„რუსული კანონი“ ნადვილად არ არის რუსული, მაგრამ მის განხილვისას შექმნილი „რევოლუციური ვითარება“ აშკარად რუსეთის ინტერესებშია
რეზონანსი
(19.04.2024)

ფაქტია, როდესაც „არასამთავრობოებისა" და „რეიტინგული" (პარტიული) ტელევიზიების წარმომადგენლები ხალხს „რუსული კანონის" წინააღმდეგ მორიგი შეკრებისკენ მოუწოდებენ, თან კითხულობენ, რა გავლენა უნდა მოახდინონ ჩვენზე უცხოელებმა ან ფულადი დახმარების გაწევისას სხვა რა ინტერესები უნდა ამოძრავებდეთ ქველმოქმედების გარდაო?

არადა, დღევანდელი ხელისუფლების მესვეურებიც და ოპოზიციის ლიდერებიც უცხოეთიდან უხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიან და იმავე სპონსორებზე დამოკიდებულმა ტელევიზიებმა შეუწყვეს ხელი პარლამენტის წევრად არჩევაში.

დაითვალა ვინმემ, თუნდაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" რამდენი ყოფილი ხელმძღვანელი ან წევრია გაპოლიტიკოსებული? ან სად არიან დასაქმებული ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტში „დატრენინგებული" ახალგაზრდები (როგორც ვიცი, 300-ზე მეტია ბუდაპეშტში ნამყოფი...)

სწორედ ეს არის „უცხოელი მეგობრების" უმრავლესობის ძირითადი ინტერესი: სიკეთის კეთებით (რიგითი მოქალაქეების უფლებების დაცვით) პოპულარულები უნდა გახადონ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების სამივე შტო მათთვის სასურველი მოქალაქეებით დააკომპლექტონ, რომ სახელმწიფოში საკუთარი ინტერესების გატარება შეძლონ.

ამდენად, პრობლემა „რუსულ კანონში" კი არა, პარლამენტისადმი უნდობლობაშია... ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ჩვენი დეპუტატები ევროსტანდარტების შესაბამისად ჩატარებული სამართლიანი არჩევნებით რომ იყონ თანამდებობებზე გამწესებულები, თავად გადაწყვეტდნენ ცალკეული სამართლის ნორმა ან კანონები აშშ-დან გადმოიღონ, რუსეთიდან თუ ნიგერიიდან.

სწორედ პარლამენტში გამართული სჯა-ბაასის შედეგად უნდა მიიღონ ხალხის წარმომადგებლებმა ქვეყნის ინტერესების შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილება.

გამოდის, მორიგი „რევოლუციისთვის" მხოლოდ იმიტომ ვემზადებით, რომ „ვიღაც მესამე" ქვეყანაში დარჩენილი ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებით („პოლარიზაციით") არის დაინტერებული ან ხალხი თავისივე არჩეულ პოლიტიკოსებს არ ენდობა?! მერე, ვისი ბრალია?!

გაუსაჩივრებიათ კი არასამთავრობოებს ადრე ჩატარებული არჩევნები ასევე მასტაბურად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელ დამფინანსებლებს (მაგ., იმავე რუსეთიდან ან აშშ-დან) სააკაშვილის და მისი „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანა ჰქონდათ განზრახული?!

დარწმუნებული ვარ, აქციებში მონაწილეთა მნიშვნელოვან ნაწილს (განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და „შემოქმედით ინტელიგენციას"...) კანონპროეტქი წაკითხული არ აქვს, თუმცა, მზად არის „რუსული კანონი" აქტიურად გააპროტესტოს, ვინაიდან ინფორმაციას, ძირითადად, უცხოეთიდანავე დაფინანსებული ტელევიზიებიდან იღებს და, თვლის, რომ მის „გაევროპელობას" მხოლოდ ეს კანონი უშლის ხელს...

მეც ვთვლი, რომ „რუსული კანონის" მიღება აუცილებლობას არ წარმოადგენს და დროც არაგონივრულად არის შერჩეული, მაგრამ მაინტერესებს, როდესაც 1997 წლის 25 ნოემბერს, ღამის 11 საათზე, რუსი პროფესორის, იგორ პეტრუხინის მიერ მომზადებული (ნამდვილად რუსული და პოლიცია-პროკურატურის ინტერესებზე აშკარად მორგებული...) სისხლის სამართლის საპროცესო („რევოლუციური") კოდექსი მიიღო პარლამენტმა 25-მა „ელიტურმა" არასამთავრობო ორგანიზაციამ მისი ინიციატორი (სააკაშვილი) „წლის ადამიანად" რატომ აღიარა?! მაშინ რატომ არ გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში?!

მოქალაქეებს პარლამენტის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის რამდენიმე დღეში დაკანონებაც კი არ გაუპროტესტებიათ (არადა, ბიბლიაში წერია, მიწა არ უნდა გაიყიდოსო...), რაც აშკარად უცხოელების ინტერესებში განხორციელდა, ხოლო ქართველ მეცნიერებს განსხვავებული პოზიციის გამოთქმის საშუალებაც კი არ მიეცათ.

სააკაშვილმა სახელმწიფო სიმბოლოდ უცხოეთიდან „იმპლემენტირებული" პარტიული დროშაც რომ აშკარა კანონდარღვევით დაგვიდგინა, სახელმწიფო გერბზე წმინდანის გამოსახულებას მიმართულება შეუცვალა და ჰიმნიდან „საქართველო" ამოიღო, გააპროტესტა „მესამე სექტორმა"?!

„პროევროპელმა" პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ფაქტობრივად, „მოსამართლეთა კლანის" წარმომადგენელი რომ დანიშნა, „არასამთავრობოებმა" ვერ შენიშნეს, თუ ამ მიმართულებით დაფინანსება არ იყო გამოყოფილი?!

როგორც ჩანს, მორიგი „რევოლუციისთვის" ვემზადებით... არადა, დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ისევ უვხოური ფინანსების „მავნე გავლენის" გამო ვართ „პროევროპელებად" და „პრორუსებად" დაყოფილები, ხოლო „დემოკრატიუი აჯანყების" დროს მოქალაქეების ერთი ნაწილი „ეროვნულ მოძრაობას" იცავდა, მეორემ კი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება იარაღით განდევნა და სოროსის („ძირითადი სპონსორის") ვიზიტის მეორე დღესვე სკკს ცკ-ის ყოფილ მდივანს გადააბარა ქვეყნის მართვის სადავეები... 2003 წელს კი უკვე „შევარდნაძის რეჟიმის" დავამხეთ და დემოკრატიული წყობილების ნაცვლად, ფაქტობრივად, „რევოლუციით" (ლენინის აზრით „კანონით შეუზღუდავი ძალით"...) ფორმირებული პლუტოკრატია თუ „ენჯეოკრატია" მივიღეთ.

ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენიდან და ევროინტეგრაციაზე ორიენტაციის აღებიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგაც სახელმწიფოში იმ დონის სამართლებრივი ნიჰილიზმია გამეფებული, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, თუ რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო, დამუკიდებელი სასამართლო ან სამართლიანი არჩევნები, ვერ ერკვევა ადამიანის ძირითადი უფლებების არსში, არ არის ინფორმირებული საკანონმდებლო ორგანოს ძირითადი ფუნქციების და დეპუტატის შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე, ცხადი უნდა იყოს, რომ ე.წ. არასამთავრობოები და მედია (პირველ რიგში, ტელევიზიები) ძირითად დანიშნულებას ვერ ასრულებენ.

სამაგიეროდ, უცხოეთიდან დაფინანსებული ქართველები მზად არიან თანამემამულეები „ვიღაც მესამის" (ამჯერად, სწორედ რუსეთის) ინტერესებში ქუჩაში გამოიყვანონ და, ფაქტობრივად, ნებისმიერ საკითხზე დაუპირისპირონ ერთმანეთს. არადა, ამერიკელ ილონ მასკს ბერძნების გადაშენება აწუხებს, ხოლო საქართველოში შობადობა 100 000-დან (1988 წელს ) 40 ათასამდეა დასული (2023 წლს), სოფლებია დაცარიელებული და სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლოც კი „იმპორტირებული" გვაქვს (მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს „არაქართული და უკანონოაო!"), ჩვენი „სამოქალაქო აქტივისტები" კი, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად აცხადებენ მობილიზაციას, რისთვისაც მას „რუსულ კანონად" მოიხსენიებენ...

მაინტერესებს, თუ იციან, უკრაინაში რეალურად რა ხდება ან მსოფლიოში უდიდესი ატომური ელექტროსადგური რუსეთმა თურქეთში რომ ააშენა?! ერდოღანის მიერ შემოთავაზებული ექვსთა კავშირის ფორმატში მეზობელ სახელმწიფოებთან თუ არ დავსხედით სალაპარაკოდ (მით უმეტეს, არც აფსუა-აბხაზებს უძახიან და არც ოსებს...), მხოლოდ ახლახან „დამეგობრებული" რუსეთი და თურქეთი საქართველოს ტერიტორიის გადანაწილებაზე რომ შეთახმდნენ, ნატოს ჯარი დაგვიცავს თუ ევროკაშვირის ქვეყნები იარაღით მოგვამარაგენენ?!

ამდენად, თუ რეალურად გვინდა საქართველოს ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, პირველ რიგში, საზოგადოებაში ტოტალიტარიზმის დროიდან მყარად ფესგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმი უნდა დავძლიოთ და მომავალი პარლამენტი მაინც უნდა ავირჩიოთ, მეტი დაკვირვებით (სამართლიანი არჩევნებით), რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა მოქალაქეთა უმრავლესობისთვის მისაღები და გონივრული სამართლებრივი რეგულაციები მშვიდ (აკადემიურ) გარემოში დაადგინონ...

იმედი მაქვს, ჩვენი „არასამთავრობო ორგანიზაციებიც" და მედიასაშუალებიც გაიზრებენ, რომ მორიგმა „რევოლუციამ" მათ სიცოცხლესაც შეიძლება შეუქმნას რეალური საფრთხე (ნატყვიარები დღესაც შეიმჩნევა პარლამენტის შენობის ფასადზე) და რეალურად დაეხმარებიან ხალხს („ხელისუფლების წყაროს") „აღადგინოს სამართლიანობა" და კანონმდებლის უფლებამოსილება მიანდოს სამართლიანი პროცედურით არჩეულ, საზოგადოების ყველაზე ღირსეულ, პიროვნული და პროფესიული თვისებებით გამორჩეულ წარმომადგენლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპულ კავშირში გაწევრიანება კი არა, წინაპართა სისხლით დღემდე მოღწეული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება გაგვიხდება სანატრელი..

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე