თამთა ჩაჩანიძე
(04.07.2022)

უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთის მხარეს ბელარუსის ომში ჩართვის რისკი უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის წარმატების პროპორციულად გაიზრდება. ამასთან, სახიფათო სიგნალი უწოდეს რუსეთ-ბელარუსის ერთიანი არმიის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებასაც. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთისგან გარკვეული გარანტიები მიიღო, ამ რისკზე წავა, თუმცა, რამდენიმე დამაბრკოლებელი ფაქტორები აქვს.

პირველი ფაქტორი ისაა, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს მმართველობის საყოველთაო უკმაყოფილებაა, მან ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ მძლავრი საპროტესტო ტალღა რამდენჯერმე ჩაახშო და მეორე, გამოცდილი არმია არ ჰყავს და თანაც იმისი იმედი არ აქვს, რომ როდესაც ბელარუსი ჯარისკაცები უკრაინაში არსებულ სიტუაციას ნახავენ, შეიარაღებული ხალხი უკან არ შემოუბრუნდება.

ბელარუსის ომში ჩართვის საფრთხეზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.

„ჯერ ერთი რუსეთი უკვე იყენებს ბელარუსის ტერიტორიას. თუ საუბარი ეხება ბელარუსის ჯარს, ვფიქრობ, რომ ეს რისკი გაიზრდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის წარმატებით პროპორციულად. იქამდე, სანამ ბელარუსის ჯარს ექნება ცხადი აღქმა იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ სერიოზული ზარალი მოუტანონ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან უკან დახევას. ამ დროის მდგომარეობით, მათ ეს ცხადად ესმით.

„ჩვენ გვყავს ელჩი ბელარუსში, ჩვენ გვაქვს საელჩო ბელარუსში, მათ აქვთ საელჩო კიევში. ეს ურთიერთობის ერთადერთ არხია ანუ ყველაფერი ძალიან მშრალი და ოფიციალურია, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იქ ყოველდღიურად ივსება საფოსტო ყუთი კომუნიკაციის სიჭარბისგან, ეს ასე არ არის", - განაცხადა კულებამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ლუკაშნკოს განცხადებას ბელარუსისა და რუსეთის არმიების გაერთიანების და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ე.წ. „სპეცოპერაციაში" ბელარუსის მონაწილეობის შესახებ სახიფათო სიგნალი უწოდა.

„ჩემი აზრით, ძალზე სახიფათოა მეგობარი ბელარუსელი ხალხისთვის, ჩვენი მეზობელი ბელარუსელებისთვის, რასაც ის (ლუკაშენკო) აკეთებს. მან არ უნდა ჩაითრიოს ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლურ ომში ყველა საერთაშორისო შეთანხმების, საერთოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ეს სიგნალი სახიფათოდ ჟღერს..." - თქვა ზელენსკიმ.

ერთი დღით ადრე ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ომში ბელარუსის მონაწილეობა დიდი ხნის წინ განსაზღვრა, როცა რუსეთის ფედერაციამ და ბელარუსმა "შეიარაღებული ძალების ერთიანი ჯგუფი" შექმნეს.

"ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მხარს ვუჭერთ რუსებს ამ ბრძოლაში. ვინც გვკიცხავს, არ იცოდით, რომ ყველაზე ახლო ალიანსი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან? იმ სახელმწიფოსთან, რომლითაც ვაშენებთ ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს - საკავშირო სახელმწიფოს, სადაც ორი დამოუკდებელი ერია გაერთიანებული.

„რა, მათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ დიდი ხანია შევქმენით შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება ბელარუსისა და რუსეთის კავშირში? ფაქტობრივად, ერთი ჯარი. თქვენ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ გვსაყვედურობთ დღეს? ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით მოძმე რუსეთთან ერთად. სპეციალურ ოპერაციაში ჩვენი მონაწილეობა დიდი ხნის წინ განვსაზღვრე".- ამბობს ლუკაშენკო და დასძენს, რომ "ბელარუსები არასდროს დაუშვებენ, რომ რუსებს ვინმემ ზურგში ესროლონ".

საქართველოის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თუ ლუკაშენკომ ჩათვალა, რომ ომში ჩართვით კრემლისგან უფრო მეტს მოიგებს, გამორიცხული არაა, რომ ჩაერთოს, თუმცა მას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აბრკოლებს.

„გამორიცხული არაფერია, რადგან ლუკაშენკოს შემთხვევაში საქმე ისეთ ადამიანთან გვაქვს, რომელიც ყოველთვის კალკულაციას აკეთებს და თუ მან მიიჩნია, რომ რუსეთისგან უფრო მეტს მოიგებს, მაშინ არაა გამორიცხული, რომ ამ გამწვავებაზეც წავიდეს. ამიტომაცაა, რომ გარკვეული მზადება დიდი ხანია შეიმჩნევა.

„ლუკაშენკოს იმის ეშინია და მისი ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი ისაა, რომ ბელარუს მოსახლეობაში უკრაინასთან დაკავშირებული ომი პოპულარული არაა და შეიარაღებულ ძალებში იქნება თუ არა სულისკვეთება. ეშინია, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ოპერაცია წარმატებული არ გამოდგა, ეს შეიარაღებული ხალხი, რომელმაც დენთის სუნი იყნოსა, ლუკაშენკოს უკან არ მოუბრუნდეს.

„გვახსოვს, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს მმართველობის საყოველთაო უკმაყოფილებაა და ეს ის შემაკავებელი ფაქტორია, რის გამოც შესაძლოა უკან დაიხიოს, დიდი ხანია ამაზე ყოყმანობს, მაგრამ, თუ ლუკაშენკომ რუსეთისგან გარკვეული გარანტიები მიიღო, არაფერი არაა გამორიცხული.

„ასევე მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ ბელარუსის შეიარაღებული ძალები ომში ჩართვისთვის რამდენად მზადაა. მათ პრაქტიკული გამოცდილება არ აქვთ და საზარბაზნე ხორცად იქცევიან. უკრაინას, რომ თუნდაც მოულოდნელი დარტყმა მიაყენონ, ეს იმ დონის ვერ იქნება, რადგან უკრაინელებმა შეიარაღებასთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვეს.

„ომში ბელარუსების ჩართვა გარდა იმისა, რომ რუსებს დაეხმარება და უკრაინელების ყურადღებას გადაიტანს, თავად ბელარუსისთვის სასურველი არ უნდა იყოს, რადგან აქ მთავარია ის თუ ეს შეიარაღებული ძალები ასეთი ტიპის სცენარისთის რამდენად მზად არიან."- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

კითხვაზე თუ ბელარუსი ომში მართლაც ჩაერთო, რა შეიძლება იყოს დასავლეთის პასუხი, კაკაჩიამ განაცხადა, რომ: „დასავლეთი ამათ იზოლაციას კიდევ უფრო გააძლიერებს და სანქციები კიდევ უფრო გაათკეცდება", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სამი ქვეყნის ომი იქნება და უფრო დიდ მასშტაბებში არ გადაიზრდება, სანამ ან რუსეთი, ან ბელარუსი ნატოს რომელიმე ქვეყანას არ შეეხება.

„შემდეგ თუ ბელარუსმა მოინდომა და პოლონეთს პროვოკაციები მოუწყო, ეს სახიფათო იქნება, რაც არა მონია, რომ გაბედოს. ასევე, ლიტვასთანაც დაძაბულია ურთიერთობა და ეს ორი იქნება სერიოზული ფაქტორი, დანარჩენი ალბათ ისევე დარჩება",- განაცხადა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე