა. გავიხსენებ 1981 წლის სსრკ-ს ავღანეთში შეჭრას, როცა ძალები არ ეყოთ და „ფარული მობილიზაციით" სტუდენტები მასობრივად წაიყვანეს.

„როგორც ჩანს, თავდაცვის სფეროში სერიოზული პრობლემებია, ხალხი მოაკლდათ, რადგან ჯარისკაცები და ზოგადად ახალგაზრდები მიგრაციაში მიდიან, მაგრამ ამის გამოსასწორებლად ტოტალური თავდაცვის კონცეფცია სრულიად მიუღებელია.

„ხელისუფლებამ, როგორც ყოველთვის, მოუმზადებლად გადაწყვიტა, რომ ერთი ხელის მოსმით „მოეგვარებინა" პრობლემა. მართალია, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ნებისმიერ დროს გარკვეული სახის სამხედრო კონფლიქტი მოხდეს, მაგრამ საბჭოურ კონცეფციას სჯობდა სამინისტროს პროფესიონალებისთვის დაეთმო ეს საქმე და მათ ახალი სამხედრო რეფორმა მიეღოთ", - თქვა მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე