რეზონანსი
(30.03.2024)

გიგის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და, მარიტა გუტაშვილი სტატუსს აქვეყნებს და დაბადების დღეს ულოცავს.

„გიგი, ნანატრი ოჯახის წევრი, რომელიც ამ ქვეყნად მოვლინებამდე უკვე ყველას უზომოდ გვიყვარდა (მისი და დედას სიყვარული და ურთიერთობა… უკომენტაროდ…) სიტყვებით ვერ გადმოვცემ მისი დაბადების შემდეგ ჩემს შინაგან ემოციებს.

არასდროს დამავიწყდება თოვლიანი 30 მარტი, როცა გიგი პირველად ვნახე (უჩვეულოდ და უზომოდ ბედნიერმა მამამ წამიყვანა მასთან). მას შემდეგ ჩემი გულის, გონების, სულის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მეგი დედას ვერ უყოფდა და უცხო, მოცუცქნული არსების სამშობიაროშივე დატოვებას დაჟინებით მოითხოვდა, მალე ეს ორიც სასწაული დუეტი გახდა. ყველა მაიმუნობა მეგიმ ასწავლა და…

გიგისნაირი ტკბილი, თბილი, მოსიყვარულე ადამიანი მგონია, რომ დედამიწაზე მეორე არ არსებობს.

11 წლით დიდი ვარ, მის აღზრდაში მაქსიმალურად ვიყავი ჩართული და არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ გამომიტოვებია ჩემი მოუცლელობის მოუხედავად. მაგრამ მაინც სულ იმაზე ვფიქრობ, ხომ არაფერი დავაკელი, როგორც უფროსმა დამ.

ძალიან სწრაფად გაიზარდა, გაზრდასთან ერთად ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობაც გაქრა. თვითონ სულ იძახდა, ოჯახში ჩვენ ორნი ერთმანეთს ვგავართო. ვიცი, ამაყობდა ჩემით და ვგრძნობდი, როგორ მოყვებოდა ჩემი და მეგის ნაკვალევს, ყველანი ერთად ბევრ საინტერესო რამესაც ვგეგმავდით…

შარშან „18 წლის ინდივიდი“ გახდა – ასე თვითონ ამბობდა. იცოდა, რომ უკვე დიდი ბიჭი იყო და ნელ-ნელა დებს სიყვარულით გვიბრუნებდა იმ ამაგს, რასაც ამდენი წელი იღებდა ჩვენგან.

2023 წლის 3 აგვისტომდე გიგის უბედნიერესი და ვიყავი. სწორედ ამ დღეს, სტიქიამდე სულ რაღაც 5 წუთით ადრე დედას ეროვნული გამოცდების ბოლო შედეგიც გააგებინა. ჩემთან მოწერა ვეღარ მოასწრო. იცოდა, როგორ ველოდებოდი, თან უნდა ეამაყა იმ ფაქტით, რომ მაჯობა. მაგრამ ვეღარ მოასწრო…

ვეღარ მოასწრო გაეგო, რომ რაიონში საუკეთესო სტუდენტიც გახდა.

19 წლის, კიდევ უფრო დიდო ინდივიდო.. დაბადების დღეს გილოცავ“ – წერს მარიტა გუტაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე