ია აბულაშვილი
(18.04.2021)


„რა დონეზე გათახსირდა ქვეყანა, რომ არ ერიდებიან ყველაფერი წყალში ჩაუყარონ კაცს, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა თეატრალურ სამყაროში. გამოდიან და ამბობენ - თეატრი დატოვოსო. ჰო, სულ დაიღუპება რობერტ სტურუა, თუ რუსთაველის თეატრიდან გააგდებენ, მთელი მსოფლიოა ჩასაფრებული, როგორმე წაიყვანონ და თავიანთ თეატრებში სპექტაკლი დაადგმევინონ“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მაყაშვილი-ზანგურის სკანდალს.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“  ყოფილი მეუღლე რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური ძალადაობაში დაადანაშაულა, რასაც სკანდალი და საზოგადოების პროტეტსტი მოჰყვა. ბესო ზანგური  რუსთაველის თეატრის ყველა სპექტაკლიდან მოიხსნა. გარდა ამისა, საზოგადოების ნაწილმა რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას თეატრიდან გათავისუფლება მოითხოვა, რომელმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყანაში მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულები არიან, რომ მიწასთან გაასწორონ პოპულარული ადამიანები. ჯერ იყო და ბასილაშვილს დაესხნენ თავს, შემდეგ - მერაბ კოკოჩაშვილს, ახლა - რობერტ სტურუა. რა დონეზე გათახსირდა ქვეყანა, რომ ყველაფერი წყალში ჩაუყარო კაცს, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა თეატრალურ სამყაროში. გამოდიხარ და ამბობ - თეატრიდან წავიდესო... ჰო, სულ დაიღუპება რობერტ სტურუა, მთელი მსოფლიოა ჩასაფრებული, რომ როგორმე ეს კაცი წაიყვანონ და თავის თეატრებში სპექტაკლები დაადგმევინონ. ან რა თქვა ასეთი?...

„მე ყველანაირ ძალადობას ვგმობ, მით უფრო ქალის მიმართ. კაცმა ცოლს შეურაცყოფა კი არ უნდ მიაყენოს, თავი უნდა გასწიროს მისი სიყვარულისთვის. მაგრამ ჯერ ხომ არავინ იცის სიმართლე? ხომ უნდა დადგინდეს მტყუან- მართალი...

„მართლა კანონი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. „აბობოქრებულების“ პარადია... რადგან ისინი ამბობენ, რომ ასე უნდა იყოს, მართლაც ასე უნდა იყოს... 

„ყველაფერზე გული მერევა. სიტყვა „გულწრფელობა“ შემძულდა, ყველა ის ლაპარკობს გულწრფელობაზე, ვინც მართლა არ არის გულწრფელი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე