ია აბულაშვილი
(23.09.2022)

პოლიტიკური პარტიებისთვის 2023 წელი გარდამტეხი იქნება და, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დიდი გადაჯგუფებები დაიწყება, - აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

„რეზონანსი": უკვე ცნობილია, ოთხი ოპოზიციური პარტიის კოალიციად ფორმირების შესახებ. „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი", ზურა ჯაფარიძის „გირჩი" და ელენე ხოშტარიას „დროა" კოალიციას ქმნიან. დაიწყო თუ არა გადაჯგუფება პარტიებს შორის და ვინ ვისთან დალაგდება?

იგორ კვესელავა: ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში დიდი ხანია, ორგანული ცვლილებები არ ხდება. დღეს ოდნავ განსხვავებული ვითარებაა, ცვლილებები ხდება სხვა ფორმებითა და ხერხებით. რაც შეეხება ალიანსებს პარტიებს შორის, ეს ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც აქტიურდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პროგრამები აქვთ, ცდილობენ, ერთიანი მიმართულებით გამოვიდნენ არჩევნებში ხელისუფლების დასამარცხებლად.

ამ ჯგუფმა გადაწყვიტა, უკვე დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება, ამიტომ სწრად გადადგმული ნაბიჯია. ეს პროცესი უფრო გააქტიურდება და არ გამოვრიცხავ, ალიანსების რიცხვი გაიზარდოს, მაგალითად, „ლელომ" და გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" საერთო ენა გამონახონ.

„რ": ე.ი. საპროტესტო მუხტი ჩაქრა და ოპოზიცია ალიანსების შექმნაზე გადავიდა?

ი.კ: საპროტესტო მუხტი არ ჩამქრალა, ოქტომბერი ახლა იწყება და საპროტესტო ტალღაც წამოვა. დეკემბერში დუღილი მოიმატებს და ნამდვილი დუელი გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„რ": „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აღარ მალავს, რომ პარტიაში დაპირისპირებაა. თქვენი აზრით, რამდენად გამწვავდება შიდა კონფლიქტი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში?

ი.კ: რა თქმა უნდა, არის რყევები, მაგრამ მართვის სადავეებთან ვინ დარჩება, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რომ მიშას ფაქტორი კვლავ ძლიერია პარტიაში და თავად მიშას არ მიუღია გადაწყვეტილება მელიასთან დაკავშირებით.

„რ": ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში, როგორ გამოიყურება „ოცნება" - მყარად დგას თუ მასაც რყევები ელოდება?

ი.კ: „ოცნება" მყარად ვერ დგას და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მის რიგებში არ არიან პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. მარტო ირაკლი ღარიბაშვილი, ერთი კაცი, ყველაფერს ვერ მოაგვარებს. ასევე, „ოცნებისთვის" ყველაზე დიდი პრობლემაა ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია და განცხადებები ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საზოგადოებაში ნდობას არ აჩენს. პრობლემები აქვთ საგარეო ურთიერთობის თვალსაზრისითაც და, რაც მთავარია, „ქართული ოცნების" საკადრო ნეპოტიზმი, რომელიც ასეთი დოზით არასდროს ყოფილა საქართველოში.

რაც შეეხება რყევებს, ვფიქრობ, რომ არჩევნებისთვის ცვლილებები მოხდება „ოცნებაში". ნაწილობრივად ეს უკვე გამოჩნდა და პარტია დატოვა ოთხეულმა, მე მათ „ოთხი მუშკეტერი" დავარქვი. პარტიიდან გასვლა, ალბათ, ბიძინასთან არის შეთანხმებული ან მართლაც დაუპირისპირდებიან მკვეთრად „ოცნებას". სწორედ შეარჩიეს პოლიტიკური სახელი „ხალხის ძალა" და დროთა განმავლობაში მხარდამჭერთა რიგებიც გაიზარდება. პირადად მე მათ ზოგიერთ პოზიციას მხარს ვუჭერ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე