თამთა ჩაჩანიძე
(28.02.2023)

უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია და ამის ფონზე შესაძლოა რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების ახალი კერა გაჩნდეს. სამშაბათს მოლდოვაში მკვეთრად გააქტიურდნენ პრორუსული ძალები, რომლებმაც კიშინიოვში საპროტესტო აქცია და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოაწყვეს. დაძაბულია ვითარება მოლდოვა უკრაინის საზღვრის დნესტრისპირეთის მონაკვეთზე, სადაც პრაქტიკულად ერთმანეთის პირისპირ არიან განლაგებული ერთის მხრივ რუსების სამშვიდობო კონტიგენტი და ადგილობრივი სეპარატისტები და მეორეს მხრივ უკრაინული არმიის ნაწილები.

ამასთან, უკვე გამოჩნდა პირველი ავიაკომპანია, რომელმაც „უსაფრთხოების მოსაზრებით" მოლდოვის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს, მოვლენების განვითარების ლოგიკასთან ერთად, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ დაახლოებით მარტის შუა პერიოდში მოლდოვა სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.

ქართველი ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას ნებისმიერ სცენარს განიხილავენ. მათ შორის არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მარტში რუსეთმა სატყუარა დარტყმები განახორციელოს უკრაინაზე როგორც დნესტრისპირეთიდან, ისე ბელარუსიდან, რომ უკრაინელებს ძალების გადაჯგუფება მოუწიოთ და გაზაფხულისთვის დაანონსებული მათი შეტევა ეფექტური არ იყოს.

მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში რუსებს სამხედრო ბაზა და სამშვიდობო ძალების სტატუსის მქონე დაახლოებით 1500-კაციანი კონტიგენტი ჰყავთ. ამას ემატება ადგილორივ სეპარატისტთა შეიარაღებული ფორმირებები კიდევ რამდენიმე ათასი მებრძოლით. ამას გარდა, დნესტრისპირეთის რუსულ სამხედრო ბაზაზე არსებულ საწყობებში დიდი რაოდენობით ინახება საბრძოლო მასალები.

თავად დნესტრისპირეთის რეგიონი უკრაინის ოდესის ოლქს ესაზღვრება. რუსი ანალიტიკოსები ომის მსვლელობის პერიოდულად აცხადებდნენ, რომ უკრაინის სამხრეთში მათი მთავარი მიზანი იყო ოდესის გავლით დნეტრისპირეთამდე მისვლა ამ გზით უკრაინის სრული მოწყვეტა შავი ზღვისგან.

რაც შეეხება უშალოდ უკრაინის ფრონტს, ბახმუტში სისხლიანი ბრძოლა გრძელდება. რუსების მიზანი კვლავ ქალაქის ალყაში მოქცევაა და როგორც სამხედრო ექპერტები ამბობენ, რკალს თანდათან კრავენ. თუმცა, რუსული შეტევის შეკავების თვალსაზრისით ამ ლოკაციამ თავისი როლი შეასრულა და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის დატოვების ბრძანება მიიღონ.

რა ხდება აღმოსავლეთის ფრონტზე

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტში რთული სიტუაციაა, თუმცა ქალაქმა რუსეთის შეკავების თვალსაზრისით თავისი როლი შეასრულა და გამორიცხული არა, რომ ურაინელებმა დატოვონ.

„ჩემი აზრით, ბახმუტმა რუსული ოკუპაციის შეკავების თვალსაზრისით თავისი როლი შეასრულა. ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, უკრაინელებისთვის რთული სიტუაციაა, რადგან გამუდმებით რუსები უტევენ და არაა გამორიცხული, რომ ბახმუტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღონ. მაგრამ არც რუსები და არც უკრაინელები, ოპერატიული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტაქტიკურ ინფორმაციას უცებ არ ავრცელებენ. როცა ჩვენ ინორმაციებს ვიღებთ, რეალურად ორი-სამი დღის წინანდელია.

„მთლიანად დონბასის ხაზზე რუსების დიდი შეტრევა ძალიან წარუმატებლად მიდის. დიდი მსხვერპლი და ზიანია. ჯერჯერობით მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვფიქრობ, რომ ეს რუსების შეტევის ბოლო მცდელობაა. ამის შემდეგ უკვე მასშტაბური შეტევების განხორციელება ძალიან გაუჭირდება, რადგან უკრაინა უფრო მეტ დასავლურ იარაღს იღებს, რაც ამ შეტევის შესაკავებლად სჭირდება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ კი „რეზონანსთან" განაცხადა, რომ რუსები ბახმუტში ოპერატიულ ალყას თანდათან კრავენ, თუმცა უკრაინა ქალაქის დაცვას აგრძელებს. რაც შეეხება ავდიივკას და სხვა მიმართულებას, მისი თქმით სიტუაცია იგივეა.

„ბახმუტში პოზიციური ბრძოლები მიდის, რუსები მეორე ეშელონს ვერ არღვევენ. მაგრამ ბახმუტის რკალს თანდათნ კრავენ. ოპერატიული ალყის საფრთხეა, თუმცა ჯერჯერობით უკრაინელებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ავდიივკაშიც და ზოგადად აღმოსავლეთში პოზიციური ბრძოლებია, სიტუაცია იგივეა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

რა შეიძლება მოხდეს მოლდოვაში

უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა სამხედრო ნაწილები მართლაც არიან განლაგებული მოლდოვასთან საზღვრის დნესტრისპირეთის მონაკვეთზე. მისი თქმით, ისინი სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არიან კონცენტრირებული და მზად არიან გარღვევის მცდელობის შემთხვევაში, რუსებს მძლავრი წინააღმდეგობა გაუწიონ, თუ რუსული ჯარები კვლავ პროვოკაციულ ნაბიჯს გადადგამენ.

ამასთან გუმენიუკმა აღნიშნა, რომ მოლდოვის სეპარატისტული რეგიონიდან, სადაც რუსული სამხედრო ნაწილები სამშვიდობოების სტატუსით იმყოფებიან, საფრთხე მხოლოდ ჰიპოთეტურია, ისევე, როგორც ბელარუსთან დაკავშირებით და როგორც მოლდოვის, ისევე ბელარუსის საზღვრებთან ამ ჰიპოტეტური საფრთხეების შესაბამისი ოდენობის უკრაინული კონტიგენტია განლაგებული.

ამის პარალელურად სამშაბათს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი" 14 მარტიდან კიშინიოვის რეისებს აჩერებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მიზეზებით ხსნიან. ანალიტიკოსები ამ გადაწყვეტილებას საყურადღებოდ მიიჩნევენ, რადგანაც უკრაინაშც ყველაფერი ასე იწყებოდა - რუსეთის არმიის შეჭრამდე 1-2 კვირით ადრე სხვადასხვა ავიაკომპანიებმა ერთმანეთის მიყოლებით შეწყვიტეს უკრაინიდან და უკრაინაში მიმავალი რეისები.

მოლდოვაში კი ვითარების გამწვავება უკვე დაიწყო. სამშაბათს პრორუსულმა პარტია „შორმა", რომელსაც მოლდოვის 101-კაციან პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს, კიშინიოვში საპროტესტო აქცია მოაქწყო, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში ფასებისა და ტარიფების ზრდას და ზოგადად პრეზიდენტ მაია სანდუს პოლიტიკას აპროტესტებდნენ. რუსული მედია წერს, რომ პოლიციამ კიშინიოვში არ შეუშვა ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილი - ხალხით სავსე 50-მდე ავტობუსი, რის გამოც აქცია არც ისე მასშტაბური გამოვიდა, როგორიც დაგეგმილი იყო.

ზოგადად, პარტია „შორი" ღიად მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ გააქტიურეს კონტაქტები კრემლთან. პარტიის წვერი დეპუტატები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მოსკოვშიც. მოლდოვაში კი პარტიამ პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ აქტიური საპროტესტო კამპანია დაიწყო.

ამას გარდა, დაახლოებით 10 დღის წინ მოლდოვაში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. გავრცელდა ცნობა, რომ 17 მარტს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, სერბი გულშემატკივრების სტატუსით, ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები აპირებდნენ შეღწევას ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. ამის გამო მოლდოვაში სერბი გულშემატკივრები აღარ შეუშვეს, მატჩი კი ცარიელი ტრიბუნების თანხლებით გაიმართა.

მანამდე ასევე გაირკვა, რომ უკრაინამ მოლდოვის ხელისუფლებას გადასცა რუსეთის მიერ ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმა. ამი შემდეგ მოლდოვის მთავრობა გადადგა და ახალ პრემიერად დაინიშნა ყოფილი შს მინისტრი დორიან რეჩანი. მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება დნესტრისპირეთის დემილიტარიზაციის აუცილებლობას შეეხებოდა, რაც სეპარატისტული რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტიგენტის გაყვანას გულისხმობს.

პოლოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დნესტრისპირეთში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა შესაძლოა პროვოკაცია მოაწყონ და უკრაინელებმა თავის ნაწილები საზღვართან ამის აღსაკვეთად გადაისროლეს. მისივე თქმით, სანამ ომია, უკრაინა დნესტრისპირეთში არაფერს მოიმოქმედებს, თუმცა, როცა ომში გაიმარჯვებს, „აუცილებლად დადგება მოლდოვასთან ერთად ამ რეგიონის დეოკუპაციის საკითხი".

„ერთი მიზეზი ისაა, რომ დნესტრისპირეთში უკრაინისთვის მტრულად განწყობილი ძალები დგანან, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შექმნან. იქ უკრაინული ძალები იმიტომაც არიან, რომ მოსალოდნელი საფრთხე აღკვეთონ.

„სამხრეთის მიმართულება განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან იქ ქალაქი ოდესაა, დნესტრისპირეთი კი მასთან ახლოა.

„დნესტრისპირეთში არაა იმისათვის საკმარისი ძალები, რომ უკრაინაზე შეტევა მიიტანონ, მაგრამ იქ განლაგებულმა რუსულმა ძალებმა და სეპარატისტებმა შესაძლოა პროვოკაცია, დივერსია და ბევრი სხვა რამ მოაწყონ. ეს ერთი ვარიანტია, თუ უკრაინული ჯარი დნესტრისპირეთთან რატომ დგას.

„და მეორე ვარიანტი - არ ვფიქრობ, რომ ახლა, სანამ ომი მიმდინარეობს, უკრაინა დნესტრისპირეთში რამეს იმოქმედებს. ახლა არაფერს არ ველოდები, მაგრამ როცა ომში გაიმარჯვებს, აუცილებლად დადგება მოლდოვასთან ერთად ამ რეგიონის დეოკუპაციის საკითხი. უკრაინა ამ ნაბიჯს მოლდოვას შეთანხმების გარეშე არ გადადგამს, მაგრამ დნესტრისპირეთის დეოკუპაცია გარდაუვალი პროცესია და აუცილებლად მოხდება, ჩვენ ამას ვიხილავთ.

„უკრაინას ბელარუსის საზღვართან და ბრესტის ოლქთანაც ძალები ჰყავს განლაგებული, რადგან უკრაინა იქიდანაც საფრთხეს ელოდება.

„შესაძლოა დნესტრისპირეთიდან სრულმასშტაბანი შეტევა ვერ განახორციელონ, მაგრამ უკრაინაში 200-300 კაცი რომ გადმოაგზავნონ, შეუძლიათ დივერსია, ტერორისტული აქტი და ათასი სიბინძურე მოაწყონ. ამიტომ, ბუნებრივია, უკრაინას საკმარისი ძალები ჰყავს, რომ ნებისმიერ ასეთ რაღაცას უპასუხოს.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი რომ ვიყო, დნესტრისპირეთის ბლოკირებას მეც აუცილებლად მოვახდენდი. სეპარატისტები კიდევ უფრო სახიფათო ხალხია, ვიდრე თავად რუსული ძალები, რადგან თავის გადასარჩენად ყველაფერზე წამსვლელები არიან.

„ზუსტად რამდენი უკრაინელია დნესტრისპირეთთან, ჩემთვის ცნობილი არაა, მაგრამ თუ იმას ჩავთვლით, რომ უკრაინას ახლა ომი აქვს, დიდი ძალები არ ეყოლება მიზიდული, მაგრამ ერთი-ორი ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი აუცილებლად მაინც იქნება, რომ საჭიროების შემთხვევაში დნესტრისპირეთს უპასუხოს", - განაცხადა პოლკოვნიკმა ბერიძემ.

იგი „რეზონანსთან" იმ შესაძლო მიზეზზეც საუბრობს, თუ რატომ შეიძლება შეეწყვიტა „ვიზეარს" კიშინოვის რეისები.

„ვიზეარი" კერძო კომპანიაა. დავინახეთ, რომ რუსულმა რაკეტამ მოლდოვას გადაუფრინა, თვითმფრინავებისთვის კი ეს რეალური საფრთხეა.

„არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა დნესტრისპირეთში რაღაც პროვოკაცია მოაწყონ, მაგ შემთხვევაში უკრაინულ პასუხს მიიღებენ, მაგრამ ესკალაციას ამ პერიოდისთვის მაინც არ ველოდები, თორემ დნესტრისპირეთის დეოკუპაცია გარდაუვალი პროცესია", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" განსხვავებულ სცენარსა და მიზეზზე საუბრობს. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ რუსებმა გაზაფხულის დასაწყისისთვის რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყონ, რათა უკრაინელები სხვადასხვა მიმართულებით გადაისროლონ და დაანონსებული დიდი შეტევა ეფექტური არ აღმოჩნდეს.

„როგორც ჩანს, უკრაინელებს აქვთ ინფორმაცია, რომ რუსები სტრატეგიულ შეტევას აპირებენ და ძალები ამიტომაც თავს იყრიან და ემზადებიან. ასეთივე საფრთხე არის ბელარუსთანაც. არაა გამორიცხული, რომ ეს მარტშიც მოხდეს და „ვიზეარმაც" ამიტომ შეწყვიტა ფრენები.

„თუ რუსები შეტევას დაიწყებენ, ეს იქნება ყველა მიმართულებით - დნესტრისპირეთიდანაც, ბელარუსიდანაც და რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდანაც. რუსების მობილიზაციის ნიშნები არის. ჩემი აზრით, ეს იქნება სატყუარა დარტყმები, რომ უკრაინელებმა ძალები გადაისროლონ და მათი გაზაფხულის შეტევა არცთუ ეფექტური იყოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე