ელზა პაპოშვილი
(04.07.2022)

რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ 3 ივლისს აქციის მონაწილეებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენა, რამაც იქ შეკრებილი საზოგადოების  უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. 

„სირცხვილიას“ მიერ დაანონსებულ აქციაზე მისული ხალხი კონკრეტული გეგმის გაცნობას ითხოვდა, რაზეც ორგანიზატორებმა უპასუხეს, რომ ღამე პარლამენტის შენობასთან გაეტარებიანთ და სამოქმედო გეგმასაც ნელ-ნელა გააცნობდნენ, თუმცა ხალხი დაიშალა. 

რას გამოიწვევს ეს კრახი და  ხომ არ შეიძლება ამ პროცესმა ისედაც გაკოტრებული  პოლიტიკური სპექტრი და პროცესები კიდევ უფრო დააზიანოს. ამ და სხვა კითხვებზე „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს. 

„რეზონანსი“: რატომ ვერ მოახერხეს  3 ივლისს აქციის  ორგანიზატორებმა მოსახლეობისთვის სამოქმედო გემის წარდგენა და რა სახის შეცდომები დაუშვეს, რის გამოც აქცია დაიშალა? 

რამაზ საყვარელიძე: მემგონი აქციის ორგანიზატორების მხრიდან გეგმის არ ქონა სიახლე არ იყო, რადგანაც ბევრჯერ მინახია ოპოზიციას ხალხი აქციაზე მიუყვანია  და არანაირი სამოქმედო გეგმა გარდა მთავრობის გადაყენებისა არ ჰქონიათ. 

ამიტომ ეს სიტუაცია რაც განვითარდა, ჩემთვის ახალი და გასაკვირი არ იყო. სიახლე იყო ის, რომ ხალხს ჰქონდა ამაზე რეაქცია და კარგია, რადგანაც ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდა, რომ გაიზარდა. მათი მართვა მხოლოდ ემოციებით შეუძლებელი აღმოჩნდა.   

„რ“: თუმცა, აქციის  ორგანიზატორებს ხომ საკმაო დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ რაღაცა მონახაზი ჰქონოდათ და ხალხის წინაშე უფრო  მომზადებულები წარდგენილიყვნენ. სჯეროდათ, რომ აქციაზე ხალხის მისვლა „ოცნებას“ შეაშინებდა და ჩამოიშლებოდა? 

რ.ს: 2012 წლის შემდეგ ოპოზიციას კონკრეტული გეგმის შედგენის საშუალება ჰქონდა, მაგრამ ეს აქამდე ვერ მოახერხეს. მუდმივად ერთი და იგივე შეცდომას უშვებენ. შეცდომა იყო, როცა ტექნიკურ მთავრობას ითხოვენ, სადაც, ისევ „ქართული ოცნება“ უნდა ყოფილიყო ჩართული და ხელისუფლება საკუთარი ნებით უნდა გადაებირებინა. ეს ხომ აბსურდია? ამიტომაც მოხდა ის, რომ გაუგებრობაში თავადვე აღმოჩდნენ. ოპოზიციას  მარტო გადადექის გეგმა აქვს. 

ახლაც იგივე გაჟღერდა, როგორც ჩანს საზოგადოებაში უკვე მომწიფდა აზრი, რომ მხოლოდ გადადექის  გეგმა არ არის. საზოგადოებას აქვს სურვილი, და გარანტიებს ითხოვს იმისთვის რომ ამ გადადგომის უკან კონკრეტული გეგმა არსებობდეს.  მიზნის მიღწევის გეგმის შედგენა ოპოზიციას ამდენი წელია უჭირს. ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ხალხი უბრალოდ შებრუნდა და სახლში წავიდა. 

„რ“: აქციის ორგანიზატორების მხრიდან თამასა  ძალიან მაღლა ხომ არ იყო თავიდანვე აწეული. 20 ივნისის მასშტაბმა ორგანიზატორები ხომ არ გააზარმაცა. იფიქრეს ხალხი კვლავ იგივე რაოდენობის მოვა, აქციებს დროში გეგმის გარეშე გაწელავდნენ და შეშინებულ ხელისუფლებას რაღაცა დათმობაზე წაიყვანდნენ?  

რ.ს: კი ბატონო, ნამდვილად ასე ფიქრობდნენ, მაგრამ, ეს არის შეცდომა, რომელიც გეგმის არ არსებობას მაინც არ ამართლებს. 3 ივლისსაც 20 ივნისის რაოდენობის  ხალხი რომ მისულიყო, ორგანიზატორებს მაინც არ ამართლებს. 

არაა სწორი, როცა ამდენ ადამიანს 3-ჯერ კრებ და მხოლოდ გადადექის დაძახილის იმედზე ხარ. დაახლოებით 150 000-მ მდე ადამიანი 2012 წელს იყო, როცა ივანიშვილმა თბილისში მიტინგი მოაწყო. 

მაშინ ხალხმა მას მოსთხოვა, რომ წამოდი და ხელისუფლება დავამხოთო. ივანიშვილმა კი უარი თქვა. მას ხელისუფლების  ცვლილება ლეგიტიმური გზით უნდოდა და ეს შეძლო კიდევაც. ამიტომ ქართველი ხალხი გაიზარდა, მათთვის მისაღები მხოლოდ ემოციები აღარ არის.  

„რ“: 3 ივლისის აქციის ფონზე შესაძლოა ვთქვაათ, რომ ქართული საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა, პრაგმატული გახდა და პოლიტიკური სპექტრიდან კონკრეტულ ქმედებებს ითხოვს? მათ მხოლოდ ემოციაზე აღარ ენდობათ?  

რ.ს: მოსახლეობას 3 ივლისს არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე ხელისუფლება რომც გადამდგარიყო და „ოცნებას“ სულაც ეთქვა მობრძანდით მივიდვარო, მართვის სადავეებთან ვინ აღმოჩნდებოდა. მსგავსი ინფორმაცია ხალხს პოლიტიკოსებმა უნდა მიაწოდონ. 

ასეთი გეგმის გაწერა პოლიტიკოსების ვალდებულებაა. ასეთ შემთხვევაში ვინ იკავებს ხელისუფლებას? „ნაციონალები“? მოსახლეობის უმეტესობას ეს ხალხი არ უნდა. კარგი, კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს? 

ვის აქვს გარანტია, რომ ენმ-ი იქ ყველაზე მეტი წარმომადგენლობით არ მოხვდება. ეს კითხვები ბევრ ადამიანს აწუხებს და ამაზე პასუხებს ვერ იღებენ. 

ასე ალალბედად ქვეყნის ვიღაცეების ხელში ჩაგდება ჩვენს მოსახლეობას აღარ უნდა და ეს ნათლლად გამოჩნდა. სააკაშვილს  2009 წელს კარვების ქალაქი რუსთაველზე მოუწყვეს და უფრო დიდი საპროტესტო მუხტი იყო, მაგრამ არ გადადგა. მაშინ ოპოზიციამ ვერაფერს ვერ მიაღწია. ამიტომ მხოლოდ იმაზე გათვლა, რომ ხალხი მოვა, პროტესტი იქნება და ხელისუფლება გადადგება, აბსურდია. 

„რ“: როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიუშვეს პოლიტიკოსები აქციის მართვის პრცესში? ამ ხალხს გვინდა თუ არა, ჩვენი მოსახლეობის მხრიდან  ლეგიტიმაცია აქვთ. განსხვავებით აქიის ორგანიზატორებისა...  

რ.ს: ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი „ოცნებას“ მხარს უჭერს და მხოლოდ რაღაცა ნაწილი ემხრობა ოპოზიციას. ეს ხომ არჩევნებით ბევრჯერ დამტკიცდა. ხელისუფლება რომ გადადგეს, იმ მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს რას ეუბნება? 

ეს ხალხიც რომ ქუჩაში გამოვიდეს, აქ ხომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება. ეს რისკები არსებობს და ამას ოპოზიციაც კარგად ხვდება. თავადაც მშვენივრად იციან, მიკროფონთან რომ მივიდნენ, აქცია უფრო მალე დაიშლება, ვიდრე ეს 3 ივლისს  მოხდა. 

ამიტომაც, ამ ვითომ სამოქალაქო სექტორს არიან ამოფარებულები. თუმცა, მათ რაც და როგორც  გააკეთეს, ესეც დავინახეთ. სამწუხაროდ, ოპოზიციისთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება, რაც ისედაც მინუსებში წასულებს უარეს დღეში ჩააგდებს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე