ნაზი ბერიძე
(28.02.2023)

ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება, თუმცა ახალ გუნდს ქმნის ახალი ოფისებით - მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არადამაჯერებლად მიიჩნევს. მისი აზრით, ასეთი რამ მხოლოდ რამდენიმე თვეში, დაახლოებით შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

ინფორმაცია მელიას მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობის დაწყების შესახებ ტელეკომპანია „იმედმა" გაავრცელა. მათი ცნობით, მელიას ჯგუფში შევლენ აკაკი მინაშვილი, ბაჩო დოლიძე,, ნუგზარ წიკლაური და გიორგი პატარაია.

ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" აცხადებს, რომ მელიას მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოქმედების დაწყება სახელისუფლებო არხის მორიგი ჭორია, თუმცა არ უარყოფს, რომ ყველა პოლიტიკოსს შეუძლია თავისი დამოუკიდებელი გზის არჩევა და არც იმაშია რამე უჩვეულო, თუკი პოლიტიკოსს საკუთარი ოფისი აქვს.

„ნიკა მელიას პოზიცია ვიცი - ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში". ნიკა ნამდვილად უნდა ყოფილიყო პოლიტსაბჭოშიც, მათ შორის, ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რაც, სამწუხაროდ, მოხდა ძალიან გაურკვევლად, მაგრამ სხვა პოზიცია მისგან არ მომისმენია.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ ყველა პოლიტიკოსს შეუძლია თავისი დამოუკიდებელი გზის არჩევა, ეს არის ჩემი სუბიექტური პოზიცია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს არის, უბრალოდ, ერთი მორიგი პროპაგანდისტული ჭორი სამთავრობო არხისგან. პოლიტიკოსს თავისი ოფისი შეიძლება ჰქონდეს, ამაში ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს", - აღნიშნა დეკანოიძემ.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ენმ-დან მელიას გამოყოფაზე და ახალი გუნდის ფორმირებაზე საუბარი ნაადრევია და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარაუდობს, თუ „ნაცმოძრაობის" ამჟამინდელმა ლიდერმა ვერ შეასრულა დაპირება სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის თაობაზე, მაშინ მელიას ექნება საშუალება იბრძოლოს პარტიის სათავეში დასაბრუნებლად.

„ვფიქრობ,მელიას გადაწყვეტილება, რომ ჯერჯერობით დარჩეს „ნაციონალურ მოძრაობაში", არის სწორი, რადგან მელიას ასაჩქარებლად არანაირი აუცილებლობა ამ შემთხვევაში არ აქვს. ის უნდა დაელოდოს, თუ როგორ განვითარდება პროცესი.

„ახალი თავმჯდომარე მოვიდა დაპირებით, რომ დაიხსნიდა სააკაშვილს და იქნებოდა მწვავე შეტევა ხელისუფლებაზე, რათა სააკაშვილი გაეყვანათ ქვეყნიდან. ჯერჯერობით ეს ვერ სრულდება ვერც აქციებით და არც არაფერი სიახლე არ არის. ამიტომ მელია უნდა დაელოდოს პროცესს. ვფიქრობ, შემოდგომამდე მას ამის დრო აქვს. ის იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა წარმატებები ექნება „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ლიდერს. თუ ხაბეიშვილი ვერ შეასრულებს დანაპირებს, მაშინ მელიას ექნება საშუალება იბრძოლოს იმისთვის, რომ დაბრუნდეს პარტიის სათავეში. რაც შეეხება ახალ გუნდს, არ ვიცი... მგონია, რომ ამ შემთხვევაში ახალი გუნდის ფორმირება ცოტა ნაადრევია და აქაც პროცესს უნდა დაველოდოთ", - აცხადებს „რეზონანსთან"ვახტანგ ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე