“შემოვარდა და ყვიროდა - სასწრაფოდ დაწექით ყველა ხელყუმბარა მაქვსო, ნამდვილად „ლიმონკა“ ეჭირა და თითი ჰონდა გაყრილი”
ელზა პაპოშვილი
(09.09.2021)


ბანკზე თავდასხმის და მძევლების აყვანის თრილერი გრძელდება -  თავდასხმის ობიექტი ისევ „საქართველოს ბანკი“  გახდა, ამჟამად შეიარაღებული პირი კახეთში ყვარლის ფილიალში შეიჭრა. მამაკაცი შუადღის 4 საათზე ხელყუმბარით  ბანკში შევარდა და ნახევარი მილიონი მოითხოვა. მასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. 

საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პირის ვინაობა ცნობილია. დაკავებულია თელაველი მზარეული, 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილი. 

მამაკაცმა 23-მდე მძევლის აყვანა შეძლო, თუმცა, რამდენიმე მათგანმა თავს გაქცევით უშველა. დანარჩენი კი პოლიციამ თავდამსხმელს მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლებინა. ერთი საათის შემდეგ პოლიციამ ბანკში მარტო დარჩენილი დამნაშავის უვნებლად აყვანა შეძლო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ქეთი კოვზიაშვილის განცხადებით, "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდასხმაზე საქმე 3 მუხლითაა აღძრული, დანარჩენ დეტალებზე კი უწყება მოგვიანებით გაავრცელებს განცხადებას. 

“გიდასტურებთ, რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, რომელიც იყო ბანკში და ჰყავდა მძევლები აყვანილი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველა მძევალი თავისუფალია, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს, დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით მოგახსენებთ. გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული,"-აცხადებს ქეთი კოვზიაშვილი. 

არსებული ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს ბანკის შენობა რამდენიმე მძევალმა დატოვა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ერთ-ერთი პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელისგან თავის დახსნა მოახერხა, შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“ ყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ხელში ხესლყუმბარა ეჭირა და ბანკში შესვლისას ყვირილი დაიწყო, რომ ყველა დაწოლილიყო.  შეშინებულმა ხალხმა და ბანკის თანამშრომლებმა ვინც მოასწრეს, ზოგი კარიდან გაიქცა, ზოგმაც თავს ფანჯრიდან გადახტომით უშველა. 

„არ ვიცი, სახე არ დაგვინახავს. შემოვარდა და ყვიროდა სასწრაფოდ დაწექით ყველა ხელყუმბარა მაქვსო. ხელში ნამდვილად „ლიმონკა“ ეჭირა და თითი ჰონდა გაყრილი. სხვა რამე შეიარაღება არ დამინახავს. ხალხმა ყვირილი ატეხა და პანიკაში ჩავვარდით. ვინც მოასწრო კარისკენ გაქცა, ზოგმაც თავს ფანჯრიდან გადახტომით უშველა. 

“ძირითადად თანამშრომლები დარჩნენ. სხვა არაფერი ვიცით. მხოლოდ იმას ყვიროდა, რომ ნახევარი მილიონი ფული მინდაო. გარეთ გამოქცეულებმა უკვე პოლიცია დავინახეთ და დაკითხვაზე გადაგვიყანეს“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი თვითმხილველი. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პირი, რომელიც დღეს, 9 სექტემბერს, ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, იდენტიფიცირებულია და ის საქართველოს მოქალაქეა. ჟურნალისტებთან გომელაურს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, არც ის დაუკონკრეტებია, იყო თუ არა თავდამსხმელი, ადგილობრივი მცხოვრები.

“დავაკავეთ, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია... თანხებს ითხოვდა, სხვადასხვა თანხებს ითხოვდა, ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს... ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავებულა... საქართველოს მოქალაქეა და კახეთის მცხოვრები. სხვა, სახელსა და გვარს რა მნიშვნელობა აქვს. ოპერაცია წარმატებით და მსხვერპლის აგრეშე დასრულდა",-თქვა გომელაურმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე