თამთა ჩაჩანიძე
(03.02.2023)

ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ევროკომისიის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიშზე საუბრისას.

ანგარიშს ოპოზიციაც გამოეხმაურა, მათი თქმით, შეფასება „აღვირახსნილი რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოა" და ანგარიშის შედეგად გამოჩნდა, რომ ქვეყანა თუ რეფორმებს განახორციელებს, სტატუსს მიიღებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას. წესები იცავს მომხმარებლებს და მხარს უჭერს თანამედროვე სერვისების უნივერსალურ ხელმისაწვდომობას.

"სტატისტიკის მხრივ, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე. უმეტესწილად, ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტები არსებობს საჭირო სტატისტიკური მონაცემების მოსამზადებლად და სისტემის შემდგომი განვითარებისათვის, რათა მათ ის ევროკავშირის სტანდარტებთან დააახლოონ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს, შემაშფოთებელია რესურსების ადეკვატურობა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, „საქსტატს", ჰყავს თანამშრომელთა შედარებით მცირე რაოდენობა და ხელფასების დონე არ შეესაბამება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში დასაქმებულ მოხელეთა ხელფასებს. შედარებით შეზღუდულია ფინანსური და IT რესურსებიც.

„ფინანსური მომსახურების სფეროში საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე. საქართველოს მოუწევს მნიშვნელოვანი დამატებითი საკანონმდებლო და ოპერატიული ნაბიჯების გადადგმა თავისი წესების დასარეგულირებლად მრავალ სფეროში, კერძოდ, კაპიტალის მოთხოვნების რეგულირებისა და დირექტივის, საინვესტიციო ფირმების რეგულირებისა და დირექტივის, ბანკების აღდგენისა და გადაწყვეტის დირექტივისა და ზოგადი ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, საქართველოს დასჭირდება არსებითად გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები ახალი ღონისძიებების განსახორციელებლად ყველა სფეროში. სადაზღვევო და კაპიტალის ბაზრები კვლავ განუვითარებელია",- აღნიშნულია ანგარიშში.

მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

"ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანინონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ.

„დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროკომისიის ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშის შეაფაებისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხარისხი წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომლის გარეშეც ევროკავშირში წევრობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

როგორც დარჩიაშვილმა განმარტა, ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფუნდამენტური უფლებები, რაც მოიცავს სამართალდამცავ სფეროში ევროკავშირთან პოზიტიურ თანამშრომლობას, ძირითად თავისუფლებებს და უსაფრთხოებას. მინისტრის შეფასებით, ანგარიშის სპეციალური შეფასების გრადაციის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასებები.

„ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა სფეროში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პოზიტიური შეფასება ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა საბაჟო კონტროლი, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, განათლება, მეცნიერება და ინოვაციები, სამეწარმეო და ინდუსტრიული პოლიტიკა, ფინანსური მომსახურება და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, სერვისების გადაადგილების თავისუფლება და სხვა", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დოკუმენტს ოპოიციიან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძეც გამოეხმაურა, მისი თქმით, ეს შეფასება „აღვირახსნილი რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოა", მისი თქმით, პარტნიორებს პროგრესის დანახვაც შეუძლიათ, სტატუსზე გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის და საქართველოს „მეორე ფრონტის" გახსნას არავინ სთხოვს.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშის შედეგად გამოჩნდა, რომ ქვეყანა თუ რეფორმებს განახორციელებს, სტატუსს მიიღებს.

„თუ რეფორმებს ჩავატარებთ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ხოლო ომზე პროპაგანდა არის ცრუ დილემა, რუსული საქმე და ქვეყნის ღალატი. ის, რომ პატარა პროგრესი სამართლის კუთხით ბევრ საკითხზე დანახულია იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება" იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და საქართველოში მეორე ფრონტი უნდოდათო. ეს ანგარიში გვაჩვენებს, რომ კობახიძე ყოველ დღე გვატყუებდა. ქვეყანა თუ 12 რეკომენდაციას შეასრულებს, ამასაც დაინახავენ და ქვეყანას სტატუსს მისცემენ, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ერთი წელია ირაკლი კობახიძე რუსული პროპაგანდის კვალდაკვალ ამტკიცებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე