ელზა პაპოშვილი
(22.07.2021)


სასტიკი მკვლელობა ბათუმში - ძველ ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კაფეში 25 წლის მამაკაცმა 55 წლის დაცვის თანამშრომელი მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდები კაფეში ქეიფობდნენ და იმდენად ხმაურობდნენ, რომ იქ მყოფ სტუმრებს აწუხებდნენ. 

ასევე მათთან კონფლიქტში შესვლას ცდილობდნენ. ნასვამ ახალგაზრდებთან კი კაფეს მეპატრონის ბიძა მივიდა, რომელიც ასევე სტუმრების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი და სუფრასთან მსხდომებს სიმშვიდისკენ მოუწოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კაფეს დატოვება მოუწევდათ. 

ამაზე გაბრაზებულმა 25-წლამდე მამაკაცმა კი მას მუცლის არეში მოულოდნელად დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ კი მან და მასთან თანხლებმა ერთმა პირმა თავს გაქცევით უშველა. პოლიცია მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ხოლო მოგვიანებით ის ლერომონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. 

საქმის სავარაუდო მონაწილემ კი ადგილზე სპეცრაზმის მისვლის შემდეგ  თვითმკვლელობა სცადა.  ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოხტა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ლეიბის გაშლა მოასწრეს. შესაბამისად კაცი გადარჩა. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები აღენიშნება.  ის სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.    

„კაფეში ახალგაზრდები ქეიფობდნენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფები სტუმრებს და კაფის პერსონალს აწუხებდნენ. შარობდნენ და ყველასთან კონფლიქტში შესვლას ცდილობდნენ. 

“55 წლამდე დაცვის თანამშრომელი მათთან მივიდა და სიმშვიდისკენ მოუწოდათ. უთხრათ, თუ კი სიმშვიდის შენარჩუნება არ შეეძლოთ, მაშინ კაფე დაეტოვებინათ. ამაზე გაბრაზებულან და უთქვამთ ჩვენი კაფედან გაყრა გიდათ და არ გამოვაო. “შელაპარაკებისას 25 წლამდე ახალგაზრდამ დანა აიღო და მას მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა ისე სწრაფად მიაყენა, რომ მისი დახმარებაც ვერ შეძლეს. ამის შემდეგ ადგილიდან მეგობართან ერთად მიიმალა. თუმცა, პოლიციამ მისი იდენტიფიცირება და პოვნა შეძლო. როგორც ვიცით, ახლა დაკავებულია“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“    

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1996 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების შემდეგ დაცვის წევრის მიერ ბიჭის გარეთ გაყვანას მოჰყვა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.    

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე თემაზე: 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე