ბაჩანა ტყემალაძე
(28.02.2023)

სამშაბათს რუსეთის სიღრმეში, მათ შრის ჩრდილოეთ კავკასიაში, სანკტ-პეტერბუგრსა და მოსკოვის შემოგარენშიც კი, რამდენიმე უკრაინული დრონი, ან, სხვა ვერსიით, უცნობი საფრენი აპარატი დაფიქსირდა. ზოგან რუსების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მათი ჩამოგდება შეძლო, ზოგან დრონები თავად ჩამოვარდნენ და აფეთქდნენ. სანკტ-პეტერბურგში კი რამდენიმე საათის განმავლობაში განგაში იყო გამოცხადებული. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინულ დრონებს ასე ღრმად რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ არ შეუღწევიათ და ეს შესაძლოა მიმდინარე ომში ახალი ტენდენციის დასაწყისი იყოს.

სამშაბათს გამთენიისას ტუაფსეში ნავთობის საცავთან უპილოტო საფრენი მოწყობილობა ჩამოვარდა. დრონების ვარდნა ასევე დაფიქსირდა უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდისა და ბრაიანსკის რაიონებში. გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ბელგოროდში სულ სამი უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევები ერთდროულად იპოვეს.

ბრიანსკის ოლქში ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ უკრაინული სამხედრო დრონი ჩამოაგდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 27 თებერვალს, დილით კიდევ სამმა უპილოტო თვითმფრინავმა შეუტია „ეფესბეს" სასაზღვრო დეპარტამენტის ტექნიკური დაკვირვების პუნქტს ბელგოროდის ოლქის, სევსკის რაიონში, რის გამოც სათვალთვალო კოშკი მწყობრიდან გამოვიდა.

აფეთქება დაფიქსირდა ადიღეაშიც, კონკრეტულად სოფელ ნოვის მახლობლად. ადგილობრივების თქმით, აფეთქება დაახლოებით ღამის ორ საათზე მოხდა, რის შემდეგაც სოფლის მახლობლად მაშველებმა მინდორში ორი მეტრის დიამეტრის ორი კრატერი აღმოაჩინეს და იქვე იპოვეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფრაგმენტები.

სამშაბათს დილით კი სანკტ-პეტერბურგიდან 160 კილომეტრში ამოუცნობი მფრინავი აპარატი შენიშნეს, რის გამოც სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქის თავზე 200 კვადრატული კილომეტრი სააჰაერო სივრცე დაიხურა. ადგილობრივმა აეროპორტებმა რამდენიმე საათით შეწყვიტეს თვითმფრინავების მიღება. ამოქმედდა გეგმა „ხალიჩა", რომელიც ქალაქის თავზე საფრთხის გაჩენის შემთხვევისათვის საჭირო ღონისძებებს ითვალისწინებს. გამოცხადდა განგაში და ჰაერში რუსული ავიაგამანადგურებლებიც აფრინდნენ.

ადგილობრივი დროით 12:30-მდე მდგომარეობა დაძაბული იყო, თუმცა შემდეგ ყველა შეზღუდვები მოიხსნა და სანკტ-პეტერბურგის აეროპორტმა პულკოვომაც განაახლეს მუშაობა. რა ბედი ეწია უცნობ მფრინავ აპარატს, გაურკვეველია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ავიაგამანადგურებლების მოქმედება გეგმიური წვრთნების ნაწილად გამოაცხადა.

რუსი სამხედრო მიმომხილველების უმრავლესობას სამინისტროს ამ ვერსიის არ სჯერა. მათი ვარაუდოთ, ორშაბათს ღამით უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა მიმართულებით თავის დრონების საცდელი გაშვება განახორციელა. მიზანი იყო იმაზე დაკვირვება, თუ თუ სად და როგორ იმუშავებდა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები და იმის განსაზღვრა, თუ რა მანძილზეა შესაძლებელი დრონებით შეღწევა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. მათივე ვარაუდით, ამის შემდეგ მოსალოდნელია უფორ უკეთ დაგეგმილი მიზამინართული დარტყმები რუსეთის სიღრმეში მდებარე სხვადასხვა სტარტეგიულ ობიექტებზე.

სამშაბათს შუადღისას კი უკრაინული დრონი მოსკოვის მახლობლად ჩამოვარდა გაზის საკომპრესო სადგურ „ვოსკრესენსკისგან“ 100 მეტრში, რომელიც პოდმოსკოვიეს კოლომენსკის რაიონშ მდებარეობს. „გაზპრომმა“ ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ინციდენტს სადგურის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

სამხედრო ანალიტიკოსებმა კი შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ფოტოების მიხედვით დაასკვნეს, რომ ეს სავარაუდოდ UJ-22 Airborne მოდელის უპილოტო საფრენი აპარატი უნდა იყოს. მისი ფრენის სიჩქარე 130-140 კმ/სთ-ია და 20 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლია. ასეთი დრონის მოქმედების სიშორე 800 კმ-მდეა, თუმცა აქედან მართვადი ფრენის მაქსიმალური მანძილი მხოლო 100 მეტრია, რის შემდეგაც დრონი ავტომატურ რეჟიმში აგრძელებს ფრენას შერჩეული მიზნისკენ.

ზოგიერთი „ტელეგრამ“ არხი იმასაც წერს, რომ, როგორც ფოტოებიდან ჩანს, დრონი არ იყო აღჭურვილი ასაფეთქბელი ნივთიერებით. ეს კი, მათი აზრით, იმას ნიშნავს, რომ ეს იყო დრონების საცდელი გაშვება რაღაც უფრო მნიშნელოვანი და მასშტაბური დარტყმის მომზადების ფარგლებში.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინა პერიოდულად კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის რუსეთს მათივე ტერიტორიაზე, რაც გავლენას მოახდენს ომის მიმდინარეობაზე.

„ეს უკრაინული დრონებია და მათ აქამდეც განუხორციელებიათ შეტევა ყირიმში ენგელსის სამხედრო აეროდრომსა და ბაზაზე, მაგრამ რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები შეძლებისდაგვარად ახერხებენ დრონების დროულ ჩამოგდებას.

აქამდე უკრაინულ დრონებს ასე ღრმად არ მიუღწევიათ და, რა თქმა უნდა, შესაძლოა მოსახლეობაში გაჩნდეს დაუცველობის გრძნობა, რაც შემდგომ იქონიებს გავლენას საზოგადოების აზრზე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პუტინის რეიტინგი 75%-ია, ეს მაინც შედარებით შორი პერსპექტივაა.

„ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის მთავარი მიზანი რუსული სტრატეგიული ობიექტების განადგურებაა, რაც ფსიქოლოგიურ ზარალთან ერთად რუსეთს მილიონობით დოლარი დაუჯდება.

„საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ რუსეთმა, ასე ვთქვათ, მოიხსნა ბირთვული პასუხისმგებლობები და უფრო საშიში გახდა ამ თვალსაზრისით, ზრდის ბირთვული ომის საფრთხესაც, მაგრამ უკრაინა ამ შეტევის შემდგომ, წესით განაგრძობს ამ ტიპის თავდასხმებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე