თამთა ჩაჩანიძე
(31.01.2023)

დონეცკის ფრონტზე რუსული არმია კიდევ ერთი მიმართულებით გააქტიურდა. ბახმუტთან სისხლიანი ბრძოლებისა და ოპერატიული ალყის საფრთხის პარალელურად, ვრცელდება ცნობეა ქალაქ უგლედართან რუსების ახალი მასშტაბური შეტების მომზადების შესახებ. ეს შესაძლოა პირდაპირ უკავშირდებოდეს პრეზიდენტ პუტინის დავალებას, რომ რუსულმა ძალებმა თებერვლის ბოლომდე სრულად დაიკავონ დონეცკის ოლქი. სამხედრო სპეციალისტები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ უგლედართან საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯეს, შეტევის ტემპიც არ დაუგდიათ, თუმცა წინ წაწევა ვერ შეძლეს.

ამასთან ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ რუსების ტაქტიკის უცნაურობას - როდესაც ცოცხალი ძალა დამოუკიდებლად, მძიმე ტექნიკის მხარდაჭერის გარეშე მიდის შეტევაში და ტანკები კი - ქვეითთა თანხლების გარეშე.

ბრძოლა ბახმუტშიც მიდის. ლოგისტიკური ხაზები უკრაინის კონტროლქვეშაა, თუმცა რუსების მხრიდან ინტენსიურად იბომბება და ალყის შემორტყმას ცდილობენ. ანალიტიკოსთა ინფორმაციით, უკრაინელები აქ ჯერჯერობით წარმატებით იგერიებენ მოწინააღმდეგის შეტევებს.

ამის პარალელურად დასავლეთში კიევისათვის არცთუ სასიამოვნო განცხადება გაკეთდა - აშშ ამ ეპატზე თავს შეიკავებს უკრაინისათვის თანამედროვე ავიაგამანადგურბელი „ეფ-16"-ების გადაცემისგან. სამხედრო ექსპერტების აზრით, ვაშინგტონის უარი ამ ეტაპზე რამდენიმე მიზეზის გამო ლოგიკურია, თუმცა ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს, რომ ეს საკითხი დახურულია.

უარი „ეფ-16"-ებზე

კითხვაზე, გადასცემს თუ არა აშშ სამხედრო თვითმფრინავებს, რომელთა მიღებასაც კიევი ძალიან ცდილობს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს მოკლედ უპასუხა: „არა".

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა გარკვეული პირობების შესრულება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ, მოროვეცკიმ აღნიშნა, რომ მზად არიან უკაინას ამერიკული „ეფ-16" ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, როგორც კი შეერთებული შტატები ამას მწვანე შუქს აუნთებს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის, მისი თქმით, „ის ფაქტი, რომ გერმანიამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ აშშ-ის უარი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.

„პენტაგონმაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე აშშ „ეფ-16" თვითმფრინავების გადაცემას არ აპირებს. მანამდე პოდოლიაკმა და რეზნიკოვმა განაცხადეს, რომ უკრაინას ამ ტიპის 180-200 თვითმფრინავი სჭირდება, რათა ცა გადაკეტოს. ამერიკელების პოზიცია გასაგებია, რადგან „ეფ-16"-ები ერთ-ერთ ყველაზე საბაზისო ტიპის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღების კომპონენტად რჩება. აქ რამდენიმე ფაქტორია:

„1. ამერიკელებს არ სურთ, რომ ეს შეიარაღება უკრაინის ფრონტზე გამოჩნდეს, რადგან ფაქტიურად სტრატეგიულ არაბირთვულ დამრტყმელ შიარაღებას წარმოადგენს, რომელსაც ბირთვული იარაღის კომპონენტების გადატანა შეუძლია. საუბარია ბირთვული ავიაბომბებსა და „ჭკვიანი", ლაზერული დამიზნების ფრთოსან რაკეტებზე. ამან შესაძლოა კონფლიქტის გამწვავება გამოიწვიოს, რომელიც გლობალური დაპირისპირების სახეს მიიღებს.

„2. ამ შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემა საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. კიევისგან დასახელებული რაოდენობის მეორე თაობის თვითმფრინავები თავისი კომპონენტების ჩათვლით დაახლოებით 32-33 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

„3. ამას ემატება იმიჯის ფაქტორი, რადგან „ეფ-16"-ების კლასიფიკაცია თავისი კომბინაციებით რუსული „მიგ-29"-ისა და „სუ-30-35"-ის კლასიფიკაციას უდრის. თუ რუსეთმა მათი ჩამოგდება დაიწყო, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, ეს ამერიკული იარაღის იმიჯის დაკნინებას გამოიწვევს და პროპაგანდისტული კუთხით ამან შესაძლოა აშშ-ის გეოსტრატეგიულ ინტერესებს იმიჯი შეულახოს.

„4. ის, რომ ეს ტექნილოგიები რუსებს ხელში არ ჩაუვარდეთ, ვიეტნამის ომის მაგალითმა ეს კარგად აჩვენა.

„5. ასევე „ეფ-16"-ებზე უკრაინელი სამხედროების გადამზადებას საკმაოდ დიდი დრო უნდა, რადგან მისი მართვა ძალიან რთულია.

„მათ არგადაცემას ფრონტზე ის გავლენა ექნება, რომ უკრაინაში რუსული სამხედრო-საჰაერო კოსმოსური ძალების ოპერატიულ სტრატეგიული დომინანტობა სამწუხაროდ კვლავ შენარჩუნდება და უკრაინული ცა იმ დაცვით იქნება, როგორც დღესაა", - განაცხადა მაისაიამ.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული აშშ-მა „ეფ-16"-ების გადაცემაზე პოზიცია მომავალში შეცვალოს.

„ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, აშშ ფიქრობს, რომ არც თავად და არც უკრაინა მზად არ არიან უკრაინის თავზე საჰაერო დომინაციისთვის. ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ჰაერში ბრძოლის წარმოებამ შესაძლოა სივრცე გააფართოვოს და მათი კონტროლი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ტანკების.

„ესაა უბრალოდ ამ ეტაპზე არსებული მოლოდინები, შიშები და ფიქრები. ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა გამორიცხავდეს იმას, რომ დახურული საკითხია. გარვეულ ეპატზე არც „აბრამსის" გადაცემა არ განიხილებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს განწყობა შეიცვალა, უკრაინელებმა თავისი მიღწევებით დაამტკიცეს, რომ თუკი საჭიროება მოითხოვს, შესაძლოა მსგავსი რამ მაინც მოხდეს", - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

ახალი მიმართულება დონეცკის ფრონტზე

საოკუპაციო ძალებს დონეცკში ახალი მიმართულებით წინსვლა სურს, რუსებმა რეგიონის სამხრეთ ნაწილში მდეგარე უგლედარზე შტევის ახალი ტალღა დაიწყეს. როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ახალ ანგარიშში წერს, რუსეთმა ბოლო სამი დღის განმავლობაში პავლოვკისა და უგლედარის ირგვლივ სავარაუდოდ საცდელი თავდასხმები ორგანიზებულ შტურმამდე განავითარა

„აღნიშნული დასახლებები ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით 50 კმ-შია. 2022 წლის ნოემბერში ამავე ზონაში რუსეთი წარუმატებლად შეიჭრა 155-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადით. ამავე 155-ე ბრიგადის მინიმუმ ერთმა ქვედანაყოფმა, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაიწია მდინარე კაშლაჰაჩის მიღმა, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში ფრონტის ხაზი გადიოდა", - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

მათივე აზრით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი მოიპოვებს ლოკალურ წარმატებებს ამ სექტორში. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთს საკმარისი ძალები ჰყავდეს ამ რაიონში, რათა ოპერატიულად მიშვნელოვან გარღვევას მიაღწიოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ უგლედარი და ავდიივკა უკრაინის პოზიციის ცენტრებია, რომლის დაკარგვამ შეიძლება თავდაცვითი ბმულობა მაქსიმალურად მოშალოს, რუსეთი კი ზუსტად ამას ცდილობს.

„უგლედარი და ავდიივკა პოზიციის ცენტრებია, რომლის დაკარგვამ შეიძლება თავდაცვითი ბმულობის ელემენტები მაქსიმალურად მოშალოს. რუსეთი ზუსტად ამაზეა ორიენტირებული, რომ ეს პოზიციის ცენტრები მოშალოს.

„უგლედარში სიტუაციას ჯერჯერობით უკრაინელები აკონტროლებენ და რუსები ცდილობენ, რომ დაიკავონ. თუ არ ვცდები, სამხრეთის მისადგომები დაიკავეს, ხოლო თავად დასახლებას, სამრეწველო ზონას, მათ შორის საშახტო ტერიტორიას უკრაინელები აკონტროლებენ",- განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი აცხადებს, რომ უგლედარზე რუსების იერიში ინტენსიურია, თუმცა მათი წინსვლა თითქმის არ შეინიშნება.

„უკვე ერთი კვირაა იერიში მიდის. ბახმუტისგან განსხვავებით აქ უფრო მეტად პროფესიონალური დაჯგუფება აქტიურობს - როგორც რეგულარული სამხედრო ძალები, ისე მობილიზებულები. იერიში ძალიან ინტენსიურია, თუმცა ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ ამხელა იერიშის ფონზეც კი წინსვლა თითქმის არ შეინიშნება. ქალაქზე მიახლოვების მცდელობა იყო და უკან დაიხიეს. შემდეგ იქვე არსებულ აგარაკების ზონასთან მიახლოება შეძლეს, თუმცა აქაც უკან დაიხიეს.

„რუსებმა უგლედარზე შტურმისთვის ამ ერთ კვირაში ძალიან დიდი რესურსი გაიღეს, საკმაოდ უცნაურია, რომ მათი ტაქტიკა პრაქტიკულად იგივე დარჩა, რაც იყო - მასირებული შეტევა მიდის, ტანკები ქვეითების კონტროლის გარეშე მიდიან, ქვეითები კი მძიმე ტექნიკის კონტროლის გარეშე. უცნაური შეტევის ფორმაა, ეს უფრო პირველი მსოფლიო ომის დიდ მასირებიულ შეტევას წააგავს. წარმატება რუსეთს არ აქვს, არადა ტემპი არ დაუგდია.

„უგლედარი ვოლნოვახასკენ ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო ქალაქია. რკინიზგა პრაქტიკულად ხელის გულზე ჩანს და უკრაინული არტილერია მარტივად ადევნებს თვალს და რუსული მომარაგების ხაზები ძალიან არასტაბილურია. თუ რუსებმა ქალაქი აიღეს, მაშინ შეიძლება მათ მარიინკასკენ გზა გაეხსნათ და თუკი ამ მხრივ ხაზი გაირღვევა, მაშინ უკრაინელებს დონეცკის რაიონში ამ მიმართულებაზე 20-30 კმ-ით უკანახევა მოუწევთ.

„ამ ეტაპზე თავისი მოცემულობით უგლედარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბახმუტი, რადგან ამ ქალაქიდან უფრო მეტი რამ კონტროლდება", - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

რა ხდება ბახმუტში

ვახტანგ მაისია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსები ბახმუტში მიზნანს ვერ აღწევენ და სიტუაცია კრიტიკულად სტაბილურია.

„ბახმუტში ახლა მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაციაა. რუსები თავიანთი მიზნების მიღწევას ვერ ახერხებენ და ეს კარგია, სიტუაცია კრიტიკულად სტაბილურია. რუსებს ალყა ამ ეტაპზე არ გამოსდიოთ.

„დასავლეთმა ტანკები თუ მალე გადასცა კარგია, რადგან რუსები თებერვალში და მარტში საბრძოლო მოქმედებების კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებენ", - განაცხადა მაისაიამ.

გიორგი კობერიძის თქმით კი, ბახმუტში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თისობრივად არაფერი შეცვლილა, თუმცა სისხლიანი ბრძოლები კვლავ გრძელდება.

„ბახმუტში ბრძოლები და ალყის შემორტყმის მცდელობა გრძელდება, თვისობრივად არაფერი შეცვლილა. ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი, რომელიც დასავლეთისკენ მიდის, ჯერჯერობით უკრაინელების ხელშია, რუსები ამ ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავენ.

„აქ სამი გზაა, რომელიც უკრაინელების პირდაპირ ან ირიბ კონტროლს ექვემდებარება. პირველი კრამატორკსისკენ მიდის, ეს თავისუფალი და ღიაა, მაგრამ რუსები ბომბავენ. მეორე გზა სლავიანსკისკენ მიდის და ეს ამ ეტაპზე გამოუყენებელია, რადგან აქ ინტენსიური ცეცხლია. მესამე ერთ-ერთი ყველაზე მშვიდია, ჩასივ-იარის გზაა, რომელიც შედარებით ნაკლებად გამტარუნარიანია, თუმცა ალყის პირობებში რუსებს ამ გზასაც გადაკეტავენ", -განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე