პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ კრიზისი წინ არის
ია აბულაშვილი
(03.02.2023)

„შეიძლება პარტია ახალი თავმჯდომარის არჩევის წინაშე დადგეს, „ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისი წინ არის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არჩევნების შემდეგ პირველ დაპირისპირებას, რომელიც ახლად არჩეული თამჯდომარის განცხადებას მოჰყვა.

თანაპარტიელებმა ლევან ხაბეიშვილი არაკოლეგიურობაში დაადანაშაულეს და საჯარო განცხადებების წინასწარ მათთან შეთანხმება მოსთხოვეს. ხაბეიშვილი კრიტიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ „ოცნებისადმი" შეთავაზება ძალაში რჩება და მზად არის, სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ უარი თქვას მანდატებზე პარლამენტსა და საკრებულოებში.

„თვალში საცემია ხაბეიშვილის გამოუცდელობა და მოუმზადებლობა, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რა უფლებით, ან ვისი სახელით? თუ ასე გააგრძელა, ალბათ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგება. მელია - არა, მაგრამ შეიძლება სხვა პიროვნება იყოს. ხაბეიშვილი ძალიან გვიან შეირჩა, არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა და გაჭირდება, მისგან ჩამოისხას ნორმალური პოლიტიკოსი. მელია არ დათანხმდა მოთხოვნებს, ამიტომ კეზერაშვილ-მერაბიშვილისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა, ხაბეიშვილი თუ „ტაბურეტკა."

ბრძოლა გრძელდება 5 ნომრისთვის და პარტიის სახელისთვის, ვინ მეტ მომხრეს გაიყვანს მომავალ პარლამენტში. დღეის მდგომარეობით, მელიამ აიღო ხმების 40%, რაც სახუმარო ციფრი არ არის, თანაც ალალი ხმებია, მელიას ფული არ ჰქონდა. დანარჩენმა კანდიდატებმაც აიღეს გარკვეული ხმები. ანუ პარტიის დაშლის შემთხვევაში, რასაც არ ვუსურვებ, თუმცა „ნაცმოძრაობის" დაშლაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, პარტიას წევრების ნახევარი დატოვებს.

მეორე კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებამდე 6 თვით ადრე დაუდგება, როცა სიების შედგენა დაიწყება. ვნახოთ, როგორ გაიყოფენ სიებს მელია და ხაბეიშვილის გუნდი. უახლოეს პერიოდში თუ არ დაიშალა პარტია, მაშინ მართლაც დაიშლება," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე