ნაზი ბერიძე
(01.03.2023)

პარტია „საქართველოსთვის" პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტს „ოკუპანტი ქვეყნის-რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ", რომლის მიზანია გამოაშკარავდეს რუსული ფარული გავლენების წყაროები და ქვეყნის ინტერესების საწინაღმდეგო ქმედებები - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტზე ოპოზიციის პასუხია, საინტერესო და საჭიროა საქართველოსთვის ამ ეტაპზე, რადგან ჩვენ რუსეთისგან გველოდება საფრთხე. კანონპროექტს მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობაც.

პარტია „საქართველოსთვის" ერთერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს რომ დაინიცირებული კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს.

„ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების" კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს, ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის. ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება. ამიტომ ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, „ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ"რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები,

ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს. მისი მიზანი კი არის ერთადერთი სწორი მიზეზი, რომელიც შესაძლოა მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს-მტერს დაარქვას მტერი" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ დაინიცირებული კანონპროექტი უნდა შეიქმნას ამერიკული კანონის მსგავსად, და ოპოზიციას ეს კანონპროექტი დიდი ხანია უნდა დაესახელებინა სწორი პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის.

„ამ კანონპროექტის ავტორები ცდილობენ დაუპირისპირონ კანონს „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რამაც მოახდინა ასეთი კანონპროექტის პროვოცირება.

„ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია თუ ასეთი კანონპროექტი დაფიქსირდებოდა, ოპოზიციას უფრო ადრე რომ დაეწყო ამ კანონპროექტზე მუშაობა უფრო უკეთესი იქნებოდა. ჩვენთვის ეს მართლაც პრობლემურია, როდესაც ლაპარაკი არის რუსეთის მოქალაქეებზე და მათ კავშირებზე, მე მართლაც მომხრე ვიქნებოდი, რომ ეს კანონპროექტი რუსებთან მიმართებაში მიღებულიყო, რადგან ჩვენ საფრთხე თუ გველოდება, გველოდება ძირითადად რუსეთისაგან.

„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად პერსპექტივა აქვს ამ ახლახან ინიცირებულ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, მას პერსპექტივა არა აქვს, ,„ქართული ოცნება" ცხადია, მას მხარს არ დაუჭერს, თუმცა პიარისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის და პოლიტიკური დებატებისთვის, ეს ძალიან საინტერესო და სწორი გადაწყვეტილებაა.

„უფრო შორს უნდა წავიდეს ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა დააყენოს არჩევნებით მკაფიოდ და მკვეთრად. მან მართლაც უნდა იხელმძღვანელოს 1938 წელს ამერიკაში მიღებული კანონით. რომლის მიხედვით „ხალხის ძალამ" „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მეორე ვარიანტი წარმოადგინა, ან მისი ანალოგი შექმნას.

„1938 წელს ამერიკაში მიღებული კანონი გულისხმობს, როდესაც ამერიკაში დიდი პრობლემა იყო გერმანული გავლენის აგენტების და არა მარტო გერმანულის არამედ, კომუნისტურიც ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იქმნებოდა სერიოზული საფრთხე იმის რომ მოხდებოდა ამ ორი ქვეყნიდან ამერიკულ საზოგადოებაში ფაშისტური და კომუნისტური წრეების დაფინანსება, ამიტომ იქ ეს მიიღეს.

„ჩვენთან საშიშროება არ არის - არც ამერიკულის და არც დასავლურის, ჩვენთან არის საშიშროება რუსულის. ამიტომ, ვფიქრობ, კანონპროექტი, რომელიც დღეს დაინიცირდა, უნდა იყოს როგორც ამერიკულიდან თარგმნილი, მაგრამ უნდა ჩაიწეროს რუსული აგენტურის შესახებ, ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და ეს იქნებოდა ძალიან კარგი" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ

პარლამენტის ფრაქციის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე ნაციონალური მოძრაობის პოზიციას აფიქსირებს და ამბობს რომ პარტია მხარს უჭერს დაინიცირებულ კანონპროექტს.

„დონორი ორგანიზაციებით და დასავლური გრანტებით ჩვენს ქვეყანაში არის ათასობით ბენეფიციარი სხვადასხვა სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თითოეულმა ამ ადამიანმა, გამოხატოს თავისი პროტესტი, რა ფორმითაც მას წარმოუდგენია. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზადა ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს პროტესტს ნებისმიერი ფორმით გამოხატულს" - განაცხადა ანა წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე