რეზონანსი
(23.07.2021)


პარტია „გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ოპოზიცია მის თანაპარტიელ ვახტანგ მეგრელიშვილს დაასახელებს, „გირჩი"ოპოზიციის ახალ გაერთიანებას შეუერთდება. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა, „360 გრადუსSი" განაცხადა.

„თუ მერობის კანდიდატად ვახო მეგრელიშვილს დაასახელებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში", - ასე უპასუხა იაგო ხვიჩიამ ტელეწამყვანის კითხვას, შესაძლოა თუ არა "გირჩი" ახალ ოპოზიციურ პლატფორმას შეუერთდეს.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, იგი არ ფიქრობს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს მერის არჩევნებში მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას.

„რომ ვთქვათ, მელიაზე მეტი შანსი ჰქონდა ზურაბ ჯაფარიძეს, ეს არ იქნება სერიოზული", - აღნიშნა ხვიჩიამ.

„გირჩის" ლიდერის თქმით, ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერობაზე საერთო კანდიდატის დასახელება წამგებიანია, რადგან, მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" შანსი უჩნდება, პირველივე ტურში გაიმარჯვოს.

„არასწორი სტრატეგიაა მერობის ერთიანი კანდიდატით გასვლა კახა კალაძის წინააღმდეგ. სჯობს, ყველა პარტიამ დააყენოს კანდიდატი, რომ მეორე ტური გახდეს რეალისტური. ამან შეიძლება ოპოზიციის პირველივე ტურში წაგება გამოიწვიოს. თუ ორი კანდიდატი იქნება, პირველ ტურში ერთ-ერთი აუცილებლად მოიგებს. ამ წუთის მოცემულობით ვიცით, რომ ფავორიტი არის კახა კალაძე. ოპოზიციამ უნდა ისარგებლოს იმ შანსით, რომელიც შეიძლება გაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე