ელზა პაპოშვილი
(31.01.2023)

მზადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაშვებისთვის ნიადაგი და რატომ დაიწყო სააკაშვილის ჯამრთელობის ირგვლივ ენმ-ის ახლად არჩეული თავმჯდომარის განცხადების შემდეგ პარტიაში დაპირისპირება? სამშაბათს გავრცელებულმა ცნობამ, რომ ექსპრეზიდენტი მდგომარეობის გაუარესების გამო რეანიმაციაში გადაჰყავთ, პარტიაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. პარტიის ლიდერთა ნაწილი კი ხაბეიშვილს არაკოლეგიურობაში ადანაშაულებს და საჯარო განცხადებების წინასწარ მათთან შეთანხმებას სთხოვს.

ინფორმაცია კი სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე, თავდაპირველად ენმ-ის წევრმა გიორგი ჩალაძემ გაავრცელა. ამის შემდეგ ადგილზე მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და ენმ-ს წევრებმა დაიწყეს შეკრება. იქ იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილიც.

დღის განმავლობაშიც ექსპრეზიდენტი დედამ და ადვოკატებმა მოინახულეს. კლინიკის ხელმძღვანელობა რეანიმაციაში მის გადაყვანას უარყოფს და აცხადებს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. დღის ბოლოს გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანამდე შესაბამისი პროცედურები აქვს გასავლელი, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კლინიკასთან მყოფი ლევან ხაბეიშვილის მიერ ხელისუფლებისათვის გაკეთებულ შეთავაზებას კი მისივე პარტიაში მოჰყვა უკმაყოფილება და კრიტიკა.

მოვლენების ქრონოლოგია

კლინიკა „ვივა მედში“ მესამე პრეზიდენტის გაუარესებული ჯამრთელობის შესახებ ინფორმაცია დილით  დედამ, გიული ალასანიამ გაავრცელა. მან მედიასთან საუბრის დროს თქვა, რომ ორშაბათს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაკარგა გონება. 

„ისევ გონების დაკარგვის ეპიზოდი გამეორდა. ძალიან ცუდადაა. ეს პროცესები მიდის, ხვალ იქნება კიდევ პროცესი, გუშინ იყო, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ ვიცი როდემდე გაძლებს. ამდენი ხანი გაძლებს ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში?! ძალიან მეეჭვება, რა ვიცი. ეს მომდევნო კვირა აღარ დაილია“, - თქვა გიული ალასანიამ.  

ამის შემდგე კი პარტიის წევრმა გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავდათ. 

„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, კრიტიკულ ზღვარზე, სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა ჩალაძემ.

განცხადება ასევე გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. მისი თქმით, კლინიკა „ვივა მედიდან“ მას მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.

დღის მეორე ნახევარში ხაჭაპურიძე თავად იმყოფებოდა კლინიკაში და ექსპრეზიდენტს შეხვდა, რის შემდეგაც მედიას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. მისი ცნობით, ექიმებმა სააკაშვილს განუცხადეს, რომ რეანიმაციაში გადაყვანა ესაჭიროებოდა და მან ამაზე თანხმობა განაცხადა.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხეიძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური.

„დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური, კოვიდინფექციაზე ტესტი არის უარყოფითი. ეს მემგონი მის მომხრეებსა უნდა უხაროდეთ, მაგრამ მემგონი, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური“, - თქვა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ. 

კლინიკის დირექტორმა ნინო ნადირაძემ კი „ქორნიკასთან“ საუბარში სააკაშვილის რენიმაციაში გადაყვანა არ დაადასტურა.

„დღეს დილიდან დედამისიც იყო, ასევე ორი ადვოკატი, კიდევ ორს ელოდება, მგონი შევიდნენ. პაციენტი იმყოფება ისევ თავის პალატაში. ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს", - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

დაპირისპირება ენმ-ში

ინფორმაციას ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებასა და რეანიმაციაში მი გადაყვანაზე „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ სერიოზული ვნებათაღელვა და სხვადასხვა განცხადებები მოჰყვა, რაც საბოლოოდ შიდა დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ენმ-ის ახლადარჩეულმა თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტია მზადაა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტიც დატოვოს, საკრებულოებიც და პარტიის ოფისიც „ქართულ ოცნებას“ გადასცეს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი რომ დადგეს, ისე კი არა უაზროდ, შედეგის დაყენების შემთხვევაში, აქედანვე ვთავაზობ რუსულ ოცნებას - პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი რომაა, „ქართულ ოცნებასაც“ და ბიძინა ივანიშვილსაც გადავუფორმებთ. მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ყველაფერს ნულიდან. მათ ხომ უნდათ, რომ გაქრეს ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“... მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს", - თქვა კლინიკა „ვივა მედთან“ მისულმა ლევან ხაბეიშვილმა. 

მას საკმაოდ მწვავედ უპასუხა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც სამშაბათს ოფიციალურად დატოვა პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ - ისეთი განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, პარტია არის კოლეგიალური ორგანო და მოსაზრებების გაზიარებაა საჭირო. ხაბეიშვილის განცხადება კი მასთან შეთანხმებული არ ყოფილა

„აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება. ამ განცხადებების შესახებ არ ვიცოდი. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ პარტია არის კოლეგიალური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების გაზიარება. მე არ ვიცი, ეს რა კონტექსტში ითქვა, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი სერიოზული განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ ახლა გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა", - განაცხადა დეკანოიძემ.  

რა სათადარიგო გეგმა შეიძლება ჰქონდეს „ოცნებას“ 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დიდი ალბათობით ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის ნათელი მაგალითი კი „ვივა მედის“ დირექტორის განცხადებებია, რომელიც პრატიკულად ადასტურებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სახარბიელო არ არის. ამიტომ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლების თემა მუდმივად მზად აქვს იმისთვის, რომ თუ დასჭირდა გამოიყენოს. 

„საზოგადოება ხელისუფლებას უკვე შემზადებული ჰყავს. ამით აჩვევს ამომრჩეველს, რომ შესაძლოა გაუშვას, რადგან ცუდად არის. თუ არ დასჭირდება - არ გუშვებს. ამით კი მოსახლეობის შეშინებას კიდევ უფრო  შეძლებს. 

„ოცნებას“ მუდმივად აქვს სათადარიგო გეგმა. მისთვის სააკაშვილი არის ძალიან კარგი კოზირი ყველა მიმართულებით გამოსაყენებლად. თუ შეხედავს, რომ თუნდაც 2024 წლის არჩევნებისთვის გამოჩნდა მესამე ძალა, რომლისკენაც საზოგადოებამ გახედვა  დაიწყო, მაშინ სააკაშვილის თემას გააცოცხლებს. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ის შინა პატიმრობაში გადაიყვანონ.

ძალიან საყურადღებო იყო დედის, გიული ალასანიას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საზღვარგარეთ გაყვანას სამკურნალოდ კი არ ვითხოვთო, არამედ სასჯელის გადავადებასო. ანუ უკვე იქმნება იმის წინაპირობა, რომ შესაძლოა ის გამოუშვან. ოჯახიც სხვაგვარად ალაპარაკდა. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხაბეიშვილის პოზიციების გასამყარებლად მიშაც კი დათმონ და მისი გათავისუფლება მის აქტიურობას მიაწერონ. ამით მოსახლეობაში „ნაცების“ მიმართ  შიშს კიდევ უფორ გაამძაფრებენ. ახლა ხელისუფლებისთვის კეზერაშვილი და მერაბიშვილი საჩუქრებივით არიან. „ნაცები“ მომთავრებული ჰყავდათ, ახლა კი ისევ უჩნდებათ შანსი, რომ ეს 2024 წლის არჩევნებში გამოიყენონ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, დიდი ალბათობა იმის, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილი შინა პატიმრობაში გადაიყვანოს და გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინონ. ეს კი შესაძლოა ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდეს. ხელისუფლება ამით მისი გარდაცვალების რისკებს თავიდან აირიდებს, თუმცა ის თუკი დასჭირდება, აქვე ეყოლება. ენმ-ის გამარჯვებული გუნდი კი ამით ქულებს ჩაიწერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე