თამთა ჩაჩანიძე
(03.07.2022)

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მდებარე ბაზაზე 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. რამდენიმე აფეთქება მოხდა ქვეყნის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის არმიას ახალი შესაძლებლობები მიეცა და დასავლური იარაღი უკვე მათ ხელშია.

გარდა ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის უკან დახევა კუნძულ ზმეინიდან ამავე ფაქტს უკავშირდება, რაც უკრაინელებისთვის გამარჯვებაა. თუმცაღა, ჩასული იარაღის რაოდენობა ახლა ვითარებას კარდინალურად ვერ გადატეხს, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზზე დიდი გარდატეხა აგვისტო-სექტემბერში იქნება.

ის, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მდებარე ბაზაზე 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელა, ამის შესახებ ქალაქ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია" იტყობინება, საჰაერო იერიში მელიტოპოლში იმ არეალში იქნა მიტანილი, სადაც ქალაქის აეროპორტი მდებარეობს, თუმცა, მედიასაშუალებას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

უკრაინის საზღვართან ახლოს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში კი რამდენიმე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი, გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე სამი ადამიანია დაღუპული. როგორც ქალაქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი წერს, 11 საცხოვრებელი კორპუსი და 39 კერძო სახლი დაზიანდა, მათ შორის ხუთი დაინგრა.წერს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა, ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 10 წლის ბიჭია.

„მიმდინარეობს გამოძიბა ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე. სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა" , - განაცხადა გუბერნატორმა.

უკრაინული მხარე აღნიშნულ ფაქტს ჯერ არ გამოხმაურებია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის ქალაქ კურსკშიც, მცხოვრებლების თქმით, მათ ღამით აფეთქებების ხმა გაიგეს. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეოებიც, რომლებშიც სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედებაა ასახული.

ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ორი უკრაინული „სტრიჟის" დრონი ჩამოაგდეს, როდესაც ისინი კურსკს მიუახლოვდნენ. მან ასევე გამოაქვეყნა სავარაუდოდ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ფოტო.

„ჯარის კომპეტენტური ქმედებების წყალობით, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, ბელგოროდში სხვა ვითარებაა, სადაც მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები განადგურებულია" , - აღნიშნა კურსკის ოლქის გუბერნატორმა.

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, პრორუსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ლუგანსკის რეგიონის ქალაქ ლისიჩანსკზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა უკრაინის ეროვნული გვარდიის პრეს-სპიკერმა რუსლან მუზიჩუკმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს განუცხადა, რომ ქალაქი ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა. რუსულმა მედიამ კი კადრები გაავრცელა, სადაც სეპარატისტების მიერ ლისიჩანსკის ქუჩებში მსვლელობაა ასახული, ვიდეოში ისინი დროშებს აფრიალებენ.

„ახლა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ლისიჩანსკის მახლობლად, თუმცა, საბედნიეროდ, ქალაქი არ არის გარშემორტყმული და ის უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა მუზიჩუკმა.

რუსი ოკუპანტები ხარკოვის ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს თავს დაესხნენ.რეგიონში დაბომბეს ჩუგუევსკის, ხარკოვის და იზუმსკის ოლქები. დღის განმავლობაში - 4 დაჭრილია: ხარკოვში - 1, ჩუგუევსკის ოლქში - 2, ხარკოვის ოლქში - 1.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აგრესორი დამარცხდეს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ისტორიულად, რათა რუსეთში ყველამ დაიმახსოვროს, რომ უკრაინის გატეხვა არავის შეუძლია.

„აქტიურად ვემზადებით შვეიცარიაში, ლუგანოში სპეციალური კონფერენციის დაწყებისთვის. კონფერენციის პირველი დღე ორშაბათს იქნება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნის აღდგენას მიეძღვნება. აღდგენას ამ სიტყვის ფართო გაგებით. საჭიროა არა მხოლოდ იმ ყველაფრის აღდგენა, რაც გაანადგურეს ოკუპანტებმა, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის ახალი საფუძვლის შექმნა - უსაფრთხო, თანამედროვე, მოსახერხებელი, ბარიერების გარეშე.

„ამისთვის საჭიროა კოლოსალური ინვესტიციები - მილიარდები, ახალი ტექნოლოგიები, მოწინავე გამოცდილება, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები. და უკვე ორშაბათს უკრაინა წარადგენს ეროვნულ ხედვას, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეალიზება. სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა, შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით. ამიტომ ლუგანოში კონფერენცია შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის აღდგენისთვის.

„და როდესაც ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, ათვლა შეიძლება დაიწყოს სწორედ ამ მოვლენიდან. თუმცა, საჭირო იქნება ბევრი რამის გაკეთება ჩვენი გამარჯვებისთვის - და ეს რთული გზაა, იმიტომ რომ ომი გრძელდება - მაგრამ უკვე ახლა საჭიროა ყველაფერი შესაძლებელის გაკეთება, რათა აგრესორი დამარცხდეს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ისტორიულად და კონცეპტუალურად, რათა რუსეთში ყველამ დაიმახსოვროს, რომ უკრაინის გატეხვა არაფერს, არავის და მათ შორის არც სასტიკ ომს არ შეუძლია",- განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკი ამბობს, ახალი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეხვედრები იქნება, ქვეყნის ხელისუფლება პარტნიორებისგან ახალ გადაწყვეტილებებსაც ელის.

„დღეს რუსეთის ჯარი აგრძელებს რაკეტებით თავდასხმას ჩვენს ქალაქებზე. საღამოს მდგომარეობით უკვე იყო 6 სარაკეტო თავდასხმა, ჯამში 12 რაკეტა. მიკოლაევზე, დონეცკის ოლქზე გრძელდებოდა საავიაციო თავდასხმა. სასტიკი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, დონბასში, რა თქმა უნდა, ეპიცენტრი ლუგანსკის ოლქის ქალაქებშია. ძლიერდება მტრის აქტივობა ხარკოვის ოლქში. შესაძლებელი გახდა ოკუპანტების გაყრა ივანოვკიდან, ვაგრძელებთ ზეწოლას ჩვენი ქვეყნის სამხრეთით.

„უკან მდებარე ბევრ ქალაქში ახლა მოდუნება იგრძნობა, მაგრამ ომი არ დასრულებულა - ის არის. სამწუხაროდ, მისი სისასტიკე ზოგჯერ იზრდება კიდეც და არ შეიძლება ამის დავიწყება. ამიტომ, აუცილებლად დაეხმარეთ ჯარს, დაეხმარეთ მოხალისეებს, დაეხმარეთ ყველას, ვინც ამ დროში მარტო დარჩა. გამუდმებით გამოიყენეთ ყველა თქვენი კონტაქტი საზღვარგარეთ, ყველა თქვენი საინფორმაციო საშუალება - უბრალოდ სოციალური ქსელებიც კი, რათა გაავრცელოთ სიმართლე ომზე და ჩვენს მიწაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

„ხვალაც და მთელი ახალი კვირის განმავლობაში იქნება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეხვედრები - დიპლომატიურ აქტივობას არ ვამცირებთ არც ერთი დღით. ველით ახალ გადაწყვეტილებებსაც პარტნიორებისგან თავდაცვით დახმარებასთან დაკავშირებით.

„მთავარია, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის დღეს, უნდა გვახსოვდეს, რომ დადგება ხვალ და რომ ხვალინდელმა დღემ უნდა მოუტანოს უკრაინას მაქსიმალური სარგებელი - ყველამ უნდა გააკეთოს ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი რაც შეუძლია. მადლობა ყველა ჩვენს დამცველს, თქვენ ყოჩაღები და ძლიერები ხართ! დიდება უკრაინას!",- განაცხადა ზელენსკიმ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ფრონტზე უკრაინის წარმატებული სვლები ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ახალი დასავლური შეიარაღება უკვე უკრაინელების ხელშია.

„ეს სიტუაცია ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის არმიას ახალი შესაძლებლობები მიეცა და დასავლური იარაღი მათ ხელშია. რუსებმა კუნძულ ზმეინიზე გეოსტრატეგიული პოზიციაც იმიტომ დატოვეს და უკრაინელებს განერიდნენ. ზმეინი ე.წ. რუხ ზონად გადაიქცა, რუსების უკან დახევა უკრაინელებისთვის სერიოზული გამარჯვებაა. ეს მართლაც მისალოცია, რადგან ნიშნავს იმას, რომ რუსებს უკვე საზღვაო სამხედრო ოპერაციებში უკან დაახევინეს.

„მელიტოპოლი, რომელიც ფაქტიურად სიღრმისეული ზურგის ზონა იყო, რუსებს იქამდე მისწვდნენ. ბელგოროდიც დაბომბეს, როგორც ჩანს უკრაინელები აჩვენებენ, რომ ჩვენც შეგვიძლია მოგწვდეთო. რუსებს ახალი იარაღის რომ ეშინიათ, ესეც ფაქტია. ეს „ჰაიმარსებიდან", ფრაგული „კეისარიდან" და „ემ-270" ანალოგიური სისტემებიდან ხორციელდება, რომელსაც შესაბამისი დაფარვის ზონა აქვთ.

„ამას პლიუს „ეფ კალიბრები", რომლებიც ზე ზუსტი ტიპის ჭურვებია, მოწინააღმდგეს დიდ დაბრკოლებას უქმნის. სამწუხაროდ, ჩასულ იარაღს ფრონტის ხაზზე კარდინალური გარდატეხა ჯერჯერობით არ შეუძლია, ამას ანალოგიური შეიარაღების დიდი რაოდენობა სჭირდება, მაგრამ, უკვე აჩვენებს ამ იარაღს რა შეუძლია და ის, რომ უკრაინელები რუსებს უკვე მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ, ესეც ფაქტია.

„უკრაინელებს დონბასის მიმართულებით კრიტიკული სიტუაცია აქვთ, რუსების თქმით, ლისიჩანსკი უკვე ოკუპირებულია და თუ მართლაც ასეა, შეიძლება ითქვას, რომ რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკი მთლიანად დაიკავეს. დონეცკში უკრაინის კონტროლქვეშაა ქალაქი სოლიდარი, სევერსკი, ბახმუტი, სლავიანსკი, კრემატორსკი, ავდეევკა.

„ჩემი აზრით, ოკუპოანტები პირველ შეტევას აღმოსავლეთიდან სევერსკი-სოლიდარი-ბახმუტისკენ გახსნიან, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ჩრდილოეთიდან სლავიანსკსაც დაარტყან. როგორც ჩანს, რუსეთი დონეცკის მიმართულებით ოპერატიული პაუზის გარეშე წავა, რადგან ამ ეტაპზე მათ გეგმებში ზუსტად ისაა, რომ დონბასი მთლიანად დაიკავონ.

„თუ ასე მოხდა, ოპერატიულ პაუზას მერე აიღებენ და მერე უკვე იმაზე დაიწყებენ ფიქრს თუ შემდგომი შეტევები სად განახორციელონ. შემდგომი ჩემი აზრით, ზაპოროჟიე იქნება, რადგან აქ საკმაოდ დიდი ტერიტორიაა ოკუპირებული.

„ჩრდილოეთიდან ძალიან ცუდი მანევრები იწყება, ლუკაშენკოს განცხადებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს რუსები აპირებენ, რომ უკრაინელებს სამხედრო საფრთხე ჩრდილოეთიდანაც შეუქმნან, რათა დონბასის მიმართულებით რეზერვების გადასროლა ვერ შეძლონ, იქ სერიოზული ძალები დააკავონ და ყურადღება გადაატანონონ.

„უკრაინელებმა ბრძოლაში საკმაოდ სერიოზული გამოცდილება მიიღეს, ახალი ტიპის შეიარაღება მათ მხარესაა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ რუსული ძალები ახლა შედარებით დაიხვეწა, ვიდრე პირველ ფაზაში იყო, როცა სრული ფიაკსო განიცადა.

„იმდენი იარაღი ასე ერთბაშად ვერ ჩავა, რომ ფრონტზე ვითარება კარდინალურად შეიცვალოს. უკრაინელები ვარაუდობენ, რომ იარაღის მიწოდება თუ ასე გაგრძელდა, აგვისტო-სექტემბერში სტრატეგიულ ინიციატივას ხელში აიღებენ და მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან მასობრივ კონტრშეტევაზე გადავლენ. ახლა კი ჩემი პროგნოზი გამართლდა, რომ იარაღის პირველი მნიშვნელოვანი პარტია უკვე ივლისის დასაწყისისთვის ჩავიდოდა და უკრაინელების მხრიდან გარკვეული წარმატებული სვლებიც იქნებოდა",- განაცხადა მაისაიამ.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლური იარაღი, რომელსაც ელოდნენ, უკვე უკრაინელების ხელშია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის შესაძლებლობები გარკვეული მიმართულებებით დაქვეითდება.

„მელიტოპოლში ერთ-ერთი მთავარი საკვანძო სარკინიგზო მონაკვეთია, პრაქტიკულად სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით რაც კი იარაღი ჩადის, იქ იტვირთება, მელიტოპოლში ნებისმიერი წარმატებული საარტილერიო და სარაკეტო იერიში უზარმაზარი სიგნალია იმისა, რომ რუსეთის შესაძლებლობა სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით დაქვეითდება. ესაა კვანძი და აქედან გამომდინარე, ეს დიდი მნიშვნელობისაა.

„უკრაინელებისთვის ყოვლთვის პრობლემა იყო ის, რომ შორ წერტილებს მიმდგარიყვნენ, როგორიც მელიტოპოლია. აქამდე მსგავსი შემთხვევებიც იყო, მაგრამ ეს „ტოჩკა უ"-ს გამოყენებით ხდებოდა. ახლა როცა ზალპური რექტიული სისტემა მათ ხელშია, შორეული ობიექტები რთულ სამიზნმეს აღარ წარმოადგეგენ.

„ბელგოროდი ხარკოვის თავში მოქცეული ძალიან საფრთხის შემცველი ქალაქია, სამიზნის განადგურება, უკრაინული ქალაქების მიმართულებით საფრთხის მოხსნაა. მელიტიპილი შეიძლება სამხრეთის,ხოლო ბელგოროდი ხარკოვის მიმართულებას დავუკავშიროთ. ორივე მიმართულებაზე თითოეული დაბომბვის შემდეგ საფრთხე იხსნება, რადგან იმ იარაღის შევსებას, რომელიც რუსეთმა დაკარგა, ან მობილიზებული ჰქონდა, დრო, ენერგია და ფინანსები სჭირდება",- განაცხადა მან.

კობერიძემ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა.

„ლუგანსკის რაიონში ფრონტის ხაზი გასწორდა, თუკი აქამდე ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიმართულებით უკრაინელები უფრო აქტიურები იყვნენ, ახლა უკრაინელებმა ევაკუაცია განახორციელეს და დარჩენილ ტერიტორიებზეც ახორცილებენ. ფრონტი გასწორდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე ღრმად შეჭრა და ლოჯისტიკური მომარაგება აღარ დასჭირდება, ახლა უკვე შეუძლია, რომ რუსები ერთ სწორ ხაზზე შეაჩეროს.

„რუსები იძულებულები იქნებიან, რომ თავადაც გაიშალონ. გაშლა კი უკრაინელებისთვის ხელსაყრელია, რადგან თუკი აქამდე შეტევა კონკრტულ ადგილზე იყო თავმოყრილი და ეს უფრო მეტ პრობლემას წარმოადგენდა, გაშლა უკრაინას საშუალებას აძლევს, რომ რუსები ცალკ-ცალკე მიმართულებით გაანადგუროს", - განაცხადა კობერიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე