ელზა პაპოშვილი
(19.04.2021)


მკვლელობა მოხდა გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში - სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით საკუთარი ბაღიდან მოკლა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, 52 წლის ვალერი ნაცვლიშვილს 72 წლის  მეზობელი გამთენიისას ჩაუსაფრდა და ორჯერ ესროლა. მას ორივე ტყვია გულის არეში აქვს მორტყმული. 

დანაშაულის მიზეზად კი 2004 წელს დაწყებულ კონფლიქტს ასახელებენ, რომელიც ოჯახებს შორის დაიწყო. მაშინ, როდესაც დღეს მოკლულის ძმა იგივე ადამიანმა მოკლა. როგორც ოჯახი აცხადებს, მაშინაც მეზობელი ვალერი ნაცვლიშვილის ძმას დილით ჩაუსაფრდა და იგივე სიტუაციაში მოკლა. 

72 წლის მამაკაცი თავის შვილებთან ერთად ამ დანაშაულის გამო სასჯელს იხდიდა. ის ციხიდან რამდენიმე ხნის წინ ამინსტიით გამოვიდა. მოკლული ვალერი ნაცვლიშვილი ამ ფაქტს აპროტესტებდა და ამბობდა, რომ ის არ უნდა გათავისუფლებულიყო. მათ შორის კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რომელიც პოლიციამ განმუხტა. თუმცა, დღეს მათ შორის განახლებული დაპირიპირება ისევ მკვლელობით დასრულდა. 

ოჯახი ამბობს, რომ მამის ბრალი შვილებმა საკუთარ თავზე აიღეს და მისი გათავისუფლება მოხდა. ბრალდებული მამაკაცი კი ამტკიცებდა, რომ არც მას და არც მის შვილებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და მკვლელობას ტყუილად აბრალებდნენ. 

„ეს ადამიანი არის სერიული მკვლელი, რომელსაც ჩემი ოჯახის ამოწყვეტა აქვს განზრახული. ერთი ძმა 2004 წელს მომიკლა. დილით საქონელი გადევნა და იმასაც ასე ჩასაფრებით ესროლა. კარის მეზობლები არიან და ამდენი წელია სიცოცხლე გაგვიმწარეს. პოლიცია ხელს აფარებს, რადგანაც მათ ათას სიბინძურეს აკეთებინებს. 

“ამ მკვლელობის გამო სასჯელს ესეც და მისი შვილებიც  იხდიდნენ. მკვლელობა შვილებმა დაიბარლეს, არადა მკვლელი მამაა. ამის მერე კიდევ უფრო გადაგვეკიდა. ციხიდან ახლა ამინსტიით გამოვიდა. ვალერიმ ეს გააპროტესტა და ამის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგა და ახლა ეს მეორე ძმა ვალერი მომიკლა. 

“ამასაც ასე დილით გამთენიისას სახლის ეზოში ჩაუსაფრდა. ამასაც სანადირო თოფიდან ესროლა. მანიაკი და სერიული მკვლელია. რამდენიმე დღის წინ უდავიათ ისევ ჩემი მეორე ძმის მკვლელობის გამო. ეტყობა გულში ეს ჩაიდო და ამასაც განაჩენი გამოუტანა“, - ამბობს მოკლულის და „რეზონანსთან“. 

ჯერჯერობით ოჯახის მიერ დასახელებული პირის დაკავება არ მომხდარა. სავარაუდოდ, პოლიცია ადგილზე სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს აწრმოებს. უცნობია ჰყავს თუ არა გამოძიებას უკვე ეჭვმიტანილი და რა ვერსიას ამუშავებს. შსს-ში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. სოფელში ყვებიან, რომ ეჭვმიტანილი 75 წლის მამაკაცია. მკვლელობის ბრალდებით ისიც  ნასამართლევია. ის ციხიდან ახლახან  ამინსტიით გამოვიდა.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე