თამთა ჩაჩანიძე
(30.01.2023)

ენმ-ს თავმჯდომარეობის ორდღიანი არჩევნების შედეგები ცნობილია - ნიკა მელია პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილმა შეცვალა, დამარცხებულმა კანდიდატებმა ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცეს და პარტიაში დარჩენა გადაწყვიტეს. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან „თავმჯდომარე ყველას შეეძლო აერჩია". ანალიტიკოსთა აზრი კი ორად იყოფა, ნაწილს მიაჩნია, რომ ამ პროცესით საბოლოო ჯამში „ოცნებამ" მოიგო, ნაწილი კი ამბობს, რომ ის რადიკალიზმი, რაც წინაასარჩევნო რიტორიკაში იდო, ნაკლებადმოსალოდნელია, რომ გაგრძელდეს, რადგან ამან პარტიის რეიტინგი თითქმის 2%-მდე დასწია.

ანალიტიკოსთა თქმით, სისტემა, რომლის მეშვეობით არჩევნები ჩატარდა ძირითადი ეჭვის საფუძველს იძლევა, რომელიც შესაძლოა მომწიფდეს. მათი თქმით, კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებმა საკმაოდ ადვილად მისცეს ხმა და არაა გამორიცხული, რომ ანალოგიური გაეკეთებინა, გამარჯვებულის მხარდამჭერ ჯგუფს, ან თუნდაც სახელისუფლებო პარტიას.

რაც შეეხება შედეგებს, პროცენტები ასე გადანაწილდა: ლევან ხაბეიშვილმა - 52.58% მოიპოვა, ნიკა მელია - 40% გიორგი მუმლაძე - 3.68%, ნონა მამულაშვილი - 3.73%.ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 49 638 ადამიანი.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და პარტიის დაშლაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს.

„ასეთი პოზიცია აქვს - ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა, დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო. ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე არ იყოს ლაპარაკი",-განაცხადა გიული ალასანიამ.

„არ ვაპირებთ ზეიმს - დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს - მიშა [სააკაშვილი], მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი",- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით," დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა" ახალი შემართებით იწყებს რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას და მისი პარტია ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის".

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამმა წევრმა: ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ბაჩო დოლიძე საორგანიზაციო მდივნის პოსტს იკავებდა, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. როგორც მათ განმარტეს, ენმ-ს რიგებში კვლავ რჩებიან, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

რაც შეხება პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, კობა ნაყოფიას, ამბობს, რომ პარტიაში როგორც მინიმუმ იქნება, მანამ, სანამ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობას კი არ მიიღებს.

რას ამბობენ დამარცხებული კანდიდატები

კანდიდატები მიიჩნევენ, რომ ყველაფრის მიუხედავად არჩევნები შედგა, მათ ლევან ხაბეიშილს გამარჯვება მიულოცეს და პარტიაში დარჩენა გადაწყვიტეს.

„მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული, მას ვულოცავ. ამ შედეგს ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ის ამას მოახერხებს", - განაცხადა აწ უკვე ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, პარტიაში რჩება და გადაწყბვეტილებას მიიღებს თუ „რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში".

ხაბეიშვილს გამარჯვება ნონა მამულაშვილმაც მიულოცა, თუმცა ამასთან მწვავედ გააკრიტიკა კიდეც.

„ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა...

ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე",- აცხადებს ნონა მამულაშვილი.

ხაბეიშვილს გამარჯვება გიორგი მუმლაძემაც მიულოცა, მისი აზრით, ენმ-ს მხარდამჭერებმა ხმა ცვლილებებს დაიუჭირა, პარტიის დატოვებას არც იგი გეგმავს და მიაჩნია, რომ „ახლა საქმის დროა ლაპარაკის ნაცვლად", თუმცა როგორც მუმლაძე დასძენს, ხმის მიცემის პროცესში ხარვეზები იყო.

„მე „ნაციონალურ მოძრაობაში" ამ მომენტისთვის არანაირი პოზიცია არ წარმომიდგენია, რიგითი წევრი ვარ, ასეც ვიყავი, თანამებრძოლი. განხილვები იქნება, ვის რისი გაკეთება შეუძლია. ამის მიხედვით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. არჩევნების მიმდინარეობის დროს გარკვეული ხარვეზები არსებობდა ადა არსებობს.

„ამ კუთხით, გარკვეული შეფასებები მოხდება, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ თავმჯდომარის არჩევას ამ წესით არ ვაპირებთ, შიდაპარტიული არჩევნებით ზოგადად აირჩევიან, როგორც პოლიტსაბჭოს წევრები, ასევე, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები. სისტემას რა პრობლემები აქვს, ეს უნდა მოვიკვლიოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე მაქსიმალურად ეს სისტემა გამოვიყენოთ", - განაცხადა მუმლაძემ.

ოპოზიციის შეფასებები

„ნაცმოძრაობაში" არჩევნები გაყალბდა - თავმჯდომარე ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს, თუ ასეა, ხომ შეიძლება ის „ქოცების" არჩეული იყოს?! - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის, რომ სხვა პარტიის წევრებსაც შეეძლოთ ხმის მიცემა, სანდრო რაქვიაშვილის „ფეისბუქ" გვერდზე დადებული ვიდეოდანაც ჩანს, სადაც ის ხმას აძლევს.

ამასთან, ხვიჩია ამბობს, რომ თავად „ნაცმოძრაობის" დაშლას გულშემატკივრობს და თუ პარტიაში არჩევნების გაყალბების საკითხი დაისმება, ეს სწორედ დაშლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება.

პარტია საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა კი განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში „ივანიშვილმა გაიმარჯვა", მისი თქმით, რაც უფრო მეტი იქნება რადიკალიზაცია, ეს „ქართულ ოცნებას" დაეხმარება. დაუშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავისი მოქმედებებით „ქართულ ოცნებას" ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, საბოლოო ჯამში, ვინ გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არც უნარი აქვს, არც შესაძლებლობა და როგორც ჩანს, არც სურვილი იმის, რომ „ქართული ოცნება" და ბატონი ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაიყვანოს. შესაბამისად, ამ არჩევნებში, აქედან გამომდინარე, გაიმარჯვა ბატონმა ივანიშვილმა და ეს არის რეალობა. კიდევ ერთი მოტივაცია იქნება ეს ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად და ძირფესვიანად მოვემზადოთ შემდეგ არჩევნებისთვის," - განაცხადა დაუშვილმა.

ეს გამარჯვება არ არის საზეიმო, ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება - ვაპირებთ, პარტიის გაერთიანება დავიწყოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში განაცხადა. მისი თქმით, „შედეგები სამართლიანია".

რას ამბობს „ოცნება"

„ხაბეიშვილი მეტ დესტრუქციას და შეცდომას მოუტანს პარტიას - ესაა დასასრულის დასაწყისი, ვიტყოდი, ამ პოლიტიკური პარტიის დასასრულის წინ წასული ფაზა",- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დესტრუქცია წარმატების მომტანი ვერ იქნება, რადგან ეს საზოგადოებამ შეაფასა, როგორც შეცდომა.

ეს არ მგონია, რაიმე წარმატების მომტანი იყოს პარტიისთვის, უფრო მეტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვიტყოდი დასასრულის წინ წასული ფაზა ამ პოლიტიკური პარტიისა", - განაცხადა სარჯველაძემ.

ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილი შეარჩიეს რევოლუციური გეგმის აღმსრულებლად, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დასახა, ხოლო კეზერაშვილმა თავის წარმომადგენლად ხაბეიშვილი შეარჩია.

ანალიტიკოსთა შეფასებები

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, არჩევნების შედეგებში ეჭვი რამდენიმე გარემოებამ გააჩინა, მათ შორის „გირჩის" ლიდერის განცხადებამ. თუმცა, ის, რომ დამარცხებულმა კანდიდატებმა გამარჯვებულს მიულოცეს, მისასალმებელია.

„ის, რომ პოლიტიკური ეტიკეტი დაცული იქნა და დამარცხებულებმა გამარჯვებულს მიულოცეს, ეს უდაოდ მისასალმებელია. ოღონდ, სავარაუდოა, რომ მაინც გაჩნდება შენიშვნები, განწყობილებები, რომლებიც ამ შედეგს ეჭქვეშ დააყენებენ.

„ასეთი ეჭვი დღესვე გაისმა, ვგულისხმობ იაგო ხვიჩიას ინფორმაციას, რომ მისმა თანაპარტიელებმა ხმა საკმაოდ ადვილად მისცეს. ანალოგიური რამ შეეძლო გაეკეთებინა, როგორც სხვა პარტიის წევრებს, მათ შორის სახელისუფლოსი, ასევე შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო მეტოქეების მხრიდან, დავუიშვათ, გამარჯვებულის უფრო მეტი მომხრე შესულიყო და ხმა მიეცა.

„ეს სისტემა, რომელიც გამოცდილი არაა, რატომღაც აიჩემეს,ეს ეჭვის ძირითადი საფუძველია, მაშინ როცა ზოგადად პარტიები თავჯდომარეს ყრილობით ირჩევენ ხოლმე. ვნახოთ ეს ეჭვები მომწიფდება თუ არა, შესაძლოა ამ განცხადებებმა დღეს გაიჯღეროს და ხვალ-ზეგ დავიწყებას მიეცეს",-განაცხადა მან.

ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ხმის მიცემა ე.წ. ონლაინ რეჟიმში იყო, პარტიის რეიტინგი მაინც დაცემულია.

„ახლა 50 ათას ადამიანზეა საუბარი და არც კი, ეს საქართველოს მასშტაბით მთლიანი ამომრჩევლთა რაოდენობიდან დაახლოებით 2%-ია, ამ თვალსაზრისით განსხვავებული წონა და შედეგი ენმ-ს არ ექნება, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მემგონი ყველაზე უფრო ეს რეალობა იმოქმედებს, ვიდრე არჩევნებით მიღებული თავმჯდომარე.

„ისეთი მკაფიო მონახაზი იყო იმ ჯგუფისა, რომელიც ხაბეიშვილს ახლავს, სახელებით და გვარებით ჩამოთვლილი ძველი გვარდია, რომ საეჭვოა, რომ ხაბეიშვილის დონეზე გადაწყდეს ის, თუ იგი რას გააკეთებს, ალბათ ეს გუნდი ხაბეიშვილის მომავალი მოქმედებების და მოღვაწეობის ძირითადი ავტორი იქნება.

„რევოლუციაზე განცხადებები კი კეთდებოდა, მაგრამ, ეს მაინც იმის გარანტი არაა რა მოხდება მომავალში, რადგან ორივე ლიდერი კანდიდატი განცხადებებს ენმ-ს ამომრჩევლისთვის აკეთებდა, ეს ამომრჩეველი კი რევოლუციას ელის. რეალურად რა მოხდება, ეს ძნელი სათქმელია.

„საკითხავია მთელ ამ გუნდს რევოლუცია რამდენად აწყობთ, ერთი რამე ფაქტია, რომ რევოლუციის ძახილმა ეს გუნდი იქამდე მიიყვანა, რომ 20%-ის მერე დღეს 2% აქვს, გაგრძელდება რევოლუციის ყიჟინა? მხარდაჭერა კიდევ უფრო შუმცირდებათ, რადგან სწორედ უკრაინის ამბავმა დაგვანახა, რომ ქართველი ამომრჩეველი დესტაბილიზაციების და ომების მსურველი არაა.

„დანარჩენზე ეს გუნდი უნდა დაფიქრდეს, თუ მათ კიდევ უფრო მეტად უნდათ, რომ ქართულ საზოგადოებაში გავლენა დაკარგონ, კი ბატონო, მაშინ რევოლუციური რიტორიკა გააგრძელონ. თუ დაფიქრდებიან იმაზე, რომ რეიტინგის ასეთი დაცემა, გამოსასწოირებელი აქვთ, მაშინ წესით რევოილუციაზე აქცენტი უნდა შეცვალონ.

„არა მგონია, რომ ის რადიკალიზმი, რომელიც წინ ბასაარჩევნო რიტორიკაში იყო, გაგრძელდეს, ფაქტია, რომ ამან პარტია 20%-დან 2%მდე მიიყვანა",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ყველაზე მყვირალა და სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, ყველაზე რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, რაც ხელისუფლების ინტერესებშია, ანუ ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და როგორც ჩანს, მოახერხეს მისი გაყვანა და თავმჯდომარედ გახდომა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

„არჩევნები როგორც არ უნდა დასრულებულიყო ელექტორალური თვალსაზრისით, პარტიაში პრობლემა უკვე არის. ამ თვალსაზრისით, პარტია უკვე გაიყო. შეიძლება ფორმალურად პარტიის გახლეჩა არ დაფიქსირდეს, მაგრამ დაპირისპირება იმდენად მწვავე ხასიათს ატარებს, რომ ელექტორალურად ის უკვე გაყოფილია.

„რაც შეეხება პერსპექტივას - ეს არის ის სცენარი, რომელიც ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან ხელისუფლებამ მთელი ამ 10 წლის განმავლობაში ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის" რადიკალიზმზე, დაპირისპირებაზე, მტრის ხატის ხატვაზე და რეალურად მივიღეთ სურათი, როდესაც ყველაზე მყვირალა და სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, ყველაზე რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, რაც ხელისუფლების ინტერესებშია, ანუ ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და როგორც ჩანს, მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა.

„რაც შეეხება სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს პროცესი რაც ხდება, სასარგებლოა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" წარმოდგენა, როგორც ბოროტების ღერძად, მეორე პოლუსად ხელისუფლებას გაუჭირდება, საკმაოდ დასუსტდა ეს არგუმენტი. ელექტორალური გაყოფა გამოიწვევს იმას, რომ ორპოლუსიანობის ფორმირება ხელისუფლებას სამომავლოდ გაუჭირდება და ეს კიდევ მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით, საქართველოსთვის, ჩემი აზრით, კარგია", - განაცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე