უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება არ მოხდება
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
(07.02.2023)

გასულ კვირას ევროკავშირ-უკრაინის ყოველწლიური სამიტის გამართვა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის. ზელენსკიმ თითქმის სრული შემადგენლობით ჩასული ევროკომისიისგან სრული მხარდაჭერა მიიღო, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისა და მზარდი ეკონომიკური  თანადგომის გარდა. დაიძრა უკრაინის თანამედროვე ტანკების მომარაგების საკითხიც, თუმცა უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის ამბიციას აღსრულება არ უწერია.

გაწევრიანების საკითხის განხილვისას, პირველ რიგში, აუცილებელი პრემიერ-მინისტრ შმიგალის ბოლოდროინდელი მოსაზრების გახსენებაა, როდესაც მან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის ქვეყანას „აქვს ევროკავშირში 2 წელიწადში გაწევრიანების ძალიან ამბიციური გეგმა“.

ასეთი არარეალური პოზიცია ევროკავშირში დიდ შეშფოთებას იწვევს. ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ყოველმხრივ დახმარებს ჰპირდებიან, მათ შორის - უკრაინის ევროკავშირის შიდა ბაზართან მიერთებაში, მაგრამ ასევე ცდილობენ, საჯარო განცხადებების გარეშე, კიევის მადის დაოკებას, რათა ზიანი არ მიაყენონ უკრაინელთა ბრძოლისუნარიანობასა და მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ გასული წლის მაისში აცხადებდა, რომ უკრაინის გაწევრიანებას ათწლეულები დასჭირდებოდა.

კიევში მიღებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ადასტურებს უკრაინის ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის ვალდებულებას“ და „მიიღებს შემდეგი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც კი ევროკომისიის მიერ დადგენილი წინაპირობები იქნება მთლიანად შესრულებული“.

ამასთან, წევრ ქვეყნებს შორის დიდი დისკუსია გაიმართა ერთი ფრაზის გამო. ნაწილი ქვეყნებისა ითხოვდნენ უკრაინის „მნიშვნელოვანი პროგრესის“ აღნიშვნას, მაგრამ თავისი გაიტანეს გერმანიამ, ნიდერლანდებმა, სხვა დასავლეთევროპულმა ქვეყნებმა და „პროგრესი“ შეიცვალა „ძალისხმევით“.

უკრაინა ევროპის ყველაზე ღარიბი და ევროკაშირის სახსრების მსხვილი მიმღები ქვეყანაა, თუმცა ეს არაა ზელენსკის ხელისუფლების მთავარი პრობლემა. დღეს გადარჩენისთვის მებრძოლი, ომში მყოფი ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩართული. ერთი მხრივ, ამის აღნიშვნა რუსეთის ანტიუკრაინულ პროპაგანდაზე წყლის დასხმად შეიძლება იყოს აღქმული, მაგრამ მთელ სახელწიფო აპარატში გამჯდარ კორუფციაზე თვალის დახუჭვასა და უპირობოდ ევროკავშირის წევრობის გარანტიის მიცემას ვერც პოლონეთი და ვერც ბალტიისპირეთის ქვეყნები ვერ იღებენ საკუთარ თავზე.

ოთხშაბათს, სამიტამდე 2 დღით ადრე, უკრაინაში მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია დაიწყო. შეიარაღებული ძალებისთვის სურსათის სამმაგ ფასებში შესყიდვის შემდეგ, თანამდებობა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დატოვა, ასევე გაათავისუფლეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და გენერალური პროკურორის მოადგილეები, საბაჟოს მთელი შემადგენლობა, დააკავეს სხვა, შედარებით „წვრილფეხა“ ჩინოვნიკები. ბრძოლის პოზიტიური სურათის შექმნისთვის ასევე ჩხრეკა ჩაატარეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ არსენი ავაკოვსა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ზელენსკის არჩევაში. კიევში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა შესაძლებელი იყო ქვეყნის დაუსჯელად ძარცვა.

გაჩაღებული კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აწარმოებდნენ, თუმცა აშკარაა, რომ მათი გამოსვლები კვალის არევას ისახავს მიზნად, ხოლო კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებამდე მიდის და უკრაინაში კვლავ არსებობენ ხელშეუხებელი ჩინოვნიკები, მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თვით ანდრეი ერმაკი. სწორედ ერმაკის მიერაა შერჩეული ყველა საკვანძო თანამდებობაზე მყოფი კორუფციონერები.

სწორედ ამიტომ, ბრიუსელში წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან აცხადებენ, რომ უკრაინის წევრობის სწრაფი გზა არ არსებობს, ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნის გზა გრძელია და უკრაინა გამონაკლისი ვერ იქნება.

მათი აზრით, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების უკრაინის მხარდამჭერი რიტორიკა სულ უფრო წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან. რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომ შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა, ანუ მოლაპარაკების დაწყება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ 7 მოთხოვნის სრულად შესრულების შემდეგ.

იგივე აზრი ინტერვიუში პირდაპირ გამოთქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა:

„ეს იყო ძლიერი სიგნალი, როდესაც მოლდოვასა და უკრაინას მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. წევრად გახდომისთვის ყველა კანდიდატი უნდა შეესაბამებოდეს აუცილებელ კრიტერიუმებს, ესენია: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე ბონუსი ომში ჩართული უკრაინისთვის, შოლცის პასუხი მოკლე და ნათელი იყო: „გაწევრიანებისთვის არსებული მოთხოვნები ყველასთვის ერთნაირია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე