ნაზი ბერიძე
(28.02.2023)

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დეპუტატი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის ვაკანტურ პოზიციაზე წარადგინა. იმისთვის, რომ იგი სახალხო დამცველი გახდეს, 90 კანონმდებლის მხარდაჭერაა საჭირო. მიიღებს თუ არა იოსელიანი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდაჭერას? როგორც პოლიტოლოგი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, სავარაუდოდ, იგი ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

პირველი რეაქციები პარლამენტში იოსელიანის კანდიდატურაზე პოზიტიურია, რაც აჩენს მოლოდინს, რომ გასული წლის ბოლოს ახალი ომბუდსმენის არჩევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფებმა ახლა მაინც შეძლონ მეტნაკლებად ყველასათვის მისაღები კანდიდატურის შერჩევა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის შეთავაზებას, საინტერესო ინიციატივად აფასებს:

„საინტერესო ინიციატივაა. ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ყველანაირად თუ შევხედავთ - რაციონალურად, პოლიტიკურად პრაგმატულად, უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს. ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია. ამიტომ იყო, რომ ყველანაირად ვცდილობდით, ოპოზიციისთვის შეგვეთავაზებინა ფორმატი, სადაც იგრძნობდნენ, რომ მონაწილენი არიან და ჩვენც თანაბრად მონაწილენი ვიქნებოდით.

„პოლიტიკოსია და ეს თავისთავად პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს. ამიტომ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურ მიკერძოებას რაც შეეხება, არიან გაცხადებული პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო მეტად ნეიტრალურები არიან, ვიდრე ზოგიერთი არაპოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურად უფრო მეტად მიკერძოებულია, მედიაში თუ არასამთავრობო სექტორში. მანაც უნდა გვითხრას, რატომ გადაწყვიტა კანდიდატურის დაყენება, რა საფუძველი და მიზნები აქვს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" წარმოადგენელმა ფრიდონ ინჯიამ კი განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს იოსელიანის კანდიდატურას.

„ჩვენ ჯერ არ გვყავს კანდიდატი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ლევან იოსელიანს მიუცია თანხმობა იყოს სახალხო დამცველი, კოლეგიალობიდან გამომდინარე და მის მიმართ ჩემი სიმპათიიდან, მე პირადად, დავუჭერ მხარს. ხოლო რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, განვიხილავთ და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას", - აცხადებს ინჯია.

„გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ასევე აცხადებს, რომ იოსელიანს პირადად მისი მხარდაჭერა ექნება.

„ექნება თუ არა „გირჩის" მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით ალბათ საუბარი დასაწყებია. მისგანაც სათქმელია პოზიცია, ჩვენგანაც შესაჯერებელია საკითხები და ალბათ პასუხი ამის შემდეგ იქნება. რაც შეეხება პირადად ჩემს მხარდაჭერას ჩემი მეგობრის მიმართ, მეგობრებს ვენდობი და მხარს ვუჭერ ან ისინი ჩემი მეგობრები არ არიან. ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია და ამით ყველაფერი ვთქვი. შესაბამისად, სჯობს, სხვას ჰკითხოთ ნეიტრალური და მიუკერძოებელი კომენტარებისთვის. მე მიკერძოებული ვარ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იოსელიანს ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

„ლევან იოსელიანი პრინციპული იყო საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხზე 5 ივლისთან დაკავშირებით. ლევანი ადამიანის უფლებებში ერკვევა და მხარს უჭერს ქალთა უფლებების დაცვას. ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების ცვლილებაზე და ა.შ. 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება სასიცოცხლო საკითხია და ამ შემთხვევაში ადეკვატური კანდიდატია", - განაცხადა კორძაიამ.

ჯერჯერობით უცნობია ამ საკითხზე სხვა საპარლამენტო ჯგუფების, მათ შორის ენმ-ის პოზიცია.

პოლიტოლოგი გია აბაშიძე ამბობს, რომ კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაშიც კი, შეიძლება დესტრუქციულმა ოპოზიციამ გამიზნულად ჩააგდოს ეს საკითხი.

„ახალი სახალხო დამცველის არჩევა საკმაოდ გაიწელა დროში და როგორც ვიცით, ეს ევროკომისიის ერთერთი რეკომენდაციაა, რომ ყველასათვის მისაღები უნდა იყოს. თუმცაღა სახალხო დამცველი აირჩევა ხმების მაღალი რაოდენობით, 90 ხმა სჭირდება. ბუნებრივია, მმართველ პარტიასთან, რომელსაც აქვს 75 მანდატი, უნდა ითანამშრომლონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა. თუმცა აქ შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ" არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა, ან წინააღმდეგ მისცეს ხმა. არა იმიტომ, რომ იოსელიანის წინააღმდეგია, არამედ იმიტომ, რომ არ უნდა ისე ჩანდეს, რომ ხელისუფლება ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს.

„ისინი ყოველთვის აფერხებენ ჩვენს ქვეყანაში, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აქედან გამომდინარე, ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ომბუდსმენის არჩევას. თუმცა, ჯერჯერობით მხარეების მკაფიო პოზიცია არ ჩანს. ვნახოთ, დღევანდელი ინიციატივაა და იმედია ჩამოყალიბდებიან, ლევან იოსელიანი იქნება თუ სხვა ვინმე კონკრეტული, რომელიც ნამდვილად არის ასარჩევი.

„რაც შეეხება პირადად ლევან იოსელიანს, ის არის გაწონასწორებული, კონსტრუქციული პოლიტიკოსი ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია, ასე ვთქვათ, იყენებს ცუდ სვლებს, რომ რაღაც გააფუჭოს, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ლევან იოსელიანმა აჩვენა, რომ ის არც მთავრობის მომხრეა და თავის ოპოზიციურ ხაზს ატარებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის მისაღები უნდა იყოს პარლამენტში ნებისმიერი პარტიისთვის", -აცხადებს „რეზონანსთან" გია აბაშიძე.

დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მხარს პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების" წევრ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე, ორშაბათს გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე