ია აბულაშვილი
(27.01.2023)

„ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება გაიყოს, მაგრამ არ დაიშლება, პირიქით, არჩევნების შემდეგ შეიძლება უფრო გაძლიერდეს, ნიკა მელია კი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს" - ასეთია პოლიტოლოგ იგორ კვესელავას პროგნოზი, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

„რეზონანსი": „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებამდე ორი დღე რჩება, პარტიაში კი დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. დამაიმედებელ პროგნოზს ვერც ექსპერტები გამოთქვამენ და პარტიის დაშლას ვარაუდობენ. თქვენ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას მთავარ ოპოზიციურ პარტიაში?

იგორ კვესელავა: პროცესებს, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, ნამდვილად არ მოველოდი. არ მეგონა, რომ ვითარება ასე დაიძაბებოდა. აღმოჩნდა, რომ პარტიას ერთიანობას უნარჩუნებდა მიშა, ის იყო გამაერთიანებელი. მიშას ფრჩხილადაც არ ღირს არც ერთი. მიშას რომ ეყარა კენჭი თავმჯდომარეობაზე, ვინმე გაბედავდა ხმის ამოღებას? ამდენი აურზაურიც არ იქნებოდა. პარტიაში არჩევნები დაგეგმეს და საარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაუტარებიათ. მუშაობა ამ მხრივ არ მიდიოდა, მხოლოდ საინფორმაციო ომი ჰქონდათ გაჩაღებული ერთმანეთთან. არავითარი პროგრამა და ხედვა სამომავლო გეგმებზე. ორი დღე დარჩა და ერთმანეთს ხელჩართულ ბრძოლას არ გაუჩაღებენ, იმედია. კანდიდატები ალბათ მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლებიან.

„რ": სააკაშვილს ჯერაც არ გამოუხატავს პოზიცია, მაყურებლის როლშია?

ი.კ: დიახ, ის მოვლენებს აკვირდება, ერთგვარად მაყურებლის როლშია. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება კი არა, არც მიუნიშნებია, ვის უჭერს მხარს, ან რას ფიქრობს. ვფიქრობ, დაელოდება მოვლენების განვითარებას და საბოლოო სიტყვას იტყვის.

„რ": დაპირისპირებული მხარეები უკვე ეჭვქვეშ აყენებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პროცესები არჩევნების შემდეგ უფრო გამწვავდება.

ი.კ: ამას აკვირდება როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრი, ასევე - დასავლეთი, რადგან ამ არჩევნებმა მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მოიტანოს ქართულ პოლიტიკაში. მელიას აქვს გამარჯვების მეტი შანსი. მისი გამარჯვება შეიძლება აწყობს ხელისუფლებასაც, რადგან იგი არ გამოირჩევა რადიკალიზმით. როგორც მე ვხედავ, მელიას მხარს უჭერს სააკაშვილი და დასავლეთიც. ამიტომ, დიდი ალბათობით, იგი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, ხოლო ხაბეიშვილსა და მის მხარდამჭერებს მოუწევთ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. გამორიცხულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს, პირიქით, არჩევნების შემდეგ შეიძლება უფრო გაძლიერდეს, მაგრამ თუ პარტია გაიყოფა, რაც გამორიცხული არ არის, ამ ფორმატში უნდა დაიწყონ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება.

„რ": 24 თებერვლის აქციაზე რას იტყოდით, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ აქციით დაიწყება საპროტესტო ტალღა ქვეყანაში.

ი. კ: ძალიან კარგი, თუ ასეთი მოლოდინი აქვთ, მაგრამ ეროვნულ მოძრაობაში ვარ მთელი ჩემი ცხოვრება და ის ხალხი, ვინც იქ იდგა, არც ერთი არ მახსოვს. გიორგი ვაშაძეს რა ავტორიტეტი აქვს ისეთი საზოგადოებაში, რომ მძლავრი საპროტესტო მუხტი შექმნას? პროცესები ლოგიკურად მიდის. მე უფრო ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრაობის" არჩევნების შემდეგ გაირკვევა, როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი. საზოგადოება ელოდება ახალი ძალის გამოჩენას და იმედია, რომ ეს ძალა მალე გამოჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე